სამშაბათი
2024-03-19
10:16 AM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† ათონის მთა †

ივერონის მონასტერი
(ათონის მთა)
 
 
მეათე საუკუნე იდგა, საქართველოში ამ დროს დავით კურაპალატი მეფობდა. ქვეყანა თანდათან ძალას იკრეფდა როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. დავითის პირველი და საუკეთესო მრჩეველი იყო სახელგანთქმული მხედართმთავარი ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი, რომელმაც დაუტევა ამქვეყნიური ცხოვრება და ბერად აღიკვეცა. უწოდეს იოანე. იგი ჯერ ულუმბოს მთაზე წავიდა, შემდეგ კი ათონზე და წმინდა ათანასე დიდის ლავრაში დაემკვიდრა. ამ ათანასეს დედაც ქართველი იყო.
 
მცირე ხანში ბერად აღიკვეცა სხვა ქართველი მხედართმთავარიც - თორნიკე ერისთავი, რომელიც იოანესავით მამაცი და სახელგანთქმული მეომარი იყო. მანაც ათონის მთას მიაშურა. ამ მამებმა დიდად განითქვეს სახელი და მრავალმა ქართველმა მიბაძა მათ მაგალითს. ათონის მთაზე გამრავლდნენ ქართველი ბერები, ამიტომ აუცილებელი გახდა ქართველებისათვის დამოუკიდებელი მონასტრის დაარსება. წმინდა ათანასეს რჩევით, ქართველმა ბერებმა დიდ ლავრასთან ახლოს იოანე მახარებლის ეკლესია და სენაკები ააგეს და იქ დამკვიდრდნენ. მაგრამ ქართველთა რიცხვი დღითი-დღე მატულობდა და ეს სენაკები საკმარისი არ იყო.
 
იმ ხანად ბიზანტიის იმპერატორი გარდაცვლილი იყო, მემკვიდრეები მცირეწლოვანნი, ქვეყანას ახალგაზრდა დედოფალი მართავდა. ამით ისარგებლა ერთ-ერთმა ბერძენმა მხედართმთავარმა ბარდას სკლიაროსმა და აჯანყდა. მას იმპერატორობა სურდა. დედოფლის ჯარები რამოდენიმეჯერ ზედიზედ დამარცხდნენ, ბოლოს ბარდას სკლიაროსმა ბიზანტიის (დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე) დედაქალაქი კონსატანტინეპოლიც (დღევანდელი სტამბული) ალყაში მოაქცია. დედოფალმა დახმარებისათვის ქართველთა ძლევამოსილ მეფეს - დავით კურაპალატს მიმართა. ელჩად თორნიკე-იოანე ერისთავი გაგზავნეს.
 
დავით კურაპალატმა 12 ათასი რჩეული მხედარი მიაშველა განსაცდელში მყოფ დედოფალს და ჯარს სათავეში თორნიკე ჩაუყენა. თავდაპირევლად თორნიკე ერისთვი უარობდა, მას ხომ ბერის სქემა შეემოსა, მაგრამ მეფისა და კათალიკოსის დაჟინებული მოთხოვნით დათანხმდა.
 
ქართველთა და ბერძნეთა გაერთიანებულმა ლაშქარმა აჯანყებულები სასტიკად დაამარცხა, ბარდას სკლიაროსი ტყვედ ჩვარდა. ბრძოლის ველზე უამრავი სიმდიდრე დარჩა. მადლიერმა დედოფალმა მთელი ეს ავლა-დიდება ქართველებს უბოძა. თორნიკემ ნაწილი მეომრებს დაურიგა, ნაწილი კი ათონზე წაიღო. ამ ძვირფასეულობით ქართველებმა ათონის მთაზე მიწა შეისყიდეს და ქართველთა მონასტერი ააშენეს, რომელსაც ივერონი, ანუ ივერიელთა სავანე ეწოდა. გარდა ამისა, ქართველმა ბერებმა მრავალ სხვა მონასტერსაც გაუწიეს დახმარება. ივერონის პირველ წინამძღვრად დანიშნეს ღირსი იოანე, რომელიც თხუთმეტი წელი განაგებდა მას. წმინდა იოანეს გარდაცვალების შემდეგ მონასტრის წინამძღვარი გახდა მისი ძე - ექვთიმე, ფრიად განსწავლული ადამიანი და შესანიშნავი მთარგმნელი.
 
ივერთა მონასტერში მრავალი გამოჩენილი და ღვთივსათნო მამა მოღვაწეობდა. აქ აღევლინებოდა ლოცვები საქართველოსათვის, ითარგნებოდა მრავალი წიგნი, იქმნებოდა სასულიერო ჰიმნები.
 
მეცამეტე საუკუნიდან ივერონის ისტორია მეტად სევდიანია. ამ პერიოდში ათონის მთა ლათინმა ჯვაროსნებმა დაარბიეს. ივერთა მონსტერში მისულებმა ქართველ ბერებს პაპის ხელისუფლების აღიარება მოსთხოვეს, მაგრამ მამები მტკიცედ დადგნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მაშინ ჯვაროსნებმა მოხუცები მონასტრის გემზე აიყვანეს და გემი ზღვაში ჩაძირეს. ახალგაზრდა ბერები კი მონებად გაყიდეს.
 
ამ და სხვა გამანადგურებელი თავდასხმების შედეგად, ასევე საქართველოს დასუსტების გამოც ივერთა მონასტერში ბერთა რაოდენობამ ისე იკლო, რომ იძულებულნი გახდნენ, ბერძნების მიღებაც დაეწყოთ. ბერძნებმა ეს ბოროტად გამოიყენეს და მოინდომეს, ქართველებისათვის მთავარი ტაძარი წაერთმიათ, მაგრამ საქართველოსა და ბიზანტიის მეფეების მხარდაჭერით ქართველებმა ტაძარი შეინარჩუნეს.
 
XV საუკუნეში სავანე განაახლეს ახალციხის ათაბაგმა ყვარყვარე ჯაყელ-ციხისჯვარელმა და მისმა ვაჟმა ქაიხოსრომ. მათი ძალისხმევით აშენდა მონასტრის დიდი ციხე-კოშკი და საავადმყოფო, ახლად აიგო გალავანი. ქაიხოსროს შვილმა - მზეჭაბუკ ათაბაგმა სამცხის ეპისკოპოსი ამბროსი გაგზავნა იერუსალიმსა და ათონის მთაზე დიდი შესაწირებით. მეუფე ამბროსიმ ივერიის ღვთისმშობლის ხატს ძვირფასი პერანგი შემოსა და მონასტერს დიდი ფულადი შესაწირიც შესწირა.
 
XVII საუკუნეში ქეთევან დედოფლის მამამ - აშოთან მუხრან-ბაგრატიონმა ივერონში ივერიის ღვთისმშობლის ხატის ახალი ეკლესია ააშენა და მთლიანად მოახატვინა. ამ ტაძარში იგი თავადაცაა გამოსახული თავის ძესთან - იესესთან ერთად.
 
ქართველი ბერები მონასტერს XIX საუკუნემდე განაგებდნენ. მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთს შეუერთდა და გაუქმდა ქართველთა მეფობა, ივერონის მდგომარეობა შეიცვალა. მას აღარ ჰყავდა მფარველი, ქართველ ბერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რის გამოც მონასტრის წინამძღვრებად ბერძნები ინიშნებოდნენ. 1820-იან წლებში ათონის მთა თურქთა ჯარმა დაიკავა. ბერძენი ბერების დიდმა ნაწილმა ივერონი დატოვა. ათონზე იხანად მოღვაწე ღირსი მამა ილარიონ ქართველი უშიშრად წარსდგა თურქების სარდლის, წარმოშობით ქართველი ლიფურთ-ფაშას წინაშე და არაერთხელ ამხილა იგი ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან განდგომისა და ქრისტიანებისადმი სასტიკი მოპყრობის გამო. მამა ილარიონის შუამდგომლობით ფაშამ ივერთა მონასტერი და ათონის სხვა სავანეებიც დაინდო, მაგრამ ომის დამთავრების შემდეგ ქართველ ბერებს მაინც მოუწიათ სავანის დატოვება. ისინი წმინდა ილია წინასწარმეტყველის სკიტში გადასახლდნენ.
 
 
გავიდა ხანი. ქართველი მამების მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა. მაშინ მამა ბენედიქტე (ბარკალაია), რომელიც ბერად წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსმა (ქიქოძე) აღკვეცა, ქართველი მღვდელმთავრების ლოცვა-კურთხევით თავგანწირულ ბრძოლას შეუდგა ათონზე ივერონის მონასტრის აღდგენისა და სხვადასხვა სავანეებში მიმოფანტული ქართველი ბერების შესაკრებად. არაერთი მძიმე განსაცდელი გადალახა, მაგრამ რუსი ბერების თანადგომით ახალი ივერთა მონასტრის მშენებლობა წარმატებით დასრულდა და მალე ორმოცამდე უსახლ-კარო ქართველი ბერი შეეფარა ქართულ სავანეს.
 
 
მაგრამ ქართველების წინააღმდეგ არაერთგზის ატეხილა ქარიშხალი ათონზე და აი, 1920-იან წლებში მდგომარეობა ისე შეიცვალა, რომ ქართველი ბერები იძულებულნი გახდნენ, ივერონი დაეტოვებინათ და საქართველოში დაბრუნებულიყვნენ. ბოლო ქართველი ბერი ათონზე ყოფილა ტიხონ ფაღავა, რომელიც 1956 წელს გარდაცვლილა 90 წლის ასაკში და სიკვდილის წინ ეკლესიის კედელზე ამოუჭრია თავისი გვარი ქართულ ენაზე.
 
ივერონის ყველაზე დიდ სიწმინდეს წარმოადგენს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ათონზე სასწაულებრივად მოხვდა. მეოთხე საუკუნეში ბიზანტიის იმპერიაში საშინელი ხატმებრძოლობა ატყდა, ყველა ხატს ანადგურებდნენ. ამ დროს ერთ პატარა ქალაქში ერთი ქვრივი დიდებული ცხოვრობდა, რომელსაც სახლში ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. მხედრებმა შეიტყვეს, შეცვივდნენ მასთან და ერთ-ერთმა მათგანმა ხატს შუბი აძგერა. უცებ ხატიდან სისხლმა იფეთქა და ღვთიმშობლის სახეზე დიდხანს სდიოდა. ქალმა მხედრებს სთხოვა, მცირეოდენი დრო მიეცათ ხატთან გამოსამშვიდობებლად. მან ხატთან მხურვალედ ილოცა და შემდეგ მალულად ზღვაში ჩაუშვა. ხატი დიდხანს არავის უნახავს და აი, რამოდენიმე საუკუნის შემდეგ, როცა უკვე შემწყდარი იყო ხატმებრძოლობა, ხატი ათონის ნაპირებთან გამოჩნდა. ბერები შეეცადნენ მის გამობრძანებას, მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდნენ ხატს, იგი უფრო ღრმად შედიოდა ზღვაში. ერთ ღამეს რამოდენიმე ბერს ყოველადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა, რომ ნებავდა მისი ხატი ათონზე მოღვაწე ქართველ ბერს - გაბრიელს გამოებრძანებინა. სასწრაფოდ მოძებნეს გაბრიელი და ღვთისმშობლის
 
ისიც გაეშურა ლოცვა-კურთხევის აღსასრულებლად, ზღვაზე ფეხით გადაირა, თითქოს ხმელეთი ყოფილიყოს, მიეახლა ხატს და დიდის კრძალვით გამოასვენა ნაპირზე. იქ, სადაც ხატი დაასვენეს, წყარომ ამოჩქეფა, რომელსაც სასწაულთმოქმედი ძალა აქვს. ეს წყარო დღესაც არსებობს.
 
ქართველებმა ხატი ივერონში წააბრძანეს და მთავარ ტაძარში დაკიდეს საპატიო ადგილას, მაგრამ დილას ტაძარში რომ შევიდნენ, ხატი აღარ დახვდათ. ძალიან შეწუხდნენ და დაიწყეს ძებნა, ბოლოს კარიბჭის თავზე აღმოაჩინეს. ძლიერ გაკვირდნენ, აქ საიდან მოხვდაო, და ისევ ძველ ადგილზე დააბრუნეს. მეორე დღესაც იგივე განმეორდა, ასე რამოდენიმეჯერ. ბოლოს ბერებს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: მე მსურს, ჩემი ხატი კარიბჭის თავზე იყოს, რადგან მე არ მჭირდება თქვენი დაცვა, მე იმისათვის მოვედი, რომ თვითონ დაგიცვათო. მაშინ ქართველებმა ხატს საგანგებო ტაძარი აუგეს კარიბჭესთან, სადაც დღემდე ასვენია ეს სასწაულთმოქმედი ხატი.
 
 
დღეს, ღვთის მადლითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წყალობით, ათონის წმინდა მთაზე რამდენიმე ქართველი ბერი მოღვაწეობს, თუმცა, სამწუხაროდ, ივერონის მონასტერი ჯერ ისევ ბერძნების ხელში რჩება.