სამშაბათი
2024-03-19
10:38 AM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† ეშმაკის ორი ბადე †

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

ეშმაკის ორი ბადე

ეშმაკი უამრავ სხვადასხვა ბადეს ხლართავს, რათა მათი მეშვეობით ადამიანთა სულები შეიპყროს და დაღუპვისაკენ უბიძგოს მათ. ორი მათგანი არის უსაქმურობა და მეტისმეტი საქმიანობა. უსაქმურობა, რომლის გამოც ადამიანი ზის და სიზარმაცისაგან იხრწნება, ყოველგვარი განკითხვის ღირსია და მეტისმეტი საქმიანობაც, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი განუწყვეტლივ დაკავებულია ათასგვარი საქმით, ორივე ეს ცხონებას უშლის ხელს. მრავალი ქრისტიანი მთელი დღეების განმავლობაში მცონარებს: ხეტიალობენ ქალაქი ქუჩებში, ერთმანეთს ახალ ამბებს უყვებიან, გარშემომყოფ ადამიანებზე ჭორაობენ, და თუ მაინც მიდიან ეკლესიაში, მხოლოდ იმისათვის, რომ მათ მეტი საქმე არა აქვთ. ასე გაჰყავთ დრო და საკუთარი თავისთვის არანაირი სარგებლობა არ მოაქვთ.

აი, რას ამბობს სულიწმიდა ზირაქის სიბრძნეში: „მრავალ ბოროტებას ასწავლის უსაქმურობა". ეშმაკმა, თითქოსდა თავისი სკოლა გახსნა მზაკვრობისა და ბოროტებისა და რადგან თავად არ სურდა ბოროტების სწავლება ადამიანისათვის, თავის მაგივრად მასწავლებლად უსაქმურობა დააყენა, რათა მას ეშმაკის ნაცვლად ეკითხა ლექციები. ადამიანები კი ამ სკოლაში ცოდვებს სწრაფად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე სწავლობენ. ცოდვებს იქ ყველა ადამიანი იმეცნებს, მაგრამ სწავლაში განსაკუთრებით წარემატებიან ისინი, ვისაც დამძიმებული და მდორე ფიქრები აქვთ. იქ ადამიანი სწავლობს გონებით შეცოდებას, როცა გულით სურს ის, რისი გაკეთებაც საქმით არ შეუძლია. „ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არ სურთ შრომა" (იგავ. 21,25). ის მთელი დღე ბოროტს იზრახავს. ხშირად უსაქმური კაცი საქმით არანაირ ბოროტებას არ იქმს, ვინაიდან მას საერთოდ არაფრის კეთება არ სურს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფიქრებით ყოველდღიურად ჩაფლულია უწმინდურობაში.

უსაქმური ადამიანების ფიქრები განუწყვეტელი ჯაჭვია განსჯისა და განკითხვისა. რამდენადაც უსაქმური თავის საქმეებში ზარმაცია, იმდენად გულმოდგინეა სხვა ადამიანთა საქმის განხილვისას. რამდენადაც არ სიამოვნებს მუშაობა, იმდენად დიდ კმაყოფილებას ანიჭებს ვინმესთან ჭორაობა, ეს ხომ შრომას არ მოითხოვს. მას შეუძლია, მთელი დღე გაატაროს გაკითხვაში და თუკი მცირე ხნით მაინდ დადუმდება, მალე ხელახლა განაგრძობს თავის საზიზღარ საუბრებს. თუმცა მისი ბაგეები განწმენდილია ნათლობის საიდუმლოს მეშვეობით - ეს მცირედაც არ ანაღვლებს, ის მშვიდად ბილწავს მათ განკითხვით.

რამდენადაც უსაქმური კაცი შრომის მტერია, იმდენად იგი სიამ-ტკბილობის მეგობარია. უსაქმურობის მოყვარული ხშირად მოწყენილია, თუკი ამ სიამოვნებას ვერ ღებულობს. მართლას ამბობს ძველი ანდაზა: ის ადამიანები, ვინც არაფერს აკეთებენ, ბოროტების კეთებას სწავლობენ. დამდგარი წყალი მალე ფუჭდება, უმოძრაო ჰაერიც მავნებელი ხდება, ზარმაცი ჯარი მალე იღლება. როცა ახლოვდება დიდი მარხვა, უსაქმურები საჩქაროდ გარბიან მოძღვრებთან და სხვადასხვა საბაბით ითხოვენ მკაცრი მარხვის შემსუბუქებას. დაე, ნუ მივეცემით ბოროტებას და პირველივე დაბრკოლებისთანავე უარს ნუ ვიტყვით სათნოებებზე. ამგვარია პირველი ბადე ეშმაკისა - უსაქმურობა. არის სხვაც. ესაა სხვადასხვა საქმეების სიმრავლე, რითაც ადამიანები თავს გადაიტვირთავენ და მოსვენებას არ აძლევენ საკუთარ სულს.

როგორც უსაქმურობა, ასევე საქმეთა სიჭარბე, ფუსფუსი და ზრუნვა წარმოშობს უამრავ ბოროტებას. მათ შესახებ ბრძანა უფალმა, როცა საუბრობდა იმ ეკლებზე, რომლებიც ღვთაებრივი მცნებების თესლს თრგუნავს და ხელს უშლის ყოველივე მშვენიერისა და კეთილის აღმოცენებას. „რომელი-იგი ეკალთა შორის დავარდა, ესე არიან, რომელთა ისმინიან სიტყუაი და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არანაყოფიერ იქმნიან" (ლკ. 8,14). ასეთ ადამიანებს, როცა ლოცვის, ეკლესიაში წასვლის, ზიარების, აღსარების ჟამი დგება, ამისათვის დრო აღარ რჩებათ. ისინი სრულებით ჩაფლულნი არიან საქმეში. როგორც კი ერთ საქმეს თავს ანებებენ, მაშინვე მეორეს იწყებენ, მაგრამ რაიმე სულის მარგებელის წასაკითხად დრო არ რჩებათ. ისინი იმ თოკს ჰგვანან, რომელიც ათასობით კვანძით არის შეკრული, რომლებიც ვერასდროს გაიხსნება. და ამგვარად ეშმაკს ტყვედ ჰყავს ისინი, რომლებსაც, შესაძლოა, სურთ კიდეც მისგან თავის დახსნა, მაგრამ ვერ პოულობენ გზას, რითაც ამას შეძლებენ, ეშმაკი კი სულ უფრო და უფრო დაბლა, მიწასთან დრეკს მათ, მათთვის სხვადასხვა საქმეებს და საზრუნავებს ეძიებს, რათა დრო აღარ ჰქონდეთ - არა მხოლოდ სიკეთის აღსასრულებლად, არამედ - მასზე საფიქრელადაც კი. ამგვარად ყოველდღიური საქმეები და საზრუნავები ხდება ბადე, რომლებიც იჭერენ ადამიანებს, ქედს ადრეკინებენ მათ და გონების დაბნელებამდე მიჰყავთ ისე, რომ მათში კეთილი ზნეობის კვალიც კი აღარ რჩება.

თუმცაღა, რომ რჩებოდეთ კიდეც გარკვეული დრო, ამასაც საქმეებისათვის გამოიყენებდნენ. მათ სწორედ ის ემართებათ, რაც - მონადირეებს. მაშინაც კი, როცა მონადირეებს სძინავთ, ესიზმრებათ, რომ ფხიზლად არიან - ნადირობენ ფრინველებზე და მხეცებზე, რომლებიც გაურბიან მათ ან ბადეში ვარდებიან. მათი სხეული ლოგინში განისვენებს, წარმოსახვა კი - ტყეშია. ასე მოსდით მათაც, ვინც მეტისმეტი საზრუნავით არიან შეპყრობილნი. ისინი დგანან ეკლესიაში და ბაგით წარმოთქვამენ ლოცვის სიტყვებს, ამ დროს კი მათი გონება აქა-იქ დაეხეტება და საყოფაცხოვრებო საქმეებზე ფიქრობს, თუ როგორ გააკეთოს უკეთ ისინი. მუდამ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ წამოიწყონ ერთი საქმე, როგორ დაამთავრონ მეორე, სულისათვის კი დრო არ რჩებათ. მიუხედავად იმისა, რომ მათი სხეული ტაძარში იმყოფება, გონება - ქუჩაში დაძრწის. მაშინაც კი როცა სძინავთ, მათი აზრები ერთი საქმიდან მეორეზე გადადის. თუ შენ თვითონ არ მოგწონს რომ, როდესაც მეგობარს ესაუბრები, ის არ გისმენს და გამუდმებით უადგილო შეკითხვებს გისვამს, როგორ უნდა გინდოდეს, რომ უფალი ესაუბროს შენს გულს, მაშინ როცა მასში ასობით ამაო აზრი ტრიალებს?

ამ ორი უბედურებისაგან რომ გათავისუფლდე: უსაქმურობისა და მეტისმეტი საქმიანობისაგან, ილოცე უფლის მიმართ, რათა განგანათლოს შენ, რათა ამოიცნო მიზანი, რისთვისაც შობილხარ ამქვეყნად, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „მაუწყე მე უფალო, აღსასრული ჩემი, და რიცხვი დღეთა ჩემთაი რავდენ არს, რაითა ვუწყოდი, რაიღა მაკლს მე" (ფს. 38,5). ამის შემდეგ კი დაფიქრდი იმაზრ, თუ რაოდენ ძვირფასია შენი ცხოვრების დრო. ის იმდენად ფასეულია, რომ ყველა ორატორი თუნდაც ერთად შეკრებილიყო, ვერ შეძლებდნენ, ეჩვენებინათ ჩვენთვის, თუ რაოდენ ძვირფასი და მნიშვნელოვანია იგი, ბოლოს და ბოლოს, ისღა დარჩებოდათ, დადუმებულიყვნენ, როგორც ჩვილები. მაგრამ რას ვამბობ? თუნდაც ანგელოზებს მოესრუვებინათ ამის განმარტება ჩვენთვის, ვერაფერს გვეტყოდნენ, იმიტომ რომ, დრო, რომელიც ღმერთმა მოგვანიჭა იმისათვის, რომ სამოთხის მოპოვებისათვის გვეზრუნა, ისევე ძვირფასია, როგორც - თავად სამოთხე.

ახლა კი გესმის, რაოდენ დიდი ფასი აქვს დროს, რომელიც უფალმა მოგვცა ჩვენი ცხოვრების შესაცვლელად?! როდესაც სიკვდილი მოულოდნელად მოვა შენთან, ძებნას დაუწყებ თუნდაც ერთ წამს, მაგრამ ვერ ჰპოვებ მას.
ჰყვებიან ერთ დიდებულზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მეფის მრჩეველი იყო. როდესაც მიხვდა, რომ ცხოვრების აღსასრული დაუდგა, მწარედ ატირდა და თქვა: „ვაი, ჩემს თავს! რამდენი ქაღალდი დავხარჯე, როდესაც მეფის სიგელებს ვწერდი და ერთი წუთიც კი ვერ გამოვნახე, რომ ჩამომეწერა თუნდაც ერთ უსარგებლო ქაღალდის ნაგლეჯზე ჩემი ცოდვები, რათა ახლა გამეხსენებინა და მომენანიებინა". და შენ კი, საყვარელო, შეძლებ კი, ასე იგლოვო შენი ცხოვრების დასასრულს, რომ ამდენი წელი ამაოებაში განვლე?

გაიღვიძე და აღსდექი ძილისგან. იყავი, როგორც მომლოცველი, რომელიც დასასავენებლად წამოწვება, მაგრამ როგორც კი გაახსენდება, რომ მისი მეგობრები შორს წავიდნენ, მაშინვე დგება და თავის გზას აგრძელებს. იყავი არა - ვითარცა „უგუნურნი, არამედ ვითარცა ბრძენნი; გამოიფრდიდით ჟამთა, რამეთუ დღები ბოროტნი არიან" (ეფ. 5,15-16).
„რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი ცხონებისათვის", თბილისი, 2004 წ

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

ამპარტავნების მკურნალობა

როგორ განვიკურნოთ ამ საშინელი ავადმყოფობის - ამპარტავნებისაგან? ის შემოდის ჩვენში, გვხრწნის და ღატაკებად, უბედურებად გვაქცევს. იგი გვბერავს და გადავსებულ რუმბს ვემსგავსებით. ის ყოველგვარ სათნოებას გვაკლებს და ჩვენ შეგვესაბამება ბრძენი ზირაქის სიტყვები: „თუ სიჭაბუკეში ვერ მოაგროვე, როგორღა შეიძენ შენი სიბერის ჟამს? რარიგ შვენით ხანდაზმულთ განკითხვა და მოხუცებულთ მოცემა რჩევისა!" (ზირ. 25,3-4). როდესაც გვგონია, რომ საკუთარი თავის ამპარტავნებისგან განკურნება ძალგვიძს, ეს უკვე ამპარტავნების უკიდურესი საფეხურია. მისგან განკურნების ერთადერთი საშუალება უფლისადმი მიმართვაა. დავით წინასწარმეტყველთან ერთად შევღაღადოთ ღმერთს: „ნუ მოვალს ჩემ ზედა ფეხი ამპარტავნებისაი" (ფს. 35,12). ანუ: ნუ დაუშვებ, უფალო, რომ წყეულმა ამპარტავნებამ ფეხქვეშ გათელოს ჩემი სული.

თავდაპირველად უნდა განიკურნოს ჩვენი გონება, ისე რომ, აღარ გვსურდეს ყოყლოჩინობა, ამის შემდეგ კი ყველა დანარჩენი განიკურნება. გონება იმით იკურნება, რომ ადამიანი აღარ ფიქრობს, თითქოს ის რაღაცას წარმოადგენს უფლისა და წმიდანთა წინაშე. ამქვეყნიური დიდება ისეთი ნაყოფია, რომელიც ადამიანს კი არ კვებავს, არამედ - წამლავს. ღმერთმა შექმნა მთელი სამყარო და თავისი უსაზღვრო მადლის მეშვეობით ადამიანებს მიანიჭა იგი, რათა ისინი ადიდებდნენ შემოქმედს, რომელმაც მთელი დიდება და პატივი თავისთვის დაიტოვა, როგორც ანგელოზებმა ბრძანეს: „დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაი" (ლკ. 2,14). და თუკი ამპარტავან ადამიანებს სურთ, მიიტაცონ ეს დიდება, რომელიც მხოლოდდამხოლოდ ღმერთს ეკუთვნის, ეს კადნიერება და თავხედობაა, რაც უფლის დიდებულებას შეურაცხყოფს. და ვაი მას, ვინც ამქვეყნად ეძიებს დიდებას და მისაც წუთისოფელი დიდებულად თვლის. ეს დიდება - ფუჭი და ამაოა.

ეს დიდება ამაოა იმიტომ, რომ მას არ შეუძლია, შეგვძინოს ან წაგვართვას რაიმე. „უკუეთუ მე ვადიდებდე თავსა ჩემსა, დიდებაი ჩემი არარაი არს" (ინ. 8,54). ეს კი ნიშნავს, რომ თუ ადამიანი, რომელმაც რაიმე შექმნა, თავისი თავის განდიდებას იწყებს, მისი ეს დიდება - ამაოებისკენ მიისწრაფვის. ახლა შეგიძლია მიხვედრა იმისა, თუ რამდენად არარაობაა ადამიანური ქებანი, რომელსაც მრავალნი ეძიებენ წუთისოფლისგან.

ეს დიდება იმათთვისაც ამაოა, ვინც მას მოაგროვებს. ეს იმიტომ, რომ მათ არ იციან, რომ შინაგანად შენ ცოდვილი ხარ. მათთვის ცნობილია მხოლოდ შენი გარეგნული იერსახე. სხვა რა დიდების მიგება შეუძლიათ შენთვის, გარდა იმისა, რომელიც გამშვენებულ საფლავს მიესადაგება, რომელიც გარედან თავს იწონებს წარწერებითა და ეპიტაფიებით, შიგნიდან კი სავსეა სიმყრალითა და ხრწნილებით, როგორც თავად უფალმა ბრძანა: „ვაი თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაითა და ყოვლითა არაწმიდებითა". (მთ. 23,27). ამქვეყნიური დიდება ამაოა იმიტომაც, რომ ის ვერასოდეს შეედრება ზეციურ დიდებას. მთელი ეს ხრწნადი სამყარო ისეთივე არარაობაა, როგორც ერთი წამი მარადიულობასთან შედარებით. მისი დიდება ამაოა, ვინაიდან მსწრაფლწარმავალია. მთელი ჩვენი ცხოვრება მარადიულობასთან შედარებით - უფრო მცირეა, ვიდრე გულისცემა, თვალის დახამხამება - წამზე უმცირესიც კი.

ადამიანები პატივს მოგაგებენ ლამაზი ტანისამოსის გამო, მაგრამ ეს პატივი შენ სულაც არ მოგემართება, არამედ იმ აბრეშუმის ჭიებს, რომელთა ძაფებითაც ის შეიკერა. რაც არ უნდა ლამაზად იცვამდე, მაინც ვერ გამოიყურები ფარშევანგივით ლამაზად - ოქროსფერი და ჭრელი ბუმბულით; ვერასოდეს იქნები მინდვრის ჭრელ ყვავილებსა და შროშანზე ლამაზი. „ხოლო გეტყვი თქვენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი" (მთ. 6,29) - ამბობს უფალი. ადამიანები გაქებენ შენი კეთილშობილების გამო, თუმცაღა ეს სიტყვებიც არ მოგემართება შენ, არამედ - შენს წინაპრებს. პატივს გცემენ იმისათვის, რომ მდიდარი ხარ, მაგრამ უფალმა იცის, თუ რამდენი უსამართლობით მოიხვეჭე ეს სიმდიდრე და როგორ გიშლის იგი ხელს ზეცისკენ სავალ გზაზე. „იესუ ჰრქუა მოწაფეთა მისთა: ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა" (მთ. 19,23). ადამიანები გაქებენ სილამაზის გამო, მაგრამ შენი ჭეშმარიტი სილამაზე იფარება გარეგნობით, როგორც ზამთარში იფარება თოვლის ქვეშ ფუნა. შენი სილამაზე მარადიული ვერ იქნება, ისევე როგორც თოვლი არ არის მარადიული. ბოლოს, „როდესაც ადამიანი მოკვდება, რადგან დასაბამი ამპარტავებისა ცოდვაა და ვისაც იგი აქვს, სისაძაგლეს ამოანთხევს. ამის გამო უფალი მრავალ განსაცდელს უმზადებს და საბოლოოდ კიდეც ღუპავს მათ" (ზირ. 10,13). რომელიმე საფლავის გახსნისას შენ დარწმუნდები ამქვეყნიური დიდების სიცრუეში. რაოდენ საოცარია, რომ ასეთი დიდება, მიუხედავად იმისა, რომ ის - არარაობაა, მაინც ესოდენ სასურველია უგუნური ადამიანების თვალში!

ჩაწვდი, ძმაო ჩემო, თუ რა ყოფილა ადამიანური დიდებანი? ახლა კი იმას დაუფიქრდი, რას წარმოადგენს ის, ვინც მას ეძიებს. თუ წინასწარმეტყველს ჰკითხავ, ის გიპასუხებს, რომ ყოველი ადამიანი - უბრალოც და ისიც, ვინც ყველა მეფეზე ძლევამოსილია - თითქოს არც არაფერია, იგი სისუსტითა და უძლურებით, სიბრიყვითა და უბედურებითაა აღსავსე. ყველაფერი ამაოა და ყოველნი ნაშობნი ადამიანთაგანნი - ამბობს დავით წინასწარმეტყველი. და შენც, ძმაო, სწორედ ასეთი ხარ უფლის წინაშე და თუ ამასთან ერთად, ამპარტავანიც ხარ, მაშინ არარაობაზე უარესი ყოფილხარ, ვინაიდან იპარავ დიდებას, რომელიც მხოლოდ უფალს ეკუთვნის, როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „ყოველივე სიკეთე - შენია, უფალო; შენია - დიდება. და ის, ვინც სარგებლობს შენი კეთილი ძღვენით, მაგრამ დიდებას ეძიებს არა შენთვის, არამედ თავისთვის - ქურდი და ავაზაკია, ეშმაკს ემსგავსება, რომელმაც შენი დიდების მიტაცება მოისურვა". ნუთუ არ გსურს, დამდაბლდე? განა ვერ ხედავ, რომ გულით ჭუჭყსა და არარაობას ატარებ, რაც უფლის ყოვლისშემძლეობას ვერ შეედრება? თუ ამპარტავანი ხარ, დაისჯები, როგორც ღვთის დიდების მიმტაცებელი, მან ხომ თავად თქვა ასეთი სიტყვები: „მე ვარ უფალი, ეს არის ჩემი სახელი; ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას და ჩემს ქებას - გამოქანდაკებულ კერპებს" (ესაია 42,8). რაოდენ ღატაკი ხარ, ამპარტავანო კაცო! ეცადე, ჰპოვო რაიმე კარგი, რაც შენი ძალებით გაგიკეთებია. ეცადე - და თავად ამხელ შენს თავს, ვინაიდან ყოველი სიკეთე, რაც კი გაქვს, ღმერთისგან მიგიღია. „რაი გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს, რაისა იქადი, ვითარცა არა-მიღებულსა?" (1 კორ. 4,7).

იმის შემდეგ, რაც ამპარტავანი ადამიანის გონება განიკურნება, აუცილებელია მისი ნების განკურნებაც, რაც მისგან თავის ქების ყოველგვარი სურვილის განძევებით მოიპოვება. ეს მაშინ მოგვეცემა, თუ დავფიქრდებით იმაზე, რაც ამპარტავნებისაგან გამოწვეული ყველაზე უდიდესი ბოროტებაა - მარადიული ტანჯვა-წამება. უნდა ჩავკლათ უგრძნობელობა, რითაც ამპარტავნება ხიბლავს ჩვენს გულს. ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ - სიმდაბლის გარეშე ვერ ვცხონდებით. „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა. რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ვითარცა ყრმაი ესე, იგი უფროის იყოს სასუფეველსა ცათასა" (მთ. 18,3). ცხონების საქმეში სიმდაბლე ისევე აუცილებელია, როგორც ნათლობა. და რაც უფალმა თქვა სიმდაბლის შესახებ, იგივეს ამბობს ნათლობის მიმართაც: „ამენ, ამენ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არა იშუეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა" (ინ. 3,5). ესაია წინასწარმეტყველი გვეუბნება, რომ ჯოჯოხეთში ჩადიან ძლიერნი, დიდებულნი, განდიდებულნი, მდიდარნი და სხვანი, მათივე მსგავსნი: „მოდრკება ადამის ძე და კაცი დამცირდება, ამპარტავანთა თვალი დაიხრება" (ის. 5,15). იცოდე, ძმაო, რომ ამპარტავნება - დროშა და საყვირია სატანისა. მთიები ამპარტავნებისა ყოველთა შეუნანებელთა მეფეა. ის ყველა ცოდვილის წინამძღოლია, ამპარტავნება კი მისი მთავარი თვისება - უდიდესი დაბრკოლება ცხონებისაკენ მიმავალ ჩვენს გზაზე.

გონს მოდი, დაუკვირდი შენს შინაგან სამყაროს და თუ გულში იპოვი ამპარტავნების ნაკვალევს, შეეცადე, ამოშალო იგი. ნუ განიკითხავ ნურც ერთ ცოდვილს, რომელიც თავს იქებს, ვინაიდან შესაძლოა, რომ ის, ვინც ამჟამად ბოროტია, მეყსეულად შეიცვალოს, როგორც სახარებისეული ავაზაკი. ასევე შენც, რომელიც ამჟამად კეთილისმყოფელი ხარ, შეიძლება, უეცრად ბოროტებაც ჩაიდინო, როგორც ეს იუდას დაემართა. თავად განკითხვაც უკვე ამპარტავნების გამოვლინებაა. პავლე მოციქული ამბობს: „შენ ვინ ხარ, რომ განიკითხავს სხვის მონასა? თვისისა უფლისა დგეს გინათუ დაეცეს, დგეს სამე, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი დადგინებად მისდა" (რომ. 14,4). ამგვარად, ნუ მოიძულებ ღატაკებსა და უმნიშვნელო ადამიანებს, ვინაიდან ღატაკნი - ქრისტეს ნაცვალნი არიან, როგორც თავად მან ბრძანა მათ შესახებ: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მთ. 25,40).

ნუ იყოყოჩებ შენი კეთილშობილებითა და ნიჭიერებით, ვინაიდან ის მცირედიც, რაც გაქვს, შენი საკუთრება არ არის, და თანაც რამდენჯერ ბოროტად გამოგიყენებია ის? შენ იმ ზანგს ჰგავხარ, რომელიც სითეთრეს სასწაულად მიიჩნევს, ვინაიდან თვითონ თეთრი მხოლოდ კბილები აქვს. თავს ნუ იქებ და მუდამ პირველობას ნუ ეძიებ. ნუ ისურვებ, რომ სხვებზე კარგი გამოჩნდე. „თქუენ ხართ, რომელნი განიმართლებთ თავთა თვისთა წინაშე კაცთა, ხოლო ღმერთმან იცის გულნი თქუენნი, რამეთუ კაცთა შორის მაღალი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა" (ლკ. 16,15). გახსოვდეს, რომ უფალს შენი ნებისმიერი ცოდვის მოთმენა შეუძლია, გარდა - ამპარტავნებისა. გაიხსენე ის შეურაცხყოფა, დევნა და უპატიობა, რაც ქრისტემ ჯვარზე მოითმინა და ეს თავის დამდაბლებაში დაგეხმარება.
„რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის", თბილისი, 2004 წ.

წმიდა ნიკოდიმოს ათონელი

მსუბუქი ცოდვები

ვიფიქროთ ცოდვებზე, ზოგიერთები მსუბუქს რომ უწოდებენ, რომლებიც, მართალია, მომაკვდინებელი არაა, მაგრამ მაინც დიდი სიმძიმე აქვს და რომელშიც ჩვენ ნებისყოფის ნაკლებობის და სისუსტის გამო ვვარდებით: ცოდვა, რომელიც მსუბუქად გვეჩვენება, ასეთი არაა არც თავისთავად, არც მომაკვდინებელ ცოდვასთან შედარებით. მაგალითად, რომელიმე ტბას მცირე მაშინ ეწოდება, როდესაც მას დიდ ზღვას ვადარებთ, თუმცა სინამდვილეში იგი პატარა სულაც არაა, რადგან ბევრ წყალს შეიცავს. ასევე მცირე ცოდვა მხოლოდ მომაკვდინებელთან შედარებით გვეჩვენება მცირედ, თავისთავად აღებული, იგი დიდი ბოროტებაა. იმიტომ, რომ ცოდვა მცირეც და დიდიც - ერთი წყაროდან იღებს სათავეს - საღვთო კანონის დარღვევიდან, როგორც იოანე მახარებელი ბრძანებს: „ყოველმან, რომელმან ქმნეს ცოდვაი, მან უსჯულოებაიცა ქმნეს და ცოდვაი იგი არს უსჯულოებაი" (1 იოანე 3, 4). იაკობ მოციქული კი ბრძანებს, რომ „რომელმან ყოველი სჯული დაიმარხოს და სცთეს ერთითა, იქმნა იგი ყოვლისავე თანამდებ" (იაკ. 2, 10).

ასე რომ, საყვარელნო, როგორ შეგვიძლია, მცირე ვუწოდოთ ჩვენს ჩვეულებრივ ცოდვებს, მაგალითად, სიცრუეს, ანდა იმას, როდესაც ვამბობთ: „ავირჩიოთ პატარა ბოროტება, რათა დიდი არ მოხდეს". მრისხენება, საეკლესიო სათნოებების შესუსტება, შური, მწუხარება, რომელსაც ვგრძნობთ მაშინ, როდესაც ჩვენი მოყვასი წარმატებას აღწევს. ამაოდმეტყველება, დაუფიქრებელი საუბარი, ნაყროვანება, გემოთმოყვარება და სხვა მსგავსი?! როგორ შეიძლება ცოდვა იყოს მცირე, როდესაც ის დიდი ბოროტებისაკენ გვიბიძგებს?!

ნუ ჩავთვლით, რომ ეს ცოდვები, რომლებიც მცირედ გვეჩვენება, ღვთისთვის საძაგელი არ არის და ღვთის სასუფევლის დიდებას არ დაგვაშორებს. ჩვენ ვცდებით (ხიბლში ვართ), თუ ვთვლით, რომ რაღაც გავრცელებული ცოდვა, როგორიცაა, მაგალითად, ამაოდმეტყველება, ღვთის თვალში ბოროტება არ არის. უფალმა ხომ ძალიან ნათლად თქვა მის შესახებ: „ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ სიტყუაი უქმი, რომელა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა" (მათე 12, 36).

როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვთისათვის საძაგელი არაა ღორმუცელობა, მემთვრალეობა და სიცრუე, როდესაც თვით უფალმა ბრძანა, რომ იგი დაღუპავს „ყოველთა, რომელი იტყვიან სიცრუვესა" (ფს. 5, 6) და რომ მოსწყურდებათ გამაძღართ: „ვაი თქუენდა გამაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის" (ლუკა 6, 25). და აი, სახე იმისა, როგორ აზიანებენ მცირე ცოდვები სათნოებას და ამცირებენ ჩვენში ღვთაებრივ მადლს: თუ ბუზი ჩავარდება სურნელოვან მირონში, მაგრამ მას მალე ამოიყვანენ იქიდან, მირონის კეთილსურნელება არ დაზიანდება, ხოლო თუ ბუზი მასში დარჩება, მაშინ სურნელება სიმყრალედ გადაიქცევა, როგორც სულიწმიდამ ბრძანა ეკლესიასტეს პირით: „შხამიანი ბუზები აფუჭებენ და ალპობენ სურნელოვან ზეთს" (ეკლ. 10, 1).

ასევეა მცირე ცოდვებიც - როდესაც სათნო და ღვთისმოშიში სული მათგან არ იწმინდება, მაშინ ისინი მას უდიდეს ზიანს აყენებენ, რადგან, თუკი დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან მასში, მაშინ სული მისკენ მიიდრეკს თავის ნებას; ასეთ შემთხვევაში კი მას განეშორება სათნოების სიწმინდე და ღვთაებრივი მადლის კეთილსურნელება, ასეთი სულისათვის კი სრულყოფილების მიღწევა ძალიან ძნელი ხდება. ასეთი ცოდვები აბინძურებენ სულს და ღვთის წინაშე საძაგელს ხდიან მას, რამეთუ თუკი თუნდაც ერთი ბოროტი ზრახვა ღვთის თვალში საძაგელი და საზიზღარია, როგორც სოლომონი ბრძანებს: „უკეთურის ზრახვები სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა სიტყვები კი საამურია" (იგავნი 15, 26); და მარტოდენ აზრები, როდესაც ისინი მზაკვრულია, სულს უფლისაგან განაშორებენ („არასწორი სიბრძნე ღმერთს განაშორებს" (სიბრძნ. 1, 3)), მაშ, რამდენად შორდება ღვთაბრივ სიყვარულს და მისი განუსაზღვრელი მადლისათვის საძაგელი ხდება ის ცოდვილი სული, რომელიც საქმით აღასრულებს ამ „მცირე" ცოდვებს?

ჩვენ აუცილებლად უნდა ავარიდოთ თავი ცოდვებს, რადგან თუ მოვინდომებთ, რომ ღმერთსაც სათნო ვეყოთ და არც „მცირე" ცოდვების მიტოვება გვსურს, მაშ, რა უნდა იყოს უფრო მეტად საძულველი ღვთისთვის, თუ არა ის, როდესაც გვსურს, ზედა ჯოჯოხეთთან შევაერთოთ, სიბნელე - ნათელთან, ცეცხლი - წყალთან და სიწმინდე - ბოროტებასთან? მართალია, ეს ცოდვები „მცირედ" გვეჩვენება, მაგრამ მათ უდიდესი სიმძიმე აქვთ, რამეთუ წმიდა ღმერთს განარისხებენ. ასევე, უდიდესი ბოროტება, რომელიც, შეიძლება ქმნილების მიმართ იყოს ჩადენილი, არაფერია იმასთან შედარებით, რაც შემოქმედის მიმართ არის ჩადენილი. შეგვრცხვეს იმ სიმსუბუქისა, რომლითაც ღვთისთვის არასათნო საქციელს ჩავდივართ. აღვასრულოთ ღვთის ყველა მცნება და გადავწყვიტოთ, რომ არათუ აღარ ჩავიდინოთ ეს მცირე ცოდვები, არამედ სრულიად აღარ დავუშვათ, რომ ჩვენი გული მათკენ მიიდრიკოს. თუ მცირე ცოდვებში ბუნებისა და ნებისყოფის უძლურების გამო ჩავვარდებით, ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენი გული გაერთოს ამით, არამედ შევიძულოთ ისინი, შევინანოთ, ვაღიაროთ და შევთხოვოთ უფალს, რომ მან თავისი მადლით განგვამტკიცოს, რათა კვლავ ამ ცოდვებს არ დავუბრუნდეთ.

ვიფიქროთ, აგრეთვე, იმ მრავალრიცხოვან ბოროტებაზე, რომელიც ჩვენი სულისათვის „მცირე" ცოდვებს მოაქვს. როგორც ავადმყოფობა ასუსტებს ჩვენს სულს, ასევე პატარა ცოდვები განაშორებენ მას ყოველგვარ სიკეთეს და ასუსტებენ, როდესაც სპობენ სათნოებას, რომელსაც ადამიანისათვის კეთილსურნელოვანი სიწმინდე მოაქვს. თითოეული ცოდვა მსუბუქად კი გვეჩვენება, მაგრამ განგვაშორებს სულიერი ცხოვრების ნაყოფს, წმიდა საიდუმლოებებიდან შორს განგვაყენებენ და ხელს უშლიან უფალ იესო ქრისტესთან ჩვენს ერთობას, როგორც ილია წინასწარმეტყველი ბრძანებს: „მხოლოდ თქვენი უკეთურობანი იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის" (ესაია 59, 2). ეს მცირე, მისატევებელი ცოდვა ჩვენს სულში სიყვარულს აციებს, კლავს სათნოებას, აშრობს ლმობიერების ცრემლებს, აქრობს სინანულს და ხელს უშლის ჩვენში ქრისტეს მადლის დამკვიდრებას. მაგრამ უფრო დიდი ბოროტებაა, როდესაც მცირე ცოდვებიდან ადვილად გადავდივართ მძიმე, მომაკვდინებელ ცოდვებზე, რომლებიც სრულიად ღუპავენ საბრალო ადამიანს. ეს ცოდვები აუძლურებენ სულის კეთილ მისწრაფებებს, ხელს უშლიან ღვთის შეწევნას.

ახლა შევხედოთ, როგორ გადავდივართ მცირე ცოდვებიდან დიდზე. ჩვენ უმნიშვნელოდ გვეჩვენება, როდესაც გაუფრთხილებლად ვათვალიერებთ მშვენიერ სახეს, მაგრამ მოდით, დავაკვირდეთ, თუ რომელ ცოდვებთან მიგვიყვანს ეს. სილამაზის თვალიერება საშუალებას აძლევს უწმინდურ ფიქრებს სრულიად მოგვიცვან, ისინი ჩვენს აზრებს იპყრობენ, შემდეგ უკვე იმის მისწრაფებაც გვიჩნდება, რომ მივწვდეთ ტკბობას, შემდეგ ცოდვის საქმით აღსრულებას ვიწყებთ, რამდენიმეგზის გამეორება ცოდვას ჩვევაში გადაზრდის, ჩვევა ჩვეულებაში გადადის და ბოლოს აუცილებლობად ყალიბდება. ასეთი მდგომარეობა სასოწარკვეთილებას ბადებს, რასაც მარადიული სიკვდილი მოაქვს. უფალმა ნაზარევლებს დაუდგინა, რომ არა მარტო ღვინო არ დაელიათ, არამედ, შემოუსვლელი ყურძნის ნაყოფი არ მიეღოთ და მისი წვენი არ ესვათ. ეს იმიტომ, რომ ვინც შემოუსვლელ ყურძენს შეჭამს, მერე შემოსულსაც გაუსინჯავს გემოს, აქედან წვენზე გადავა, წვენიდან - ღვინოზე, ღვინიდან - ლოთობაზე. ეხლა ჩვენ ვხედავთ, თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს შეცოდებათა გრძელმა ჯაჭვმა, რომელიც „მცირე" ცოდვიდან იწყება. ის, ვინც მცირე შეცოდებებს ყურადღებას არ აქცევს, დიდ ცოდვაში ვარდება. როგორც ამას „სიბრძნე ზირაქისა" გვეუბნება: „მცირედთა არადჩამგდები თანდათან დაკნინდება" (ზირ. 19, 1). და ბოლოს, წმიდა ოქროპირი ამბობს, რომ თუმცა თესლი მცირეა, მისგან დიდი ხეები ამოიზრდება. ასევე მელიებიც: - თუმცა პატარა მხეცები არიან, მაგრამ მთელი ვენახის დაღუპვა შეუძლიათ. მცირე ცოდვები ხომ მელიების მსგავსად ანადგურებენ სათნოებათა ყლორტებს. შედეგად ადამიანი თანდათანობით ირყვნება და ბოლოს უდიდეს ცოდვებში ვარდება.

„რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი ცხონებისათვის", თბილისი, 2004 წ.