სამშაბათი
2025-07-01
3:47 AM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† სასწაულები †

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაული სირიაში
2004 წლის დეკემბერში დამასკო და საუდის არაბეთი სასწაულებმა შეძრეს
მოგვითხრობს ბეცახურის მონასტრის იღუმენი ეგნატე (მაცხოვრის საფლავის საძმო)
 
2004 წლის დეკემბერში ერთმა არაბმა, საუდის არაბეთიდან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს თავისი სასწაულებრივი გადარჩენის ამაღელვებელი ისტორია მოუთხრო (გადაიცა საუდის არაბეთში, პალეტინაში და ყველა მეზობელ ქვეყანაში ტელევიზიით, რადიოთი, დაიბეჭდა ჟურნალ-გაზეთებში, განთავსდა ინტერნეტში არაბულ ენაზე).

ეს არაბი რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა ერთ მდიდარ ქალზე, რომელიც უშვილო აღმოჩნდა. წლები გადიოდა, მაგრამ ცოლ-ქმარს შვილი არ უჩნდებოდა. მთელს საუდის არაბეთში ბევრ ექიმს მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. ვაჟს მშობლები კიდევ ერთი ცოლის შერთვას ურჩევდნენ, რადგან მამაკაცს მათი კანონი ოთხი ცოლის ყოლის უფლებას აძლევდა. არაბმა, ძალზე გადაღლილმა და გულგატეხილმა, ცოლთან ერთად მეზობელ სირიაში დასასვენებლად და გულის გადასაყოლებლად წასვლა გადაწყვიტა. დამასკოში მათ იქირავეს ლიმუზინი, რომლის მძღოლი გიდის მოვალეობასაც ასრულებდა. მას სთხოვეს, რომ სირიის ღირსშესანიშნაობები ეჩვენებინა. მძღოლმა ცოლ-ქმრის მოწყენილი და დარდიანი სახეები შენიშნა და ჰკითხა – მისი მომსახურებით ხომ არ იყვნენ უკმაყოფილონი. მაშინ მათ თავიანთი პრობლემის – უშვილობის შესახებ უამბეს. ამის გაგონებისას მუსულმანმა მძღოლმა უთხრა, რომ აქ, სირიაში, მართლმადიდებელ ქრისტიანებს აქვთ „სეინდანაღიას" (არაბულად ნიშნავს – ქალწულ დედოფალს) სახელობის მონასტერი, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს მორწმუნეები შვილის გაჩენას ევედრებიან. მონასტერში მათ აძლევენ ფითილს ამ სასწაულმოქმედი ხატის კანდელიდან და მაშინ, ქრისტიანების „მარია", მათივე რწმენისა და მისწრაფების შესაბამისად პასუხობს. არაბმა და მისმა ცოლმა მძღოლს „ქრისტიანების ქალწულთან" წაყვანა მოთხოვეს და თან აღუთქვეს, რომ თუკი ნატვრა აუხდებოდათ, მძღოლს 20000 დოლარს მისცემდნენ, ხოლო მონასტერს 80000 დოლარს შესწირავდნენ.

მივიდნენ მონასტერში და ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც მონაზვნებმა აუხსნეს. სახლში დაბრუნების შემდეგ ქალი დაორსულდა და ლამაზი და ჯანსაღი ბიჭი გააჩინა. მაშინვე, როგორც კი მეუღლემ იმშობიარა, არაბმა აღთქმის შესრულება გადაწყვიტა და სირიელ მძღოლს დაურეკა, რათა მას დამასკოს აეროპორტში დახვედროდა და მონასტერში წაეყვანა. მძღოლმა, შეტყობინებისთანავე, ბოროტი საქმე ჩაიფიქრა და თავის ორ თანამზრახველთან ერთად არაბის მოკვლა და გაძარცვა გადაწყვიტა, რადგანაც იცოდა, რომ მას მონასტრისთვის განკუთვნილი 80000 დოლარიც თან ექნებოდა. მართლაც ასე მოხდა. არაბს აეროპორტში დახვდნენ, მონასტრის ნაცვლად უკაცრიელ ადგილას წაიყვანეს და მოკლეს, შემდეგ კი მისი სხეული დაანაწევრეს: მოკვეთეს თავი, ხელები, ფეხები და მანქანის საბარგულში ჩააწყვეს, სხვა უკაცრიელ ადგილზე რომ დაემარხათ. გამოვიდნენ ცენტრალურ გზაზე, მაგრამ უეცრად ლიმუზინის ძრავა ჩაქრა და ისინიც მანქანიდან გადმოვიდნენ. ერთმა გამვლელმა მძღოლმა მანქანა გააჩერა, რომ მათთვის დახმარება გაეწია, მაგრამ ბოროტმოქმედებმა, იმის შიშით, რომ დანაშაული არ გამჟღავნებულიყო, ანიშნეს, რომ დახმარებას არ საჭიროებდნენ. თუმცა მძღოლმა საბარგულიდან ჩამოღვენთილი სისხლის წვეთები შეამჩნია და პოლიციას აუწყა. პოლიციაც თითქმის ხუთ წუთში ადგილზე გაჩნდა და ბოროტმოქმედებს საბარგულის გახსნა მოთხოვა. აკანკალებულმა მძღოლმა ახადა საბარგული და იქიდან სრულიად საღსალამათი არაბი გადმოვიდა. მანქანის საბარგული სისხლით იყო სავსე. ხოლო არაბს კისერზე და კიდურებზე ნაკერების კვალი ემჩნეოდა. გადმოსვლისთანავე არაბმა ყველას აჩვენა ნაჭრილობევის კვალი კისერზე და უთხრა: „…ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც მითხრა, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია – სხეულის ნაწილები მიმიკერა". ლიმუზინის მძღოლს და მის თანამზრახველებს ენა მუცელში ჩაუვარდათ, თვალებს არ უჯერებდნენ, ჭკუიდან შეიშალნენ და ყვიროდნენ: „…ჩვენ მოგკალით, ჩვენ აგკუწეთ, თავი მოგაჭერით და ეს შენა ხარ? შენ ადამიანი არა ხარ?". პოლიციამ მათ ხელბორკილები დაადო და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანა. თავად არაბი კი საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ექიმებმა და მეცნიერებმა წერილობით დაადასტურეს ეს ბრწყინვალე სასწაული. თვალნათლივ ჩანდა ძაფისა და გაკერვის კვალი. არაბი საქვეყნოდ, საინფორმაციო საშუალებებში აღიარებდა: რომ „ყოვლადწმიდამ გამიკერა სხეული და აღმადგინა მისი ძის ძალით", თან აღნიშნავდა, რომ მართლმადიდებლურად მონათვლის დიდი სურვილი აქვს.

ამ სასწაულის შესახებ სირიის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებას ხალხში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.
მკვდრეთით აღდგენილმა არაბმა ტელეფონით შეატყობინა თავის მეგობრებსა და ნათესავებს, რათა სირიაში ჩასულიყვნენ და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი მადლიერება გამოეხატათ. მართლაც, ყველანი ჩავიდნენ და არაბმა მადლიერების ნიშნად მონასტერს არა 80000, არამედ 800000 დოლარი შესწირა. დღეს იგი თავად უყვება ყველას ამ სასწაულის შესახებ და თხრობას ასე იწყებს: „…როდესაც მე მუსულმანი ვიყავი, ეს ამბავი შემემთხვა და მას შემდეგ არც მე და არც ჩემი ოჯახი მუსულმანები აღარა ვართ…"
ამ ფაქტმა არა მხოლოდ არაბეთის მუსულმანური ქვეყნები, არამედ მთელი ახლო აღმოსავლეთი შეძრა და ხალხის მღელვარება და გაოცება გამოიწვია. თუმცა, მიუხედავად ამისა, მუსულმანი რელიგიური ლიდერები ამ სასწაულის უარყოფასა და დაკნინებას შეეცადნენ, რათა მარადცოცხალი იესო ქრისტეს ეკლესიაში მუსულმანების მასობრივი გადასვლა თავიდან აეცილებინათ.
3 აგვისტო, 2005 წელი.
ახალბერძნულიდან თარგმნა ზურაბ ალასანიამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი", № 31, 2005 წ.
 
წმიდა დიდმოწამე გიორგის მიერ აღსრულებული სასწაულები
მეფის ასულის ხსნა.

ხოლო იმ დროს, როდესაც ქვეყანაზე ბრწყინავდა წმიდა გიორგი და ეს იყო მის წამებამდე, იყო ერთი ქალაქი, რომელსაც ლასია ეწოდებოდა. ამ ქალაქში მეფობდა სელინოსი, რომელიც იყო უკეთური, ურჯულო, კერპთმსახური, შეუბრალებელი და ულმობელი ქრისტიანების მიმართ. თავისი ბოროტი საქმეების შესაფერისად მიეგო კიდეც უფლისაგან. ქალაქის მახლობლად იყო ტბა, რომელშიც გამოჩნდა უზარმაზარი გველი, იგი ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან და მუსრს ავლებდა მოსახლეობას. მრავალჯერ სცადეს მისი მოკვლა, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ძალიან მძვინვარე იყო. ქალაქის მცხოვრებლებმა მეფე დაადანაშაულეს, რომ იგი არ ეძებდა ხსნის გზას თავისი ხალხის გადასარჩენად. ამგვარი მხილებით დამფრთხალმა მეფემ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა, თავიანთი შვილები რიგ-რიგობით მიეცათ მხეცისათვის შესაწირად და როდესაც ჯერ მასზე მიდგებოდა, ისიც შესწირავდა თავის ერთადერთ ასულს. მართლაც, მეფის განკარგულების თანახმად, ყოველი კაცი იძულებული იყო გაემეტებინა თავისი შვილი, ვიდრე მეფის ასულის რიგიც არ დადგა. დარდისგან შეწუხებულმა მამამ ძვირფასი სამოსით პატარძალივით მორთო სასიკვდილოდ განწირული თავისი ერთადერთი ასული და მოთქმითა და გოდებით უკანასკნელი თხოვნით მიმართა თავის ქვეშევრდომებს, რომ არც ოქრო-ვერცხლს დაინანებდა, არც საკუთარ მეფობას, ოღონდ მისი ქალიშვილისათვის აეცილებინათ ეს მძიმე ხვედრი, მაგრამ არავინ უთანაგრძნო, რადგან თვით მის მიერ იყო ეს წესი დადგენილი. სელინიოსმა, როცა იხილა მათი სიჯიუტე, მისცა მათ თავისი ასული. ხოლო კაცთმოყვარე და მრავალმოწყალე ღმერთის განგებულებით, დიოკლეტიანე მეფემ დაითხოვა ჯარი და სწორედ იმ დროს, როდესაც სამსხვერპლოდ გამზადებული ქალი ელოდა ტბიდან ვეშაპის გამოსვლას, უფალმა ინება, რომ იქ გაევლო კაბადუკიისკენ მიმავალ წმიდა გიორგის. მან ტბიდან წყალი შეასვა ცხენს და რა იხილა თვალცრემლიანი ქალიშვილი, ტირილის მიზეზი ჰკითხა. ქალმა სთხოვა უცნობ ჭაბუკს, სწრაფად გასცლოდა ამ საშიშ ადგილს, მაგრამ წმიდა გიორგიმ მტკიცედ განუცხადა, რომ იგი მაინც არ მიატოვებდა, თუნდაც მასთან ერთად მომკვდარიყო კიდეც. მაშინ ქალმა მოუთხო თავისი გასაჭირის შესახებ. წმიდა გიორგიმ ჰკითხა ქალს, თუ რომელ ღმერთს მსახურებდა მამამისი და მისი ქვეშევრდომები. „აპოლონს, ჰერაკლეს, სკამანდროს და დიდ ღმერთს არტემიდას", – უპასუხა ქალმა. როდესაც წმიდანმა გაარკვია მათი აღმსარებლობის წარმართული ბუნება, დაამშვიდა ქალი, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით იხსნიდა მას ბოროტი მცეხისაგან. მან მაცხოვრის მიმართ აღავლინა ლოცვა, რათა მხეცის დამარცხების ძალა მიენიჭებინა მისთვის და მიიღო კიდეც პასუხად უფლისაგან „შესმენილ იქნა შენი ვედრება, ჰყავ რაჲცა გნებავს, მე შენთანა ვარ".
უეცრად შეიძრა ლერწმოვანი. შიშით შეძრული ქალი მაინც ჭაბუკის გადარჩენას ცდილობდა და სთხოვდა „აქაურობას გაეცალეო". ხოლო წმიდა გიორგი ვეშაპის შესახვედრად გაეშურა, გამოსახა მასზე ჯვარი და თქვა: „უფალო ღმერთო, გადააქციე ეს მხეცი ჩემს მორჩილად". როგორც კი ეს თქვა, სულიწმიდის შეწევნით და მისი ლოცვით ბოროტი ვეშაპი დაეცა წმიდანის ფეხებთან. წმიდა გიორგიმ უბრძანა ქალს, შემოეხსნა თავისი სარტყელი, ყელზე მოება მხეცისათვის და ისე წაეყვანა ქალაქში. ამ სანახაობით დამფრთხალი ქალაქის მცხოვრებნი წმინდანმა დაამშვიდა და უთხრა: „იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი, ყოვლად ძლიერი და მე მოვკლავ ამ ვეშაპს, რომ მან არ დაგხოცოთ თქვენ".
მაშინ შეჰყვირეს მეფემ და მისმა ქვეშევდრომებმა: „გვწამს, მამა და ძე და სული წმიდა". წმიდა გიორგიმ იშიშვლა ხმალი, მოკლა ვეშაპი და ქალიშვილი მეფეს დაუბრუნა. ქალაქის მაცხოვრებლების დაემხნენ წმინდანის წინ და ჭეშმარიტი ღმერთი განადიდეს. მაშინ წმიდა გიორგიმ მოიწვია ეპისკოპოსი ალექსანდრე და ნათელი სცა მეფეს, დიდებულებსა და ერის დიდ სიმრავლეს. თხუთმეტი დღის განმავლობაში ორმოცდახუთმა ათასმა კაცმა ნათელ იღო. მეფემ ააშენა ძვირფასი ტაძარი ჭეშმარიტი ღმერთის სადიდებლად. როდესაც ტაძარი დასრულდა, წმინდანი შევიდა საკურთხეველში და აღმოადინა საკურნებელი წყარო.
სწორედ ამ სასწაულის აღსანიშნავად გამოსახავენ ხატებზე წმიდა გიორგის ცხენზე მჯდომარეს შუბით ხელში, რომელიც საზარელ მხეცს კლავს. დრაკონის მლახვრავი წმიდა გიორგის სახე არის ქრისტეს ეკლესიის ბოროტებაზე და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლო, ხოლო ხატი, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს კლავს, არის სიმბოლო ეკლესიის გამარჯვებისა მის ხილულ მტრებზე, მათზე, ვინც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა და ცდილობდა ჯალათის ხელით ადამიანთა გულებიდან ამოეგლიჯა ქრისტეს სახელი.

წმიდა გიორგის თანამებრძოლობა ქართველთა ლაშქარში
1121 წლის აგვისტო იდგა. ქვიშასავით მოადგა ურიცხვი მტერი თრიალეთს, მანგლისს, დიდგორს, „თჳთ ფერჴთა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა". წმიდა მეფე დავით აღმაშენებელმა წყნარად, უშფოთველად და ბრძნულად განაწყო სპა ისე, რომ არა მარტო გამარჯვებაზე იზრუნა, არამედ თავის მცირერიცხოვან მხედრობასაც გაუფრთხილდა.
ბრძოლის დაწყების წინ მეფემ სიტყვით მიმართა ლაშქარს: „ეჰა, მეომარნო ქრისტესნო", თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით, მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შევუტიოთ"…
უკან დახევაზე არც უფიქრია ვინმეს. მეფის გასაოცარმა საბრძოლო ტაქტიკამ მტერი შიშით გათანგა. მაგრამ რაც უფრო მნიშნვნელოვანია, „ჴელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდამო ფარვიდა მას და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თჳსითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა, რომელ თვით იგი უსჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისა".
დიდგორის ომმა დიდი ხნით და საფუძვლიანად გადაუტეხა ხერხემალი ქართველთა მტრებს.
წმიდა გიორგი იბრძოდა ხილულად ქართველთა ლაშქარში შაჰ-აბასის წინააღმდეგაც, XVII საუკუნეში. მემატიანე მოგვითხრობს, რომ „ცხადად იხილვებოდა მთავარმოწამე გიორგი ცხენსა ზედა სპეტაკსა ელვის სახედ მიმომსრბოლი წინამავალად მათდა".
 
შავნაბადას წმიდა გიორგი
წმიდა გიორგის სახელზე აგებული უამრავი ტაძრიდან ერთ-ერთი უძლიერესთაგანია შავნაბადას წმიდა გიორგის ეკლესია. მის შესახებ არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ, ურჯულო მტრის შემოსევისას, ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი დაბანაკებულა იმ მთის ძირში, რომლის წვერზეც წმიდა გიორგის ეკლესია იყო აგებული და გულმხურვალედ ევედრებოდა წმიდა მოწამეს შეწევნას მოსალოდნელ ბრძოლაში. გამთენიისას ყველამ იხილა მხედარი, რომელიც შურდულივით დაეშვა მთის წვერიდან, ეს იმდენად შთამბეჭდავი სახილველი იყო, რომ თავზარდაცემული მტერი გაიქცა. გამხნევებულმა ქართველმა მეომრებმა დაამარცხეს მტრის განახევრებული ლაშქარი. გამარჯვების შემდეგ სიმამაცით გამორჩეული მეომარი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა, მხედართმთავარმა შავი ნაბდით დაასაჩუქრა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი სულ მთლად გაბრწყინდა და ყველამ შეიცნო წმიდა გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას, შავნაბადას წმიდა გიორგის ეკლესიას

დიდმოწამე გიორგი ყრმას ტაძარში აცილებს
ღირსი თეოდორე სიკიოტელი (VII ს.) 10 წლისა იყო, როდესაც მასთან ყოველ ღამე დიდმოწამე გიორგი მოდიოდა, აღვიძებდა და ეუბნებოდა: „თეოდორე, უკვე გათენდა და დადგა დილის ლოცვების დრო, ადექი და წამოდი წმიდა გიორგის ტაძარში". ყრმა მყისვე სიხარულით დგებოდა. თავიდან წმიდა გიორგი ყრმას სტეფანეს (თეოდორეს ოჯახის წევრი) სახით ევლინებოდა, შემდეგ კი საკუთარი სახით ეცხადებოდა. ყოველდღე აღვიძებდა და აცილებდა ეკლესიისაკენ.
გზაში ეშმაკებს უნდოდათ ყრმის შეშინება, რისთვისაც ისინი მგლებად ან სხვა ცხოველებლად იქცეოდნენ და მისკენ მიემართებოდნენ, მაგრამ წმიდა გიორგი მიუძღოდა ბავშვს, ამხნევებდა და შუბით დევნიდა საშინელ მოჩვენებებს.
თეოდორეს ოჯახის წევრები დილით ვერ პოულობდნენ ბავშვს საწოლში. მოგვიანებით კი მიხვდნენ, რომ იგი ღამღამობით ეკლესიაში დადიოდა და უკვირდათ, რატომ ვერ იგებდნენ, თუ როდის დგებოდა ყრმა საწოლიდან.
დედას ეშინოდა, რადგანაც შეიძლებოდა, რომ ბავშვი მგელს შეეჭამა. ხმა დადიოდა, რომ ერთი მგელი იტაცებდა არა მხოლოდ საქონელს, არამედ პატარა ბავშვებსაცო. მზის ამოსვლამდე სახლიდან გასვლა სასტიკაც აუკრძალა დედამ შვილს. თუმცა ნეტარმა ყრმამ დედას ყური არ უგდო და წმიდა გიორგის მიერ გაღვიძებული ჩვეულებრივ დროს, წავიდა ეკლესიაში.
ერთხელ, გათენებისას, დედამ თეოდორე სახლში რომ ვერ ნახა, გაბრაზებული წავიდა ეკლესიაში, თმებით გამოიყვანა ყრმა, სახლში ჩაკეტა და აღარსად უშვებდა. საღამოს კი მაგრად გაკოჭა, რომ ვერსად წასულიყო.
ღამით თეოდორეს დედასა და ოჯახის სხვა წევრებსაც ხმალშემართული წმიდა გიორგი გამოეცხადათ, რომელიც იმუქრებოდა: „თავებს მოგკვეთთ, თუ ყრმას კიდევ სცემთ და ჩემთან მოსვლას დაუშლითო".
სიზმრისაგან შეშინებულმა ქალებმა ერთმანეთს უამბეს ნანახი და წმინდა დიდმოწამე გიორგის მუქარა. როდესაც გაიგეს, რომ ყველამ ერთიდაიგივე იხილა სიზმრად, უფრო შეშინდნენ, მყისვე გახსნეს ყრმა და ფერება დაიწყეს. შემდეგ დაინტერესდნენ, თუ რატომ არ ეშინოდა თეოდორეს მხეცებისა, როდესაც გათენებამდე ეკლესიაში მიდიოდა. ყრმამ უპასუხა: „ყოველ ღამეს ნათელი ყმაწვილი მაღვიძებს და ეკლესიაში მივყავარ, გზაზე კი საფრთხისაგან მიფარავს".
ოჯახის წევრები მიხვდნენ, რომ ყრმას ევლინება და მფარველობს წმინდა გიორგი. ამის შემდეგ ისინი წინააღმდეგობას აღარ უწევდნენ თეოდორეს, მთლიანად მიენდვნენ უფალს და ამბობდნენ: „დაე, იყოს ნება უფლისა!"
 
წმიდა ნიკოლოზის მიერ აღსრულებული სასწაულები
 
ერთხელ ერთი მორწმუნე წმიდა მოწამეების ბორის და გლების ნაწილებისა და წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ხატების თაყვანსაცემად ვიშგოროდში გაემგზავრა, თან წაიყვანა ცოლი და ძუძუმწოვარა ბავშვი. ისინი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდნენ. ცოლს ჩაეძინა და მძინარეს ხელიდან გაუვარდა ბავშვი, წყალში ჩაიძირა და მათი თვალთახედვიდან გაქრა. სასოწარკვეთილი მშობლები საშველად წმინდა ნიკოლოზს კარგა ხანს უხმობდნენ, მაგრამ საშველი რომ არ გამოჩნდა, სასოწარკვეთილნი შინ დაბრუნდნენ. წმინდა ნიკოლოზი კი დიდ სასწაულს ამზადებდა იმ ქალაქის მცხოვრებთათვის. ღამით მან ამოიყვნა დნეპრიდან ჩვილი და სოფლის ჩაკეტილ ეკლესიაში თავისი ხატის ქვეშ დააწვინა. ცისკარზე მნათე რომ შევიდა ეკლესიის ეზოში, ბავშვის ტირილი შემოესმა. უსაყვედურა დარაჯს:
- შენ რა ბავშვიანი ქალების სასტუმროდ აქციე ტაძარი?!
დარაჯმა მნათეს გაკვირვებულმა შეხედა და ჩაკეტილი კარზე მიუთითა. მაშინ ორივე შევიდნენ ტაძარში და სასწაულმოქმედი ნიკოლოზის ხატის წინ ნახეს მტირალა ჩვილი, რომლის სახვევებს ჯერაც ვერ მოესწრო გაშრობა. დილაადრიან მიტროპოლიტმა თავისი წარგზავნილების პირით ამცნო ბავშვის მშობლებს და მთელი ქალაქის მაცხოვრებლებს ეს ამბავი. ასე იპოვეს უკვე გამოტირებული ჩვილი მშობლებმა წმინდა ნიკოლოზის ხატთან.
წმიდა ნიკოლოზის მიერ მომავალი ბერის (გაბრიელის) გადარჩენა დახრჩობისაგან
საქართველოში ბევრისათვის არის ცნობილი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალული ბერი გაბრიელის საფლავი, რომელსაც მრავალი მორწმუნე ადამიანი მიეახლება რწმენითა და სასოებით.
 
მოგვითხრობენ შემდეგ ეპიზოდს მამა გაბრიელის ცხოვრებიდან:

ერთხელ, ახალგაზრდობაში, იგი მგზავრობდა გემით, რომელიც შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ მოცურავდა. მოულოდნელად ბორტს მიღმა აღმოჩენილი, იგი უფლის ნებას მიენდო. ტალღებმა ჩაითრიეს ჭაბუკის სხეული და ზღვაში დანთქმას იქადდნენ.
ამ დროს ზღვის ტალღებზე წამოიმართა მღვდელმთავრის ძვირფასი სამოსით შემოსილი სპეტაკი წვერით შემკული ადამიანი, რომელმაც მკაცრად მიმართა გემის კაპიტანსა და მის თანაშემწეებს:
- სად არის თქვენი სიფხიზლე და პასუხისმგებლობა, როდესაც თქვენი დაუდევრობით ზღვაში იხრჩობა ადამიანი?
მისი მითითებით კაპიტანმა სასწრაფოდ უხმო მეზღვაურებს, რომლებიც ნავში ჩასხდნენ და აჩქარებით მოისვეს ნიჩბებს.
მეზღვაურებმა ცოცხალ-მკვდარი ახალგაზრდა ნავში აიყვანეს და ნაპირზე გავიდნენ. როდესაც ხელოვნური სუნთქვით მოასულიერეს, მერეღა მოიკითხეს მისი მეოხმყოფელი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადარჩენილს უპოვეს მკერდზე ჩამოკიდებული წმიდა ნიკოლოზის ხატი, შეიცნეს მასში მშველელის ჭეშმარიტი ვინაობა.
 
წმინდა ნიკოლოზის ხატის მიერ მოხდენილი სასწაული

1938 წლის ზაფხულში შინსახკომის თამანშრომელი დიმიტრი ეფიმოვი სამუშაოდ მიავლინეს ნოვოდერევენსკის რაიონში. სოფელში მისთვის შესაფერი ბინის მოძებნა რთული აღმოჩნდა – მასზე ადრე ჩამოსულებს აქ ყველა ადგილი უკვე დაეკავებინათ. ადგილობრივი ადმინისტრაციის მუშაკებმა ერთი მარტოხელა ქვრივის სახლში გადაწყვიტეს ოთახის დაქირავება. მაგრამ ქვრივმა განაცხადა, რომ ოთახს არავის დაუთმობდა, რადგან იგი წმიდა ნიკოლოზს ჰქონდა დაკავებული. მას ოთახის გაღება უბრძანეს და როცა შევიდნენ, იხილეს ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის უზარმაზარი, იატაკიდან თითქმის ჭერამდე აზიდული ხატი. იგი აიღეს და საბრალო ქალის თხოვნა-მუდარის მიუხედავად სარდაფში ჩაიტანეს. ბოლოს ქვრივმა თქვა, რომ უსარგებლოდ ირჯებოდნენ, რადგან წმიდა ნიკოლოზი მაინც არავის დაუთმობდა თავის ოთახს. მას სიცილი დააყარეს. დიმიტრიმ შეიტანა ოთახში ნივთები, ოთახი ჩაკეტა და სამუშაოდ წავიდა.
იდგა ივნისის უღრუბლო დღე. უეცრად გაისმა ჭექა-ქუხილი და გაიელვა. დიმიტი მივარდა ფანჯარასთან და დაინახა, რომ იწვოდა ქვრივის სახლი. სასწრაფოდ მიირბინა შემთხვევის ადგილზე და თვითმხილველთაგან გაიგო, რომ მცირე, მუჭისხელა ღრუბლიდან გამოვარდა მეხი, რომელიც სწორედ მის მიერ დაქირავებულ ოთახს დაეცა. ამგვარად, წმიდა ნიკოლოზმა არავინ დაუშვა თავისი ხატის სამყოფელში. სახლი დაიწვა, ხატი კი უვნებელად გადარჩა. ქვრივმა მიიღო დაზღვევის თანხა, ააშენა ახალი ქოხი და მადლობდა წმიდა ნიკოლოზს წყალობისა და ნუგეშისათვის.
წმიდა ნიკოლოზისთვის აღთქმული შესაწირი
ერთი კეთილმორწმუნე კაცი გულმოდგინედ ევედრებოდა წმიდა ნიკოლოზს ცოლის უნაყოფობისგან განკურნებასა და შვილოსნობის უნარის მონიჭებას და აღუთქვამდა, რომ შვილთან ერთად მისი სახელობის ტაძარს ოქროს ჭურჭელს შესწირავდა. მისი ლოცვა შეისმინა სახიერმა მეოხმა და მოკლე ხანში მას ძე მისცა. მადლიერმა მამამ გაიხსენა თავისი აღთქმა და ოქრომჭედელს შეუკვეთა ოქროს ჭურჭელი. მაგრამ როდესაც ჭურჭელი ჩამოისხა, ამ კაცს ძლიერ მოეწონა იგი და თავისთვის დაიტოვა, ოქრომჭედელს კი წმიდა ნიკოლოზის ტაძრისთვის სხვა ჭურჭლის ჩამოსხმა სთხოვა. როდესაც ისიც მზად იყო, მან წაიღო ორივე ჭურჭელი, თან იახლა ძე და ხომალდით გაემგზავრა წმიდა ნიკოლოზის ტაძრისაკენ. მოგზაურობის დროს მოხდა უბედური შემთხვევა: მამის ბრძანებით ყრმა წყლის მოსატანად წავიდა, მაგრამ ჭურჭელთან ერთად ზღვაში გადავარდა და დაიხრჩო. ეს იყო სწორედ ის ჭურჭელი, რომელიც ბავშვის მამას დაენანა წმიდა ნიკოლოზისთვის შესაწირად.
მამამ ცხარე ცრელმებით დაიტირა თავისი ძის უდროო სიკვდილი და მარტომ განაგრძო გზა, რადგან ეწადა წმინდანისთვის მიცემული აღთქმის შესრულება. მან მშვიდობით მიაღწია წმიდა ნიკოლოზის ტაძარს, თაყვანი-სცა მღვდელმთავრის ხატს და ჭურჭელი ხატის წინ დადგა. მაგრამ უხილავმა ძალამ ჭურჭელი ტაძრის შუაგულში გადააგდო. მან ხელმეორედ დადგა ჭურჭელი ხატის წინ, მაგრამ ისევ წარუმატებლად: უხილავმა ძალამ ჭურჭელი ტაძრის შუაგულში მოისროლა. ამ ამბავმა ყველა გააოცა; ვერავინ ხვდებოდა, რას ნიშნავდა ეს. მოულოდნელად ტაძარში გაჩნდა ყრმა, რომელსაც ხელში ჭურჭელი ეკავა და იქ მყოფთ უამბო, რომ ზღვაში დახრჩობისაგან იგი დაიფარა ქრისტეს მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა. მამამ მადლობა შესწირა წმიდანთა შორის დიდებული უფალს, წმიდა ნიკოლოზის ტაძარს ორივე ჭურჭელი შესწირა და ძესთან ერთად შინ მშვიდობით დაბრუნდა.
 
მარმარილოს ქანდაკად ქცეული ქალიშვილი

(1956 წელს ქ. სამარაში მომხდარი ფაქტის შესახებ)
ეს ამბავი სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს გადახდა თავს 1956 წელს
ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს ახალი სტილით, მისმა ქალიშვილმა, სახელად ზოიამ, თავისი შვიდი მეგობარი გოგონა და ახალგაზრდა ყმაწვილები დაპატიჟა წვეულებაზე, სადაც დროსტარებასთან ერთად საცეკვაო გართობებიც ჰქონდათ გათვალისწინებული. რაკიღა შობის მარხვა იდგა, დედამ თხოვა ზოიას, ხმაურიანი ლხინი არ გადაეხადა, მაგრამ ქალიშვილმა დაიჟინა და თავისი გაიტანა. საღამოს დედა ეკლესიაში წავიდა ლოცვაზე.
სტუმრები თითიქმის უკლებლივ მოვიდნენ, მაგრამ ზოიას საქმრო, სახელად კოლია, არ ჩანდა. ახალგაზრდებმა მას აღარ დაუწყეს ლოდინი და დაიწყეს საცეკვაო სამზადისი. გოგო-ბიჭები დაწყვილდნენ, ზოია კი კენტად დარჩა. ამით განაწყენებულმა, მან კედლიდან ჩამოხსნა წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი და განაცხადა: „რაკი ჩემი ნიკოლოზი არ მოვიდა, ამ ნიკოლოზს ჩავკიდებ ხელს და მასთან ვიცეკვებ!” გოგონებმა თხოვეს, არ ჩაედინა ამგვარი მკრეხელობა. მან კი უპასუხა: „თუ ღმერთი არსებობს, იგი დამსჯის!”
ჩართეს საცეკვაო მელოდიები და ჯერ ხეირიანად არც კი აჰყოლოდნენ ცეკვის ტაქტს, რომ ოთახში ანაზდად წარმოუდგენელი გრიალი გაისმა, შუაგულიდან ქარბორია ავარდა და მთელი ოთახი ელვისებურმა კაშკაშა შუქმა გაანათა. მხირულება უეცარმა ელდამ შეცვალა. შიშისაგან თავზარდაცემულნი, ყველანი გავარდნენ ოთახიდან. მხოლოდ ზოია ვერ დაიძრა ადგილიდან. იგი ოთახში დარჩა, იატაკს მიყინული, მარმარილოსავით ცივი და გაქვავებული, გულში ჩაკრული წმიდა ნიკოლოზის ხატით. გამოძახებაზე მისული ექიმების ვერანაირმა მცდელობამ ვერ მოიყვანა ქალიშვილი გონს. ყველა ნემსი, რომელთა გაკეთებასაც ექიმები ცდილობდნენ, ტყდებოდა და იღუნებოდა ზოიას მარმარილოს სხეულზე. უნდოდათ მისი საავადმყოფოში გადაყვანა, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს – ფეხებით თითქოს შეზრდოდა იატაკს, მხოლოდ გული უცემდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ ზოია ფიზიკურად ცოცხალი იყო, მაგრამ ამ დროიდან მას უკვე აღარც სმა შეეძლო და აღარს ჭამა
როდესაც დედა ეკლესიიდან დაბრუნდა და თავისი ქალიშვილი ამგვარ ყოფაში იხილა, გონება დაკარგა და საავადმყოფოში წაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე დღეში გამოწერეს. უფლის გულმოწყალებისადმი მისმა რწმენამ და ღმერთისადმი აღვლენილმა მხურვალე ლოცვებმა, შვილისათვის ტანჯვათა შემსუბუქების თხოვნით, მის ქალიშვილს აღუდგინა სასიცოცხლო ძალა. იგი ცრემლებით თხოვდა ღმერთს პატიებას და დახმარებას.
პირველ დღეებში სახლი ფუტკრების სკას წააგავდა – უამრავი ხალხი ირეოდა მის გარშემო; საიდან აღარ მოდიოდნენ მორწმუნენი, ცნობისმოყვარენი, სასულიერო პირები. მაგრამ მალე, ხელისუფლების ორგანოების განკარგულებით, შენობაში შეღწევის ყოველგვარი საშუალება აღკვეთილ იქნა გარეშე მნახველებისათვის. დაწესდა მორიგეობა და ყოველ 8 საათში ერთხელ იცვლებოდა ორი მილიციელი. ამ მორიგეთაგან (რომელთა შორის იყვნენ 28-32 წლის ახალგაზრდები) მრავალი გაჭაღარავდა იმ შემზარავი სურათის მხილველნი, როდესაც ზოია საშინელი ხმით გაჰყვიროდა: „ – დედა, ილოცე; ცოდვებში ვიღუპებით, ილოცე!” ამ დროს მის გვერდით მდუღარე ცრემლების ფრქვევით ლოცულობდა დედამისი.
მოგვიანებით ზოიასთან დაშვებულ იქნა რამდენიმე ადამიანი. მოსკოვიდან ჩემოვიდა მედიცინის პროფესორი, რომელმაც დაადასტურა, რომ ზოიას გულისცემა არ შეწყვეტილა გარეგნული გაშეშებისა და გაქვავებულობის მიუხედავად. დედის თხოვნით მოწვეულ იყვნენ სასულიერო პირები, რათა ზოიას ხელიდან გამოეხსნათ წმიდა ნიკოლოზის ხატი, მაგრამ მათ ვერ შეძლეს გამოეცალათ ხატი მისი გაქვავებული ხელისგულებისთვის. ქრიტეშობის დღესასწაულზე ჩამოვიდა მღვდელმონაზონი სერაფიმე, რომელმაც აღავლინა ლოცვა, აკურთხა ოთახი, რის შემდეგაც მას მინებდა ზოიას ხელები და ხატს, სათანადო პატივის მიგების შემდეგ, პირვანდელი ადგილი მიუჩინეს. ბერმა ბრძანა: „ახლა დაველოდოთ უფლის ნიშანს, რომელსაც იგი მოგვივლენს დიდი დღესასწაულისთვის (ე.ი. აღდგომისათვის). თუ ეს არ მოხდა, მაშ, ახლო ყოფილა ქვეყნის აღსასრული”. იგივე გაიმეორა მოსკოვის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმაც.
ხარების დღესასწაულის წინ მოვიდა ერთი სათნო გამომეტყველების მოხუცი და ზოიასთან შეშვება ითხოვა, მაგრამ მილიციელებისაგან ცივი უარი მიიღო. იგი მეორე დღესაც მოვიდა, მაგრამ ახლა უკვე სხვა მორიგეებმა არ დართეს შესვლის ნება. მესამედ, უკვე უშუალოდ ხარება დღეს, მორიგეებმა შეუშვეს და მათ ყურს მისწვდა, თუ როგორ ეუბნებოდა იგი ზოიას დაყვავებით: „რაო, მოგბეზრდა დგომა?”
გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც მორიგეებს სურდათ უკან გამოესტუმრებინათ მოხუცი, იგი მათ აღარ დახვდა (ყველანი დარწმუნებულნი არიან, რომ ეს იყო თვით საკვირველმოქ