სამშაბათი
2024-03-19
1:57 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† აღსარება ზიარება †

† აღსარება †

ვინც ეკლესიას არ უსმენს, იგი არ უსმენს ღმერთს და სიკეთისა და ბოროტების შესახებ მისი წარმოდგენა იცვლება. მაგალითად, XX საუკუნეში წინასწარგანსაზღვრული მკვლელობა (აბორტი) მისაღები და ჩვეულებრივი მოვლენა იყო საქართველოში. დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ტელეგადაცემებს, სადაც რეკლამას უწევენ მაგებს, ჰიპნოზიორებს, მკურნალებს, რომლებიც ბოროტი ძალების საშუალებით სასწაულებს ახდენენ. მკურნალი ან მლოცველი, რომელიც ღვთის სახელით ლაპარაკობს, მაგრამ სინანულისაკენ არ მოგიწოდებს, შეცდომილია.

მწუხარებას ზოგი ღვინით, ზოგი ტელეგადაცემებით, ზოგი ნარკოტიკით იქარვებს, მაგრამ თუ ადამიანი ამქვეყნად არ მიეჩვევა ლოცვას - ღმერთთან ურთიერთობას, თუ სულს არ განიწმენდს აღსარებისა და ზიარების საიდუმლოთი, საიქიოში ყოველივე ამ „სიამოვნებებს" ვეღარ გამოიყენებს, რადგან საიქიოში სულს სხეული აღარ გააჩნია და საშინლად დაიტანჯება. წამლის საშუალებით იკურნება სხეული, აღსარებისა და ზიარების საიდუმლოთი კი განიწმინდება სული.

ღმერთს ყველას გადარჩენა უნდა, განურჩევლად ეროვნებისა. შენც ღვთის შვილობა თუ გსურს, ყველა უნდა გიყვარდეს, ბოროტება უნდა გძულდეს, მაგრამ ბოროტებას დამორჩილებული ადამიანი უნდა გებრალებოდეს, მის გამოსწორებას უნდა ცდილობდე და ევედრებოდე ღმერთს. ეცადე, ყველას სიკეთე გაუკეთო, მიუხედავად იმისა, - დაგიფასებენ თუ არა, იქნებიან თუ არა მადლიერნი. დაუკვირდი საკუთარ თავს, რა წარმართავს შენს ცხოვრებას - ღვთისა და მოყვასის სიყვარული თუ ეგოიზმი. ის რაც სიყვარულის გარეშე კეთდება, ცოდვად შეგერაცხება.

გახსოვდეს, რომ ღმერთი ყველგან გხედავს.

არ არსებობს ცოდვა, რომელიც აღემატება ღვთის მოწყალებას. მთავარია, მტკიცე გადადწყვეტილება ცოდვების არგანმეორებისა და ქრისტეს რწმენა, გახსოვდეს, რომ სასოწარკვეთილება, უიმედობა ყველაზე დიდი ცოდვაა.

ნათლისღებით ადამიანი იწმინდება ცოდვებისაგან, მას მიეტევება როგორც მემკვიდრეობითი, ასევე პირადი ცოდვები. ნათლისღების საიდუმლო მხოლოდ ერთხელ აღესრულება, ჩვენ კი მუდმივ განწმენდას ვსაჭიროებთ; ამისთვის ღმერთმა დაგვიდგინა საიდუმლო სინანულისა, რომელშიაც მორწმუნე მღვდლის წინაშე აღიარებით თვით ქრისტესაგან ღებულობს მიტევებას.

ეს საიდუმლო დააწესა იესო ქრისტემ, რომელმაც მოციქულებს უბრძანა: „უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ" (იოანე 20, 23).
ყველა ცოდვა, რომელიც ჩაგვიდენია, ჩვენს გულშია ჩაწერილი; წმიდა მამები გულს სინდისის წიგნსაც უწოდებენ. ჩვენი განკითხვა სწორედ ამ წიგნში ჩაწერილი ცოდვა-მადლის მიხედვით მოხდება.

ექიმთან რომ მიდიხართ, ხომ არ გაინტერესებთ მისი პირადი ცხოვრება. ასევე მოძღვართან ურთიერთობისას მის პიროვნულ ნაკლზე ნუ გაამახვილებთ ყურადღებას. გახსოვდეთ, რომ მოძღვრის სიწმინდეზე არ არის დამოკიდებული თქვენი ღვთისგან შეწყალება და ცოდვების მიტევება, ღმერთი ხედავს გულს. მტკიცედ უნდა გქონდეთ გადაწყვეტილი, რომ აღარ შესცოდავთ და უნდა გწამდეთ ღმრთის წყალობის. მხოლოდ ასეთი სინანულით შეიძლება მიიღოთ ცოდვათა მიტევება.

სანამ აღსარებაზე მიხვიდოდეთ, კარგად უნდა გამოიკვლიოთ საკუთარი თავი და მისწრაფებანი. აღსარების დროს რაიმე რომ არ გამოგრჩეთ, შეიძლება ჩაწერაც.
აღსარების დროს არ უნდა გრცხვენოდეთ საკუთარი ცოდვების აღიარების, უნდა ფიქრობდეთ ღმერთზე, რადგან ღმერთი ყველაფერს ხედავს და მის წინაშე არაფერია დაფარული. ჩვენ ერთი კაცის წინაშე გვრცხვენია ცოდვების აღიარება და გვავიწყდება, რომ თუ არ შევინანეთ, არა თუ ერთი და ორი კაცის, არამედ ყოველთა დაბადებულთა წინაშე განცხადდება ისინი, - გვასწავლის წმ. მამა იოანე ოქროპირი. ძველად (I-III ს.ს.-ში) აღმსარებელი ყველას წინაშე სახალხოდ აღიარებდა საკუთარ ცოდვებს, შემდგომში კი ამგვარი წესი თანდათან შეიცვალა და დღეს ეს ხდება საიდუმლოდ, - მხოლოდ სულიერი მოძღვრის წინაშე.

ყველა ქრისტიანს უნდა ჰყავდეს მოძღვარი, რომელთანაც ცოდვებს მოინანიებს და მოისმენს სულიერი რჩევა-დარიგებებს.
აღსარებისას მოძღვართან მიდით კრძალულებით, მიიღეთ მისგან ლოცვა-კურთხევა და თავდახრილმა, შემუსვრილი გულით აღიარეთ და მოინანიეთ ცოდვები.

ამ დროს არ შეიძლება ყოფით პრობლემებზე ლაპარაკი, სხვადასხვა მიზეზებით ცოდვების გამართლება, სხვებზე გადაბრალება, თავის მართლება და გულგრილი საუბარი. არ შეიძლება იმის თქმა, რომ მართალნი ვართ და არაფერი შეგვიცოდავს; არც იმის თქმა შეიძლება, რომ ყველაფერში ცოდვილები ვართ და ყველაფრის პატიებას ვითხოვთ. თავდაპირველი აღსარების დროს არ არის საჭირო ყოველი ცოდვის კონკრეტული გამოვლინებების აღწერა. გვახსოვდეს, რომ „მთელი ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული. ისიც ვიცით, რომ ძე ღმრთისა მოვიდა, და მოგვცა ჩვენ გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი" (I იოანე 5, 19-20). უნდა ვინანიებდეთ არამარტო სიტყვებით, არამედ გონებითაც, არა მარტო ჩადენილ ცოდვებს, არამედ მათკენ მიდრეკილებებსაც. თუ რომელიმე ცოდვისაგან განშორება არ შეგიძლიათ, არ დაუმალოთ სულიერ მოძღვარს, რადგან უღირსად თუ ეზიარებით, ღვთისაგან დაისჯებით.

„ანბანი მართლმადიდებლობისა", თბილისი, 2002 წ

აღსარების საიდუმლოს შესახებ

აღსარების საიდუმლოს საფუძველია მაცხოვრის მოწოდება: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა" (მთ. 4, 17). 
ცეცხლოვანი მახვილით სამოთხის კართან მდგარი ქერუბიმის მსგავსად (დაბ. 3, 24), მოძღვარი მოუნანიებელ ცოდვილებს სასუფეველში შესვლას უკრძალავს, ხოლო მონანულთათვის კი შუამდგომელია უფალთან მათთვის ცოდვათა მისატევებლად.

აღსარების საიდუმლოს აღსასრულებლად უფალი თანდათანობით ამზადებდა თავის მოწაფეებს. იესო ქრისტე ქვეყნად ცოდვილთა გამოსახსნელად მოვიდა. იგი თავად ამბობს: „...არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად." (მთ. 9, 13), რამეთუ „..აღსრულებულ არს ჟამი და მოახლოებულ არს სასუფეველი ღმრთისაი. შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაი." (მარკ. 1, 15). ხოლო მონანულთა მიმართ კი - „..მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი,"- ამბობს იგი და თავისი ღვთაებრივი ძალმოსილებით შეუნდობს ცოდვებს (ლკ. 7, 48).

მოგვიანებით, ძე ღვთისა რწმენაში განმტკიცებულ მოციქულებს საკრალურ მისიას აკისრებს; წმიდა პეტრე მოციქულს კი ეუბნება: „და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაისანი და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰხსნა ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა." (მთ. 16, 19).

პირველ ქრისტიანებს ჰქონდათ აღსარების ორი ფორმა: საჯარო და საიდუმლო. საჯარო აღსარებებს ქრისტიანები რაიმე მძიმე ცოდვის ჩადენისას წარმოთქვამდნენ ეპისკოპოსის, მღვდლისა და მთელი ქრისტიანული თემის წინაშე. მოციქულთა ხანიდან ცნობილია საჯარო აღსარების შემთხვევა ერთი კორინთელი ცოდვილისა, რომელიც მოციქულმა პავლემ ქრისტიანული თემიდან განკვეთა, რადგან „..არა უწყითა, რამეთუ მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის?" (1 კორ. 5, 6). მაგრამ სრული აღსარების შემდეგ პავლე მოციქულმა მას შეუნდო და თემს მიმართა: „კმა არს ეგევითარისა მის შერისხვაი ესე მრავალთაი... ნუუკუე უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი. ამისთვის გლოცავთ თქუენ, განამტკიცეთ მის ზედა სიყუარული" (2 კორ. 2, 6-8). საჯარო აღსარების შემდეგ მათ ეპიტიმიებიც ედებოდათ.

როგორც განსაკუთრებული წესი, საჯარო აღსარება III საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა. მისი ჩამოყალიბების ისტორიული საფუძველი იყო ქრისტიანთა დევნა იმპერატორ დეკიუსის დროს (249-251). ხოლო, რაც შეეხება აღსარების საიდუმლო ფორმასაც, - ინდივიდუალური აღსარებები ეკლესიის ისტორიის მანძილზე ყოველთვის არსებობდა.

IV საუკუნის ლიტურგიკულ ძეგლში „მოციქულთა განწესებანი" შემორჩენილია ლოცვის ნიმუში მონანულზე. რომაელი ქრისტიანი ერმი I საუკუნის დასასრულს თავის წიგნში „მწყემსი" აღწერს მონანულთა სხვადასხვა მდგომარეობას: ფარისევლებს, მცირედმორწმუნეთ, განმკითხველთ, პატივმოყვარეთ, დიდებისმოყვარეთ და ამპარტავნებს. ერმი ამბობს, რომ მონანულმა უნდა „განიწმიდოს სული და დაითმინოს მრავალი განსაცდელი".

წმიდა ირინეოს ლიონელისთვის სახვევებით შეკრული მკვდრეთით აღმდგარი ლაზარე არის სახე ცოდვით შეკრული ადამიანისა. და როდესაც უფალი თავის მოწაფეებს მიმართავს: ლაზარეს სახვევები შეხსენითო, - ამაში წმიდა მღვდელმთავარი სულიერად მკვდარი ადამიანების აღსადგენად ქრისტეს მოციქულთა მემკვიდრეების ანუ მღვდელმსახურთა მიერ აღსარების საიდუმლოს შესრულებას ხედავს. 
IV-V საუკუნეებიდან საეკლესიო პრაქტიკაში დამკვიდრდა წესი, რომლის თანახმადაც საჯარო აღსარების გარეშეც მოძღვარს უმძიმესი ცოდვების შენდობა შეუძლია.

წმიდა ბასილი დიდი ამბობს, რომ „ადამიანები ეკლესიის მოძღვრებს გაანდობენ უმძიმეს ცოდვებს, რამეთუ ამ უკანასკნელთ ღვთის საიდუმლოთა აღსრულება აქვთ მინდობილი." „და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაისანი და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰხსნა ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა." (მთ. 16, 19).

მოამზადა მარიამ გაგუამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი", 2004 წ.

† ზიარება †

თუ მოძღვარმა რამდენიმე ხნით განგაყენათ ზიარებისაგან, მორჩილად უნდა დაჰყვეთ მის ლოცვა-კურთხევას და არ უნდა ეძიოთ სხვა მოძღვარი, რომელიც, თქვენი აზრით, უფრო იოლად შეგიწყნარებთ.

ცოდვებს, რომლებიც ერთხელ მოინანიეთ და შემდგომში აღარ გაგიმეორებიათ (აბორტი, მკითხაობა, ტყუილზე ფიცი), აღსარებაში აღარ იმეორებთ. შეიძლება თავი შეიკავოთ ცოდვისაგან, მაგრამ მათკენ მიდრეკილება ყოველთვის გექნებათ, ამირომ ჩვენ მუდმივად უნდა ვინანიებდეთ მათ და ხშირად ვემზადებოდეთ წმიდა ზიარებისათვის. მხოლოდ ეკლესიაში, ღვთის სახლში შეიძლება აღესრულოს ჭეშმარიტი განკურნება.

საერთოდ, ქრისტიანის ზიარების სიხშირე მოძღვრის კურთხევაზე დამოკიდებული. ზოგი ძალზე იშვიათად ეზიარება იმ მოტივით, რომ თავს უღირსად თვლის. ეს არასწორი პოზიციაა, როგორც არ უნდა ეცადოს ადამიანი, რომ განიწმინდოს ღმერთის წინაშე, იგი ზიარების ღირსი თავისთავად მაინც ვერ იქნება. უფალმა ჩვენ ქრისტეს წმინდა საიდუმლო იმიტომ კი არ მოგვმადლა, რომ ვიმსახურებდით მას, არამედ - თავისი დაცემული ქმნილებისადმი მოწყალებისა და სიყვარულის გამო.

ქრისტიანი წმიდა საიდუმლოსთან ზიარებას სულიერი ღვაწლისათვის დამსახურებულ საზღაურად კი არ უნდა იღებდეს, არამედ როგორც მოყვარული ზეციური მამის წინასწარ საჩუქარს, რომელიც მან უნდა გაამართლოს და მიიღოს როგორც სულისა და სხეულის განმწმენდი საშუალება.

„ეზიარება მონა ღმრთისა ... პატიოსანსა და წმიდასა ხორცსა და სისხლსა უფლისა, ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, მოსატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ".

ამ ლოცვას ღმრთისმსახური წარმოთქვამს, როდესაც ქრისტიანს წმიდა საიდუმლოსთან აზიარებს და თუ მაზიარებელი გულმოდგინედ მოემზადა ამ უდიდეს მადლთან შესახვედრად, ის ადამიანის მთელ არსებას გარდატეხს და მარადიული ცხოვრების ღირსად ხდის მას.

იმისათვის, რომ ზიარებისათვის „მზად იყოს", ქრისტიანმა რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა იმარხულოს და წაიკითხოს საგანგებო ლოცვები. მომზადება იმას გულისხმობს, რომ მან უნდა გადახედოს თავის წარსულ ცხოვრებას - გაიხსენოს ყველა ცოდვა, რომელიც ჯერ კიდევ არ მოუნანიებია, ყველას შეუნდოს და თვითონაც პატიება ითხოვოს ყველასგან, უშუალოდ ზიარების წინ აღსარება თქვას და მხოლოდ ამის შემდეგ ეზიაროს. გახსოვდეთ, რომ თუ ადამიანი საზიარებლად არაწმინდა გულით მიდის, თუ შური, წყენა და სხვა სულიერი უწმინდურებანი არ განუშორებია, მას, როგორც წმიდა სისხლისა და ხორცის შეურაცხმყოფელს, ზიარება ხსნას კი არ მოუტანს, არამედ მარადიულ სატანჯველს მოუვლენს სასჯელად.

ზიარებისთვის მზადება პირობითად შეიძლება 4 ეტაპად დავყოთ:

1. აღსარების ჩაბარება სულიერ მოძღვართან;

2. ზიარების წინა დღეს საღამოს ლოცვაზე დასწრება;

3. საღამოს ლოცვის შემდეგ საღმრთო ლიტურგიამდე (წირვამდე) ზიარების წინა საგანგებო ლოცვის წაკითხვა;

4. ზიარების წინ დღის საღამოდან ვწყვეტთ საკვების, სითხისა და წამლების მიღებას.

ზიარების შემდეგ ვკითხულობთ სამადლობელ ლოცვას.

„ანბანი მართლმადიდებლობისა", თბილისი, 2002 წ