სამშაბათი
2024-03-19
12:37 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მარხვის არსი †

მარხვა
მარხვის არსი და მნიშვნელობა

ღვთის რწმენა და სიყვარული ყოველ ადამიანს გულში უნდა ჰქონდეს დამარხული; მაგრამ რწმენა და სიყვარული მაშინ ხდება ცხოველი (ცოცხალი), როდესაც მათი გამოვლინება ხდება საქმით. ერთ-ერთი ამგვარი საქმეთაგანია, როცა ჩვენ ღმერთის ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის საპასუხოდ ჩვენ ამქვეყნიურ სიამეებს – საჭმელს, გართობას, შვებას ცოტათი მოვიკლებთ და ვიქნებით თავშეკავებულნი. ამას ეწოდება მარხვა. ამ აზრით გონიერი ადამიანი, ლოცვის მსგავსად, სულ მარხვაში უნდა იყოს (იყვნენ და არიან კიდეც ასეთი წმიდა მამები), მაგრამ, საზოგადოდ, ადამიანს. თავისი დაცემული, უძლური ბუნების გამო, არ შეუძლია გამუდმებული თავშეკავება. ამიტომ ეკლესიამ დაადგინა გარკვეული დრო და ფორმა თავშეკავებისა ანუ მარხვისა, რომლის დაცვა, თავდაპირველად თუნდაც მექანიკური და იძულებითი, არის საწინდარი იმისა, რომ ოდესმე შევძლებთ ჭეშმარიტ მარხვასა და თავშეკავებულ ცხოვრებას.


ხანგრძლივი მარხვები

წელიწადში დაწესებულია ოთხი ხანგრძლივი მარხვა, რომელიც წინ უძღვის ოთხ დიდ დღესასწაულს.

ა) დიდი წმიდა მარხვა – ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ;
ბ) საშობაო მარხვა – ქრისტეს შობის წინ;
გ) მარიამობის მარხვა – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების წინ;
დ) პეტრე-პავლობის მარხვა – მოციქულთა თავთა – წმ. პეტრეს და წმ. პავლეს დღესასწაულის წინ.

ა) დიდი წმიდა მარხვა ამათგან ყველაზე ხანგრძლივი და საპასუხისმგებლოა. იგი აღდგომის წინ 49 დღით ადრე იწყება და აღდგომის დღესასწაულამდე გრძელდება;
ბ) შობის მარხვა გრძელდება 28 ნოემბრიდან 7 იანვრამდე, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს ხორციელად დაბადებას (7 იანვარი სინამდვილეში არის 25 დეკემბერი იმ ძველი და ჭეშმარიტი კალენდრით, რომლითაც სარგებლობს ჩვენი ეკლესია);
გ) მარიამობის მარხვა ორკვირიანია და გრძელდება 14 აგვისტოდან 28 აგვისტომდე, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს – მის მიძინებას.
დ) პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა ცვალებადია 9 დღიდან თვენახევრამდე. ეს იმიტომ ხდება, რომ მისი დასასრული უძრავია, დასაწყისი კი – მოძრავი და უკავშირდება სულთმოფენობის დღესასწაულს, რომელიც, თავის მხრივ, აღდგომის დღესასწაულზეა დამოკიდებული (აღინიშნება აღდგომიდან 50-ე დღეს).
პეტრე-პავლობის მარხვა იწყება სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ და მთავრდება 12 ივლისს (ახ. სტილით), როდესაც ეკლესია იხსენიებს თავთა მოციქულთა – წმ. პეტრესა და წმ. პავლეს.


ერთდღიანი მარხვები

განსაკუთრებულ დღეებში ეკლესიამ დაგვიდგინა ერთდღიანი მარხვები:

ა) ყოველი კვირის ოთხშაბათი და პარასკევი გარდა მსგეფსისა, რადგან ოთხშაბათს იუდამ გასცა იესო ქრისტე, პარასკევს კი ქრისტე ჯვარს აცვეს;
ბ) ნათლისღების წინა დღე – 18 იანვარი (ახ. სტილით);
გ) წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე – 11 სექტემბერი (ახ. სტილით);
დ) ჯვართამაღლება – 27 სექტემბერი (ახ. სტილით).


მსგეფსი

წლის განმავლობაში არსებობს რამდენიმე განსაკუთრებული კვირა ანუ შვიდეული, როდესაც ოთხშაბათი და პარასკევი არასამარხვო დღეებია, ანუ ხსნილია. ასეთ შვიდეულს ეწოდება მსგეფსი (ძველ ქართულში ეს სიტყვა ზოგადად შვიდეულის აღსანიშნავად იხმარებოდა, მიუხედავად ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვა-გახსნილებისა, დღეს კი მან იმ კვირის მნიშნველობა შეიძინა, რომელშიც ყველა დღე ხსნილია). წელიწადში ასეთი მსგეფსი ხუთია:

ა) შობიდან ნათლისღებამდე – 25 დეკემბრიდან (7 იანვარი) 4 (17) იანვრამდე;
ბ) მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული – დიდი მარხვის დაწყების წინ მესამე კვირა;
გ) ყველიერის შვიდეული – დიდი მარხვის წინ ბოლო კვირა; ხსნილია ყველითა და კვერცხით;
გ) ბრწყინვალე შვიდეული – აღდგომის შემდეგი კვირა;
დ) სულთმოფენობის შვიდეული - სულთმოფენობის დღესასწაულის მომდევნო კვირა. 
ოთხი უკანასკნელი მსგეფსის თვე და რიცხვი ყოველწლიურად საეკლესიო კალენდარში უნდა მოიძებნოს.


როგორ ვიმარხულოთ პრაქტიკულად

მარხვის დროს ადამიანმა არ უნდა მიიღოს გარკვეული სახის საკვები: ხორცეული (ცხოველი, ფრინველი), რძის ნაწარმი (რძე, მაწონი, ხაჭო, ყველი, არაჟანი, კარაქი) და კვერცხი.
შეიძლება: პური, მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული და თაფლი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციულად არსებობს მარხვის შენახვის საყოველთაო წესები, რომელიც საერთოა ყველა ავტოკეფალიური ეკლესიისათვის ყველა ეპოქაში, მაგრამ არსებობს გარკვეული საზღვრები, რომლებშიც შეიძლება იცვლებოდეს მარხვის სიმკაცრე გეოგრაფიული მდებარეობისა თუ კონკრეტული ვითარების მიხედვით (ძირითადად ეს ეხება თევზის მიღებას მარხვისას და მძიმე მარხვის შენახვას). არსებობს აგრეთვე ადგილობრივი ეკლესიის ტრადიციები (მაგალითად, ჩვენ ფერისცვალებამდე ვერიდებით ყურძნის და ზოგიერთი სხვა ხილის ჭამას და სხვ.)

რაც შეეხება თევზს, იგი საზოგადოდ სამარხვო საჭმელად ითვლება, მაგრამ მისი მიღება-არმიღების საკითხი მარხვის სიმკაცრეზეა დამოკიდებული. ასევეა ღვინოც. მიუხედავად მისი მცენარეული წარმოშობისა, იგი სახსნილო პროდუქტად ითვლება და, თუ ხსნილში თრობა არ შეიძლება, მარხვაში მისი მიღება მხოლოდ მცირე რაოდენობითაა დასაშვები და ისიც – შაბათ-კვირას.
საერთოდ კი, ყოველ კონკრეტულ დროსა და ადგილას მარხვის სიმკაცრეს განსაზღვრავს ადგილობრივი ეკლესიის მამამთავარი.


როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე, თუ რაიმე მიზეზით მარხვის შენახვა არ შეუძლია

ხანდახან ხდება, რომ ადამიანს მარხვის შენახვა უჭირს: ან ძალიან დასუსტებულია, ან ხნიერია, ან ავადაა და ექიმმა სპეციალური დიეტა დაუნიშნა. ასეთ შემთხვევაში არასამარხო პროდუქტის მიღება მარხვის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ მორწმუნე აიღებს ლოცვა-კურთხევას, რომელსაც იძლევა ან მღვდელმთავარი, ან მღვდელი. ამ ლოცვა-კურთხევის ძალით მორწმუნემ შეიძლება მიიღოს რძის ნაწარმი და ხორციც კი, თუ ეს აუცილებელია.

მარხვის შენახვა არაა სავალდებულო აგრეთვე ბავშვებისთვის 12 წლის ასაკამდე. თუ მშობლებს მაინც უნდათ ბავშვი თავიდანვე შეაჩვიონ მარხვას, ვურჩევთ ასე განსაჯონ: ბავშვისათვის ყოველდღიურად ხორცის მიღება არათუ სავალდებულო არ არის, არამედ მავნებელიცაა. ამიტომ მისი რეჟიმი ისე უნდა განვსაზღვროთ, რომ ხორცისაგან განტვირთვის დღეები იყოს ოთხშაბათი და პარასკევი.

ეპისკოპოსი ნიკოლოზი „წესი ქრისტიანის ცხოვრებისა", თბილისი, 1998 წ


† რისთვისაა საჭირო მარხვა †

პირველი მცნება, რომელიც ღვთის მიერ კაცობრიობას მიეცა, სწორედ მარხვას მიემართება. მარხვა აუცილებელი იყო ჩვენთვის სამოთხეში, ცოდვით დაცემამდე, და მით უფრო აუცილებელია ახლა, სამოთხიდან განდევნის შემდეგ. ჩვენ უნდა ვიმარხულოთ, რათა აღვასრულოთ ღვთის მცნება. ბიბლიის მრავალ წიგნშია მითითებული მარხვის მნიშვნელობა, მაგალითად, წინასწარმეტყველ იოველის წიგნში ნათქვამია: „ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემსკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით. გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი... ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დათქვით მარხვა და გამოაცხადეთ ჯარობა" (იოველი 2, 12-15).

უფალი ბრძანებს, რომ ცოდვილმა ადამიანებმა უნდა იმარხულონ, თუკი მისი წყალობის მიღება სურთ. ტობითას წიგნში ანგელოზი ეუბნება ტობიას: „სიკეთეა ლოცვა მარხვით, მოწყალებით და სამართლიანობით. სჯობს მცირედი და სამართლიანობით, ვიდრე მრავალი და უსამართლობით" (ტობ. 12, 8).

ივდითის წიგნში წერია, რომ იოაკიმემ მოიარა მთელი ისრაელის ერი და ამბობდა, რომ უფალი შეისმენდა მათ ლოცვებს, თუკი ისინი მარხვასა და ლოცვაში იქნებოდნენ.

წმიდა იონა წინასწარმეტყველის წიგნში ნათქვამია, რომ ნინეველთა მეფემ როგორც კი გაიგონა იონას წინასწარმეტყველება, რომ თუ არ შეინანებდნენ, ქალაქი დაიღუპებოდა, მათ თავის მოქალაქეებს მარხვა დაუწესა, თანაც ისე, რომ საქონელისთვისაც არ მიეცათ საკვები სამი დღის განმავლობაში.

თავად მაცხოვარიც მარხულობდა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე. „ქრისტე ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ ნიმუში, რათა მისდიოთ მის კვალს" (1 პეტრ. 2, 21) - გვეუბნება პეტრე მოციქული და მოგვიწოდებს, ჩვენც ძალისაებრ ჩვენისა, დავიცვათ მარხვა.

მათეს სახარებაში მოხსენიებულია, რომ როცა იესო ქრისტემ ეშმაკეული განკურნა, მოციქულებს უთხრა: ეს მოდგმა მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება (მთ. 17, 21).

მარხულობდნენ წმიდა მოციქულებიც: „ვიდრე მსახურობდნენ უფალს და მარხულობდნენ... მარხვას და ლოცვას რომ მორჩნენ, დაადეს მათ ხელნი, და გაუშვეს" (საქმე მოციქულთა 13, 2-3).

წმიდა პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში ღვთივსათნო საქმეთა შორის მარხვასაც მოიხსენიებს „მღვიძრებაში, მარხვაში..." (2 კორ. 6, 5). და შემდეგ, იხსენებს რა თავის ღვაწლს, ამბობს: „ერთთავად გზაზე ვიყავ გაკრული... მრავალგზისი მარხვით, სიცივით და სიშიშვლით"... (2 კორ. 11, 27).

„ქრისტიანისათვის მარხვა აუცილებელია იმისთვის, - წერს წმიდა იოანე კრონშტადტელი, - რომ განანათლოს გონება, გააღვიძოს და გააღვივოს გრძნობები და ნებას კეთილი ღვაწლისაკენ უბიძგოს. ჩვენში არსებულ ამ სამ უნარს ყველაზე მეტად ჩვენვე ვაბნელებთ და ვთრგუნავთ (ლკ. 21, 34), ამის შედეგად კი ცხოვრების სათავეს - ღმერთს ვშორდებით, ხრწნასა და ამაოებაში ვვარდებით, საკუთარ თავში ვრყვნით და შეურაცხვყოფთ უფლის ხატებას. გემოთმოყვარება და გაუმაძღრობა მიწისკენ მიგვაქცევს და ჩვენს სულს ფრთებს აკვეცს. არადა, რაოდენ მაღლა მიისწრაფიან მმარხველი ადამიანები! როგორც არწივნი, ზეცას მიელტვიან, გონებითა და გულით ზეცაში ცხოვრობენ და ასე სწავლობენ ღვთაებრივ სიბრძნისმეტყველებას უმარხველობა ხელს გვიშლის, რომ გვიყვარდეს უფალი და მოყვასი, ვასრულებდეთ უფლის მცნებებს.

ვინც მარხვას უარყოფს, ის ივიწყებს, თუ რის შედეგად მოხდა პირველი ადამიანების ცოდვით დაცემა და რა იარაღზე მიგვითითა უფალმა ცოდვით დაცემის წინააღმდეგ საბრძოლველად მაშინ, როცა თავადვე მარხულობდა უდაბნოში. ასეთმა კაცმა ან არ იცის, ან არ სურს იცოდეს, რომ ადამიანი ღმერთს ყველაზე ხშირად სწორედ თავშეუკავებლობის გამო შორდება, როგორც ეს სოდომ-გომორის მკვიდრთ და ნოეს თანამედროვეებს დაემართათ, ვინაიდან ამ ვნებისაგან გამომდინარეობს ყოველგვარი ცოდვა და ცოდვით დაცემა.

მარხვა აუცილებელი საშუალებაა ჩვენი განწმენდისა და ღმერთთან ერთობისათვის. იგია საშუალება იმისა, რომ თანაზიარ ვექმნეთ უფალს.

რადგან არ ვმარხულობდით, სამოთხიდან გამოგვაძევეს! ამიტომ ვიმარხულოთ, რათა კვლავ დავბრუნდეთ სამოთხეში (წმიდა ბასილი დიდი).

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი", № 44 (302), 2004 წ.



† როგორ იცავდნენ მარხვას საქართველოს მეფენი †

ათას ხუთასი მეტანიით მოპოვებული მადლი

წმიდა მეფე დემეტრე თავდადებულზე ჟამთააღმწერელი გვამცნობს: ახალგაზრდა მეფეს „ამას თანა მოეგო მარხულობა, ღამით ლოცვა და მუხლთყრა ფრიადი, რამეთუ ათას ხუთასი მუხლი მოადგის მდაბლად მიწასა ზედა, ესრეთ ყოვლითურთ განშვენებული და განათლებული იყო". სამწუხაროდ შემდგომ მეფე „სისრულისაგან მცირედ მიდრკა და აღერია წარმართთა და ისწავლა საქმენი მათი უძღებებისა და სიძვისა". და მოუყვანა სამი ცოლი. ნიკოლოზ კათოლიკოსი დღენიადაგ „ამხილებდა მრავლად და ვერ არწმუნა" და „ამისათვის დაუტევა კათოლიკოსობა". ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადებით „მოიწია წინაშე დიმიტრი მეფისა" წინასწარცნობის მადლით გაბრწყინებული მონაზონი ბასილი, რომელმაც ჰკადრა მეფეს: „უკეთუ დაუტევნე უწესონი ქორწინებანი, მე თავმსდებ გექმნე, რათა კეთილად წარგემართოს მეფობანი შენი". ხოლო როცა ვერაფრით შეასმინა მეფეს, საბოლოოდ უთხრა მას: „უკეთუ არ განეყენო უწესოთა ქორწილშეყოფათა და შეურაცხყვენ სიტყვანი ჩემნი, ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ". მხოლოდ მოწამეობრივი აღსასრულით შეძლო მეფემ თავისი შეცდომების გამოსყიდვა და დაიმკვიდრა ცათა სასუფეველი. ხოლო ამ თავგანწირული ნაბიჯის გადადგმაში, მას დაეხმარებოდა მარხვისას ათას ხუთასი მეტანიით მოპოვებული მადლი.


მეფის პასუხი ექიმთა რჩევაზე

მარხვის ჟამს შეუძლოდ შექმნილია მოხუცებული გმირი მეფე ერეკლე II. ექიმს მისთვის ძალის მოსაკრებლად ქათმის ხორცის ნახარში - ბულიონი შეუთავაზებია. ჯიუტად შეუკრავს შუბლი ერეკლეს, მეფემ რომ მარხვაში ხორცის ნახარში შესვას, რა პასუხი გასცეს მან ერსაო - მიუგია მკურნალისათვის.


როგორ იცავდა წმიდა მეფე ლუარსაბი დიდმარხვას

დიდმარხვის დროს შაჰის ნადიმზე ლუარსაბმა შემოთავაზებული თევზი არ ჭამა. მან პირდაპირ უთხრა შაჰს: დღეს თევზით გინდა გავტეხო მარხვა, ხვალ - ხორცს შემომთავაზებ, შემდეგ ქრისტეს უარყოფასაც მომთხოვო. სიბრაზისაგან გახელებულმა შაჰმა პირდაპირ სჯულის უარყოფა მოსთხოვა მეფეს.

- მთელი ქვეყანა რომ მიბოძო, მაინც ვერ აღვასრულებ შენს ბრძანებას, რადგან ქრისტეს სახელით ნათელი მიმიღია და მხოლოდ ის მწამსო! - მხნედ უპასუხა ლუარსაბმა.

დატყვევებული გვირგვინოსანი შირაზს წაიყვანეს და დილეგში ჩააგდეს. შვიდი წლის განმავლობაში ყოველდღე შედიოდნენ მასთან ციხეში მოლები, რათა ეცდუნებინათ მეფე - „შეიბრალე შენი სიჭაბუკე, თუ არა, მწარე ტანჯვა და სიკვდილი მოგელისო. „რაცა გნებავთ ყოფად ჩემდა, ჰყავით და აღასრულეთ ბრძანებ ყაენისაო" - პასუხობდა წმიდა ლუარსაბი.


მეფე გიორგის უკანასკნელი სათხოვარი

საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII დიდი მმარხველი და მლოცველი იყო. ის განსაკუთრებით განიცდიდა იმ ამბავს, რომ „განმანათლებლური" იდეების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მისი ძე, ტახტის მემკვიდრე დავითი, საჭიროდ სულაც არ მიიჩნევდა მარხვის დაცვას. შეშფოთებულმა და შეწუხებულმა მეფემ შეუთვალა რუსეთში მყოფ ვაჟიშვილს: „თუ ჩემი სიამოვნება გინდა, მარხვის ჭამაზედ ხელი აიღე და ეკლესიაში ხშირად იარეო". დავითმა კი დაუბარა: „რაც მე მწამს, ის შენ გაგიწყრესო და შენ რაცა გწამს, მე გამიწყრესო".

მაშინ ბრძანა მეფე გიორგიმ ფსალმუნი ესე: „დადგა იგი ყოველსა გზასა არა კეთილსა და ბოროტი მას არა მოეწყინაო".

კიდევ არა ერთხელ შეახსენა მეფემ ვაჟიშვილს თავისი ქრისტიანული ვალი: შვილო დავით, თურმე თეატრს წარმოდგენას ეძახი და წირვას სათამაშოს. ნუ იქცევი ეგრე. მოიქეც და იწამე, თორემ ღმერთი ღვთისმგმობლეს ტახტს არ აღირსებსო. მაგრამ ამაო გამოდგა მამის შეგონება. სამწუხაროდ, გამართლდა მისი წინასწარმეტყველება - დავითმა სამეფო ტახტი დაკარგა.

მოამზადა ნინო ტარყაშვილმა
გაზეთი „თაბორი", № 55