პარასკევი
2024-04-26
8:11 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2016 » აპრილი » 28 » † სამწუხაროა რომ ურწმუნო, უგულო ავაზაკს ვემსგავსებით †
9:23 PM
† სამწუხაროა რომ ურწმუნო, უგულო ავაზაკს ვემსგავსებით †
წარმავალი და მეტად მძიმეა ადამიანის მიწიერი ცხოვრება. საცდურით აღსავსე მისი ბნელი გზა ტანჯვაზე, ეკლებსა და ათასგვარ განსაცდელზე გადის. ჩვენი ქვეყნიური სიცოცხლე მზადებაა სიკვდილთან შესახვედრად, დროის ყოველი მონაკვეთი მასთან გვაახლოებს, რადგან წუთისოფელი არავის ინდობს, არავის სწყალობს, მისი განაჩენი ყველასთვის ერთია - სიკვდილი. კაცისათვის შეიქმნა ეს სოფელი, მაგრამ კაცი არ შექმნილა მისთვის. ვინც ცხოვრებისეული ჟამის დინებას მიჰყვება, მასშივე შთაინთქმება, ვინც მიწას მეგობრობს, იგი ზეცას მტრობს. ერთადერთი ძალა, მიუწვდომელი საიდუმლო, რომელიც აჩერებს და რომელსაც ემორჩილება დრო - ქრისტე და მისი რწმენაა. ყოველი ადამიანი, რომელიც ისმენს უფლის მაცოცხლებელ ხმას და რწმენით დგამს თითოეულ ნაბიჯს, "რომც მოკვდეს, მაინც იცოცხლებს". უფალმა მოგვანიჭა სიცოცხლე და მასვე უნდა მივუძღვნათ იგი, რათა კვლავ მასთან ერთად ვსუფევდეთ მარადიულობაში. უგუნურებაა, როდესაც ადამიანს საკუთარ მშობლებზე მეტად იმ სახლის კედლები და ნივთები უყვარს, რომელშიც ცხოვრობს და იზრდება; ასევე უგუნურია ისეთი კაცი, რომელმაც შემოქმედზე მეტად მიწა და მიწიერი "სიკეთენი" შეიყვარა. ვინც შებოჭილია ქვეყნიური სიკეთეებისადმი ვნებით, ის მფლობელი კი არა, ფლობილია. არ უნდა ისურვო ისეთი რამ, რომელსაც ოდესმე ვეღარ მოიხმარ და რომლის მუდმივ ფლობასაც ვერ შეძლებ (წმინდა ნილოს სინელი).
 
არ არსებობს მყარი, უცვლელი კეთილდღეობა წუთისოფელში, დღეს რაც გახარებს, ხვალ ან ზეგ მას მწუხარება და ტკივილი შეცვლის და ასეა აღსასრულამდე. მხოლოდ ქრისტეში, მის წიაღშია მარადიული სიხარული, საუკუნო განსვენება, რომელიც აქ, ცოდვილ მიწაზე იწყება და არასოდეს შეწყვეტს არსებობას. გოლგოთის სამი ჯვარცმა სახეა მთელი კაცობრიობისა (წმინდა ნიკოლოზ სერბი).
 
უფალი ავაზაკთა შორის, "ღმერთი დამნაშავეთა თანა შერაცხილი". ერთი - მაცხოვართან ერთად სამოთხის კარის შემღები, მეორე კი კვლავ ავაზაკად დარჩენილი, ერთი რწმენითა და სინანულით გამართლებული, მეორე კი გაკერპებული ცოდვასა და ურწმუნოებაში. ცხონებასთან, ქრისტესთან ორივენი ახლოს მყოფნი, მაგრამ მხოლოდ ერთი გამარჯვებული, ზეციური სიხარულის მომპოვებელი, მეორე - უსამართლობის, უგუნურების წყვდიადში ჩაძირული, რომელიც სიკვდილის სარეცელზე მყოფი კიდევ მიწიერ ცხოვრებასა და თავისუფლებას ესწრაფოდა, ხორციელ ხსნაზე ფიქრობდა, რომლის გვერდით იყო ჭეშმარიტი მხსნელი, მეუფე ყოველი ქმნილებისა; სასჯელიდან გამოხსნა სწადდა, რომლის გვერდით იყო ჭეშმარიტი დამსჯელი და განმაქარვებელი სიკვდილისა, მომნიჭებელი სიცოცხლისა.
 
 
რატომ ეცვა უფალი ჯვარს ავაზაკთა შორის? რისთვის ევნო იგი დამნაშავეებთან ერთად? იმისათვის, რომ ადამიანებისათვის დაენახვებინა მათი ჭეშმარიტი სახე, რომ თითოეული კაცი ავაზაკია, დამნაშავეა ღვთის წინაშე თავისი ცხოვრებითა და უსამართლობით. მაცხოვარი მარადის ეცმება ჯვარს თითოეულ ცოდვილში და ცოდვილთან ერთად, რაჟამს იგი თავისი ქცევით უარყოფს მას, მაგრამ, ამავე დროს, ელოდება მისგან უდიდესი სინანულით წარმოთქმულ საოცარ სიტყვებს: "მომიხსენე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა", მაპატიე, შემოქმედო, "რამეთუ მე, ვითარცა კაცმან, შეგცოდე, ხოლო შენ, ვითარცა ღმერთ ხარ, შემინდევ". ჯვარცმა ჯერ კიდევ არ ნიშნავს სიცოცხლესა და ცხონებას, რამეთუ მიწა ყველას ტანჯავს, ვნებს, სასჯელს უმზადებს, მაგრამ ყველა არ აცვამს ჯვარს წუთისოფელს საკუთარ სულში, რამეთუ კვლავ მისკენ იხრება და ისწრაფვის. მთელი ჩვენი ცხოვრება ის მცირე ჟამია, რომელიც ჯვარზე გაკრულ ავაზაკთ თავიანთ აღსასრულამდე, სულის ამოსვლამდე გააჩნდათ... ასე ახლოს ვართ თითოეულნი სიკვდილთან, მეტად მცირეა ის დრო, რომელიც მრავალთ ასე ხანგრძლივი და ტკბილი ჰგონიათ. ჩვენ, ყველანი, ჯვარცმულნი ვართ ჩვენი ცოდვებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ გვახსოვს უფალი, ხშირად ვივიწყებთ მას, არ არის ჩვენში სინანული, დანაშაულის გრძნობა, პატიების სურვილი. ჯვარცმული ადამიანი მხოლოდ უფალზე, ჭეშმარიტ სიცოცხლეზე უნდა ფიქრობდეს, არ უნდა მიეწებოს მიწას სულითა და ხორცით, რადგან გზა ხსნისა სხვაგან და სხვაში არსად არ არსებობს. მორწმუნე ადამიანის სიცოცხლე ქმედითი გამოხატულებაა ჰეგელის დიდებული ნათქვამისა: "ღიმილი ცრემლებში" ანუ ქრისტესმიერი სიხარული ცხოვრებისეულ ქარტეხილებსა და განსაცდელებში. მიწიერი ცხოვრება სხვა არა არის, თუ არა ცრემლი და გაჭირვება, ტანჯვა და ტკივილი, მხოლოდ ერთია ნუგეში, ერთია "ღიმილი" მასში - ქრისტე. სამწუხაროა, რომ ხშირად ჩვენი ყოფიერებით არა მონანულ, არამედ ურწმუნო, უგულო ავაზაკს ვემსგავსებით.
 
ვნებებისა და ბილწების სარეცელს მილურსმულნი კვლავ ხორციელ ტკბობასა და სიამოვნებაზე ვფიქრობთ. რწმენას, მის სიდიადეს წარმავალი კეთილდღეობითა და წუთიერი განცხრომის საზომით განვსაზღვრავთ, ვაფასებთ. გამუდმებით ვიმეორებთ ღვთისმგმობი ავაზაკის სიტყვებს: "შენ თუ ხარ ქრისტე, იხსენ თავი შენი და ჩვენცა". განა სხვას რას უნდა ნიშნავდეს იმ კაცის ცხოვრება, რომელსაც რწმენა მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისა და ნებიერი სურვილების დასაკმაყოფილებლად სჭირდება. ასეთ კაცს არ შეიძლება ეწოდოს არც მორწმუნე და არც საერთოდ გონების მქონე. ორივე ავაზაკი აღსრულდა ჯვარზე, მაგრამ ერთი მოკვდა ქრისტეში და სიცოცხლე პოვა მასში, რადგან ღირსი შეიქნა ნეტარი სიტყვების მოსმენისა: "ამინ, გეტყვი შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა", ხოლო მეორე მოკვდა ცოდვაში - გვერდი აუარა მაცხოვნებელ მადლს, ღვთის დიდებას. თუმცა ფიზიკურად, ხორციელად ასე ახლოს იყო უფალთან, მაგრამ სულით, რწმენით - ძალიან შორს. როდესაც მხოლოდ ხორციელად, ფორმალურად ვართ ახლოს უფალთან, სულით კი ძალიან შორს, გამუდმებით მიწიერებას, წუთიერ ფასეულობებს ვემონებით, ვემორჩილებით, ჯვარცმულნი საკუთარი ცოდვებით არა უფალს, არამედ კვლავ ცოდვას, უსამართლობას შევნატრით. სიკვდილის წინ ადამიანი ხვდება, რომ თურმე წარმავალი, ხრწნადი ყოფილა თვალისმომჭრელი ქვეყნიური სილამაზე, საცდურსა და სიცრუეზეა დაშენებული ყვავილებით მორთული მისი ფართო გზა, რომ არ არის მასში სამართალი, სიცოცხლე, მარადიულობა; ქარის დევნა და წყალზე წერაა მასზე ოცნება და მისით გატაცება, მხოლოდ ერთია ნათელი, რომელიც ანათებს ბნელით მოცულ მის ვრცელ ლაბირინთს, ერთია ძალა, რომელიც ამხელს და ამარცხებს მის უძლურებას და ერთადერთია ის დიდი სიყვარული ჯვარცმული მაცხოვრისა, რომელმაც თავისი წმინდა ხორცისა და სისხლის ფასად საუკუნო ნეტარება, გამარჯვება მოაპოვებინა ყოველ მის მორწმუნეს. ამინ

სტატიის ავტორი: დავით სურგულაძე

მასალა აღებულია: karibche.ambebi.ge დან

ნანახია: 2224 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: