სამშაბათი
2024-03-19
4:59 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† დაქორწინების მსურველთ †

† წმიდა იოანე ოქროპირი †

რჩევა დაქორწინების მსურველთ

შეგაგონებთ დაქორწინების მსურველთ - უდიდესი წინდახედულებით მოეკიდეთ ამ საქმეს; გირჩევთ, ცოლის შერთვის წინ მიმართოთ ნეტარ პავლეს, წაიკითხოთ მისი კანონები ქორწინების შესახებ და წინასწარ შეიტყოთ, რას ავალებს იგი კაცს, თუ მას ანჩხლი, მზაკვარი, ლოთი, ჭორიკანა, უგუნური ან სხვა მსგავსი ნაკლის მქონე ცოლი შეხვდება, და ამის მერე იფიქროთ ქორწინებაზე. თუ ამოიკითხავ, რომ მოციქული უფლებას გაძლევს, ჩამოთვლილ თვისებათაგან ერთერთის შემჩნევის შემდგომ უარყო ერთი ცოლი და მოიყვანო მეორე, თამამად აისრულე სურვილი, რაკი საფრთხე საერთოდ არ გემუქრება. მაგრამ თუ პავლე ამის ნებას არ გრთავს, გავალებს - რა ნაკლიც უნდა ახასიათებდეს ცოლს, თვინიერ მრუშობისა, გიყვარდეს, არსად გაუშვა, მზაობით შეხვდი ცოლის უკიდურესი სიანჩხლის გაძლებას - ამაზე იზრუნე. თუ ეს მძიმე და გაუსაძლისია, მაშინ წინასწარვე ყოველ ღონეს მიმართე, რათა შეირთო კეთილი, ღვთისმოსავი და დამჯერი ცოლი. წინააღმდეგ შემთხვევაში ორი არჩევანი გექნება, ან მის სიანჩხლეს გაუძლებ, ან თუ ამის ატანას ვერ შეძლებ და გაუშვებ, მრუშობის ცოდვა დაგბრალდება. უფალი გვეუბნება: ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა (მთ. 5,32). ეს ყოველივე ქორწინებამდე კარგად ავწონ-დავწონოთ, გავეცნოთ პავლეს მიერ შექმნილ კანონებს და მთელი ძალისხმევა მივმართოთ იქით, რომ თავიდანვე ზნეკეთილი და ჩვენი ხასიათის შესაფერისი ცოლი შევირთოთ. ასეთი მონდომება დიდ სიკეთეს შეგვძენს; მას არასდროს გავუშვებთ და ძლიერადაც გვეყვარება; პავლე გვავლებს: ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ (ეფ. 5,25). თუ იცი, ქრისტემ როგორ შეიყვარა ეკლესია? ისე, რომ თავი თვისი მისცა მისთვს. ამიტომ ცოლისთვის სიცოცხლის გაღებაც რომ დაგჭირდეს, ნუ დაიხევ. თუ უფალმა ისე შეიყვარა მონა, რომ თავი თვისი მისცა მისთვს, შენ მით უფრო უნდა გიყვარდეს შენივე მსგავსი მონა. პავლემ ამ სიტყვებს აგრეთვე დაუმატა: რაჲთა იგი წმიდა-ყოს, განწმიდა საბანელითა მით წყლისაჲთა და სიტყჳთა (ეფ. 5,26). სიტყვით წმიდა-ყოს მოციქულმა მიგვანიშნა, რომ ადრე ეკლესია არაწმინდა და შებილწული იყო, მაგრამ მაცხოვარმა მის სიმახინჯეს ზურგი არ აქცია, უშნო იერი შეუცვალა, გარდაქმნა, გამოასწორა და ცოდვები შეუნდო.

შენც მიბაძე ქრისტეს! ბევრი ცოდვაც რომ მიუძღვოდეს ცოლს შენს წინაშე, მაინც მიუტევე და შეუნდე. თუ ავი ზნის იქნება, გამოასწორე სიკეთითა და სიმშვიდით, როგორც ქრისტემ - ეკლესია. წარუდგინოს თავადმან თავსა თჳსსა დიდებულად ეკლესიაჲ, რაჲთა არა აქუნდეს მწინკულევანებაჲ არცა ნაოჭ ბრძჳლისა (ეფ. 5,27). უფალს შემდგომაც ბევრი უნახავს შებილწული და არაწმინდა, მაგრამ მათზე უარი არ უთქვამს, არ მოუკვეთია, მუდამ კურნავდა და აჯანსაღებდა. არც ჩვენ მოვიკვეთთ სხეულის დასნეულებულ ნაწილს, არამედ მის მოსარჩენად ვიზრუნებთ. ასე მოვექცეთ ცოლსაც. თუ მას რაიმე ნაკლი აქვს, კი ნუ გაუშვებ, ეს მანკიერება ამოძირკვე მასში. სხეულის ნაწილზე ზრუნვა ხომ არაფერს გვარგებს, თუ იგი განუკურნებელი დარჩება; მაგრამ თუ ცოლის სნეულებას ვერაფერს ვუშველით, მაინც დიდი ჯილდო მოგველის, რაკი ვარიგებდით, ვასწავლიდით და წინ ვუძღვოდით. ჩვენმა დამოძღვრამ მას საერთოდაც რომ ვერაფერი შესძინოს, ღმერთი დიდი ჯილდოს ღირსად მაინც გაგვხდის, რადგანაც მისი შიშით ვითმენდით, ვუძლებდით, მშვიდად ვხვდებოდით ცოლის სიავეს და საკუთარი სხეულის ასოებივით ვუვლიდით.

ცოლი ჩვენი განუყოფელი ნაწილია და ამიტომაც განსაკუთრებით უნდა გვიყვარდეს იგი. ამას გვასწავლის პავლეც: ესრეთ ჯერ-არს ქმართაჲ ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა ჴორცთა თჳსთაჲ, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი, თავი თჳსი უყუარს. რამეთუ არავინ სადა თავი თჳსი მოიძულის, არამედ ზრდინ და ჰფუფუნებნ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიასა, რამეთუ ასონი ვართ გუამისა მისისანი, ჴორცითა მისთაგანნი და ძუალითა მისთაგანნი (ეფ. 5,28-30). მოციქულის სიტყვებით, როგორც ევა იშვა ადამის ფერდიდან, ჩვენც ისევე ვიშვით ქრისტეს ფერდიდან, როდესაც ის ჯვარზე მიმსჭვალული მოკვდა, როცა ერთმან ერისაგანმან ლახურითა უგუმირა გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოჴდა სისხლი და წყალი (ინ. 19,34). და ამ სისხლისა და წყლისგან აღეშენა მთელი ეკლესია. თავად უფალი ადასტურებს ამას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა (ინ. 3,5). სისხლს იგი უწოდებს სულს. ჩვენ ნათლისღების წყლით ვიშვებით და სისხლით ვსაზრდოობთ. ვითარცა ადამის ძილის დროს შეიქმნა მისი ცოლი, ისე ქრისტეს სიკვდილის ჟამს იშვა მისი ფერდიდან ეკლესია.

მაგრამ ცოლი მარტო იმიტომ არ უნდა გვიყვარდეს, რომ ჩვენი ნაწილია და ჩვენგან მიეცა არსებობის დასაბამი, არამედ იმიტომაც, რომ ეს ღმერთმა კანონით დაგვიდგინა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც (დაბად. 2,24). პავლემაც, რათა ყოველი საშუალებით აღეძრა ჩვენში ეს სიყვარული, განგვიცხადა ასეთივე კანონი და დასძინა: საიდუმლოჲ ესე დიდ არს (ეფ. 5,32).

რატომ არის ეს საიდუმლო დიდი? იმიტომ, რომ ასული, თითქმის გამოუსვლელად რომ იჯდა სახლში და არასდროს ენახა საქმრო, პირველივე დღიდან ისე ეჩვევა და უყვარდება იგი, როგორც საკუთარი სხეული; ასეა ქმარიც: მას, ვისთვის თვალიც არ შეუვლია, ვისთანაც არასდროს უსაუბრია, დაქორწინების პირველივე დღიდან ამჯობინებს ყველას - მეგობრებს, ნათესავებსა და მშობლებსაც კი. იგივე ითქმის მშობლებზეც: როცა მათ სხვა რაიმესთვის ართმევენ ფულს, ისინი შფოთავენ, ჩივიან და წამრთმევს სამსჯავროზე მიათრევენ, ხოლო კაცს, ხშირად სრულიად უცნობს, სახითაც რომ არ უნახავთ, სიხარულით აბარებენ თავიანთ ასულს მდიდრული მზითევითურთ და ამას არ მიიჩნევენ დანაკარგად. მათ ავიწყდებათ თავიანთ შეჩვეულ შვილებთან განშორების სიმძიმე, არ ჩივიან და არ იტანჯებიან, პირიქით, მადლიერნიც არიან, რომ სასურველი რამ ხდება - ასული სახლიდან მიდის და თან დიდი სიმდიდრეც მიაქვს. პავლე ასე წარმოიდგენს ყოველივე ამას: ასული როგორ დატოვებს ორივე მშობელს და ძვალსა და რბილში გამჯდარ ჩვევაზე ძლიერი კავშირით მიემსჭვალება ქმარს, რის შემდეგაც აცნობიერებს, რომ ეს არ არის კაცობრივი გრძნობა - ასეთი სიყვარული ღმერთმა შთაგვინერგა და ისე მოაწყო, რომ თავად ასულიც ბედნიერია და შვილის მიმცემნიც ამას სიხარულით იქმან. მოციქული ამიტომაც ამბობს: საიდუმლოჲ ესე დიდ არს. ჩვილმა ჯერ ლაპარაკი არ იცის, მაგრამ მშობლებს დანახვისთანავე სცნობს; სწორედ ასე საცოლეც და საქმროც ყოველგვარი შუამავლის, ვინმეს ჩაგონებისა და რჩევის გარეშე, ერთი შეხედვით მიემსჭვალებიან ურთიერთს. გასაოცარი და გამაოგნებელია მოციქულის შენიშვნა: იგივე მოხდა ქრისტესა და ეკლესიას შორის. როგორ?! როგორც საქმრო ტოვებს მამას და მიდის საცოლესთან, ისე ქრისტემ დაუტევა მამის საყდარი და მოვიდა სასძლოსთან. ამით ჩვენ კი არ აგვიყვანა ზეცად, თავად გარდამოხდა ჩვენთან. თუმცა სიტყვებში: მან დაუტევა მამის საყდარი - იგულისხმება არა მისი სრული გადმოსახლება დედამიწაზე, არამედ გარდამოხდომა - ის ჩვენთან ყოფნის ჟამს მამასთანაც იყო. ამიტომაც - საიდუმლოთ ესე დიდ არს, ანუ ეს უდიდესი საიდუმლოა ადამიანთათვისაც. როდესაც ვხედავ, რომ იგივე მოხდა ქრისტესა და ეკლესიას შორის, განცვიფრება და გაოგნება მიპყრობს. პავლემ თავის ნათქვამს დაურთო: ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისა (ეფ. 5,32).

მაშ, რაკი იცი, რაოდენ დიდი საიდუმლოა ქორწინება და რა მოვლენის ხატია იგი, დაუკვირვებლად და მარტივად ნუ იმსჯელებ მასზე. ნუ დაიწყებ დიდი ქონების მქონე საცოლის ძიებას. ქორწინება უნდა აღიქვა არა როგორც ვაჭრობა, არამედ როგორც ორი ადამიანის ცხოვრების კავშირი.

ცოლს ერთი მოვალეობა აქვს: გაუფრთხილღეს ოჯახის ქონებას, მოუაროს შემოსავლებს, იზრუნოს სახლზე... ღმერთმა იგი ყველაფერში თანამდგომად მოგვცა. ცხოვრებაში გვიხდება ორგვარი საქმის - საზოგადოებრივისა და პირადის - შესრულება. ამიტომ ღმერთმა ისინი გამიჯნა, ცოლს სახლზე ზრუნვა დაავალა, ქმარს საქმიანობის ასპარეზად მიუჩინა ქალაქი, სავაჭრო უბნები, სამსჯავრო, სათათბირო, ბრძოლის ველი და სხვა. ცოლს არც შუბის ძგერება შეუძლია, არც ისრის ტყორცნა, სამაგიეროდ იცის დართვა, ქსოვა, ეხერხება საშინაო საქმეთა მოგვარება. ის აზრს ვერ გამოთქვამს სათათბიროში, სამაგიეროდ, სახლში იძლევა მითითებებს და ქმარზე უკეთ ესმის საშინაო საქმეები. ცოლს არ ძალუძს საზოგადო საქმეთა წარმატებით მოგვარება, მაგრამ ყველა შენაძენზე უმთავრესის - შვილების კარგად აღზრდა მის ხელთაა. ცოლი ადევნებს თვალყურს მოსამსახურეებს, ხან ამხნევებს, ხანაც უთითებს უწესო ქცევებზე, ზრუნავს მათ პატიოსნებაზე, უქმნის ყველა პირობას მეუღლეს და ამით ათავისუფლებს ისეთ საშინაო საზრუნავთაგან, როგორიცაა ძვირფასეულობისა თუ შალეულის მოვლა, სადილის მომზადება, სამოსის მოწესრიგება... მოკლედ, ყველაფრისგან, რისი გაკეთებაც ქმარს არც შეჰფერის და არც გამოუვა, ძალიანაც რომ ეცადოს.

ჭეშმარიტად, ღვთის სიბრძნითა და განგებულებით ხდება ისიც, რომ უმნიშვნელოვანეს საკითხებში გარკვეული კაცი უვიცი და გამოუსადეგარია შედარებით მარტივ, საყოფაცხოვრებო საქმეებში, რათა ცოლის როლიც აუცილებელი იყოს. ღმერთს რომ შეექმნა ადამიანი, რომელსაც ერთნაირად კარგად გამოუვიდოდა საზოგადო და პირადი საქმენი, მაშინ დედაკაცი დაიჩაგრებოდა. მეორე მხრივ, ცოლებისთვის რომ დაევალებინა საზოგადოვბრივად მნიშვნელოვანი, საჭირბოროტო საკითხების მოგვარება, ისინი უზომოდ გაამაყდებოდნენ. ამიტომაც უფალმა არ უბოძა ყველაფერი ერთს, რათა მეორე არ დამცრობილიყო და ზედმეტად არ ეგრძნო თავი; უფალმა ცოლ-ქმარს არც საქმეთა კეთების უნარი გაუნაწილა თანაბრად, რათა თანასწორობას რაიმე ჭიდილი და მეტოქეობა არ მოჰყოლოდა. - ცოლები ხომ შეეცდებოდნენ, ქმარს გასტოლებოდნენ პატივის მიღებაში. ღმერთმა იზრუნა მათ მშვიდობიან ურთიერთობაზე, გაითვალისწინა თითოეულისთვის ნიშანდობლივი ღირსება და ორად გაყო მათი მოვალვობანი: ფართო მნიშვნელობისა და აუცილებელი ქმარს მიანდო, შედარებით იოლი და ნაკლებმნიშვნელოვანი - ცოლს. ეს იმიტომ, რომ, ქმარი თავისი საქმიანობის აუცილებლობის გამო ჩვენგან პატივისცემით სარგებლობდეს, ცოლი კი დასჯერდეს თავისი როლის ნაკლებ მნიშვნელობას და არ აუმხედრდეს მეუღლეს.

ვიცით რა ეს ყოველივე, მხოლოდ სულიერი სათნოება და კეთილშობილება ვეძებოთ საცოლეში, რათა დავტკბეთ მშვიდობით, თანხმობითა და შეუძვრელი სიყვარულით. მდიდარი დედაკაცის შემრთველი ცოლის ნაცვლად ქალბატონს ისვამს სახლში, რომლის მსგავსნი ისედაც სიამაყით აღსავსენი და პატივმოყვარენი არიან. როცა ამას სიმდიდრეც დაემატება, წარმოიდგინეთ, რა აუტანელნი იქნებიან ისინი მეუღლეთათვის! ხოლო ვინც ქონებით თავისი თანასწორი ან უფრო ღარიბი ცოლი შეირთო, მან აირჩია თანაშემწე და თანამუშაკი, რითაც სახლს სიკეთე შეჰმატა. ასეთ ცოლს გაჭირვება განაწყობს, გაუფრთხილღეს თავის ქმარს, უსიტყვოდ დაუჯეროს და დაემორჩილოს, აღმოფხვრას ჩხუბის, მტრობის, სიამაყის, შეურაცხყოფის ნებისმიერი საბაბი, შექმნას მშვიდობაზე, ერთსულოვნებაზე, სიყვარულსა და თანხმობაზე აგებული კავშირი.

ნუ ვცდილობთ ფულის შოვნას, ვეძებოთ სიმშვიდე და მისით დავტკბეთ. ქორწინება ხდება არა სახლის აღსავსებად მტრობითა და სიძულვილით, ჩხუბის, უთანხმოების, ურთიერთქიშპობის გასაღვივებლად და სიცოცხლის გასამწარებლად, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ გვყავდეს თანაშემწე და მანუგეშებელი, თავსდატეხილი უბედურების დროს გვეგულებოდეს საიმედო ნავსაყუდელი, თავშესაფარი რომ მასთან საუბარი სიამოვნებას გვანიჭებდეს. რამდენმა მდიდარმა შეირთო მდიდარივე ცოლი, გაამრავლა თავისი ქონება, მაგრამ ვერ ჰპოვა სიამტკბილობა და თანხმობა, რადგან განუწყვეტელი ჩხუბი და ორთაბრძოლა ტრიალებდა მის სახლში. რამდენი ღარიბი ვიცი, რომლებმაც უპოვარი ცოლები მოიყვანეს, მაგრამ ტკბებიან სიმშვიდით და ყოველდღე სიხარულით შესცქერიან მზეს. შეძლებულნი კი, თუმც ფუფნებაში არიან ჩაფლულნი, ცოლების გამო სიკვდილს ნატრობენ, რათა თავიანთი გაუსაძლისი ცხოვრებიდან განთავისუფლდნენ. მაშასადამე, სიმდიდრე სასიკეთოს ვერაფერს შეგვძენს, თუ სათნო სულის ადამიანი არ გვეყოლება გვერდით. მაგრამ რა მშვიდობასა და თანხმობაზე ვსაუბრობ?!.. მდიდარი ცოლის შერთვა ხშირად საზიანოც კი არის ქონების გაზრდისთვის. მაგალითად, კაცი მთელ სიმდიდრეს გაანიავებს ცოლის მზითვის იმედით, მაგრამ დაქვრივდება თუ არა, ვალდებულების ძალით მთელი მზითვი ცოლის ნათესავებს უნდა დაუბრუნოს, თავად კი ღატაკი რჩება. ზღვაში გემის ჩაძირვის დროს თითოეული მხოლოდ თავის შველას თუ ახერხებს, აქაც სწორედ ასეა - უამრავ უსიამოვნებას, ჩხუბს, უთანხმოებას და საქმეთა გარჩევას კაცი ძლივს აღწევს თავს და აღარაფერი რჩება.

გავითვალისწინოთ ეს ყოველივე და ცოლის შერთვისას არჩევანი შევაჩეროთ მის სათნოებებზე, პატიოსნებაზე, კეთილგონიერებაზე და არა ფულზე. ცოლი მარტოოდენ იმიტომ შევირთოთ, რომ გავექცეთ ცოდვას, გავთავისუფლდეთ ყოველგვარი სიძვისგან; ქორწინებამ უნდა შეგვაძლებინოს სიწმინდით ცხოვრება. ამას კი მაშინ მოვახერხებთ, თუ ჩვენი რჩეული იქნება მოკრძალებული და ოჯახში ღვთისმოსაობასა და სიწმინდეს შემოიტანს.

როცა ცოლის შერთვას აპირებ, დახმარებისათვის ნუ მიაკითხავ სხვებს, განსაკუთრებით დედაკაცებს, რომლებიც სხვისი უბედურებით ვაჭრობენ და ამ საქმიდან მხოლოდ სათავისო ხეირს ეძებენ. შენ მიმართე ღმერთს და ისიც არ ითაკილებს შენი ქორწინების მოწყობას. მან თავადვე აღგვითქვა: ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ (მთ. 6,33).

დაქორწინდით ღირსეულად, ნუ გაიკარებთ როკვას, ხარხარს, უზამს საუბრებს, ებანისა თუ საყვირის ხმებს და სხვა ყველაფერს, რაც ეშმაკის მოგონილია. მოუხმეთ მხოლოდ ღმერთს თქვენი ყოველი საქმის შემწედ. თუ ასე წარვმართავთ საკუთარ საქმეებს, არც განქორწინება მოგვიხდება, არც მრუშობის გამო შეგვიპყრობს ეჭვიანობა, არც ჩხუბი და მტრობა გაგვტანჯავს, პირიქით, დავტკბებით სრული სიმშვდითა და თანხმობით, რაც, ცხადია, სხვა სათნოებებსაც შეგვძენს.

„ბჭე სიწმიდისა", თბილისი, 2008 წ.