პარასკევი
2024-04-26
12:03 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2012 » აპრილი » 23 » †ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათ არს სასუფეველი ცათა†
4:35 PM
†ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათ არს სასუფეველი ცათა†
 
ქრისტიანებს ამქვეყნად არ აქვთ დალხინებული ცხოვრება. მათ დევნა, ტანჯვა, ცილისწამება, დაცინვა და ა.შ. მოელით. ძნელია წუთისოფელში სიმართლით ცხოვრება და მუდამ სიმართლის თქმა, მაგრამ ქრისტიანი მხნე, მომთმენი და მტკიცე უნდა იყოს თავისი სარწმუნოებისა და ცხოვრების წესში. სამართლიანობის დაცვა ქრისტიანული სათნოებაა და ღვთისაგან გვაქვს ნაბოძები მისი აღსრულება. ყველა ვალდებულია დაიცვას ღვთის რჯული და სიმართლით იცხოვროს, რადგან დადგება დრო განკითხვის და განცხადდება ადამიანთა მიერ ჩადენილი ცოდვა და მადლი, ცოდვა-წარსაწყმედლად, მადლი საცხოვნებლად.
 
მაცხოვარი მოგვიწოდებს: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე. რას ნიშნავს თავისი თავის უარყოფა, როგორ შეიძლება კაცმა თავისი თავი უარყოს? ამ კითხვაზე პასუხი ყველა ქრისტიანს უნდა ჰქონდეს, რადგან უარყოფა თავისი თავისა ქრისტიანული ცხოვრების საფუძველია. კაცის ბუნების, მის შინაგანსა და გარეგნულ მოქმედებას ორი მხარე, ანუ ორი სახე აქვს: ერთი მხრივ, მას ბევრი კეთილი თვისება-დიდი სათნოება, სიმართლის სიყვარული და ღმრთისაკენ სწრაფვა ახასიათებს; მეორე მხრივ კი-ბოროტი თვისებანი, ცოდვებისაკენ მიდრეკილება და უღირსებანი. დღეს რომ კეთილ საქმეს ჩაიდენს, ხვალ შეიძლება დიდი ცოდვა ჩაიდინოს, ერთი სიტყვით, გული მისი ყოველთვის ორადაა გაპობილი. როცა მაცხოვარი ჩვენგან მოითხოვს უარვყოთ ჩვენი თავი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბუნების მეორე მხარე-ცოდვა და მისკენ მიდრეკილება უნდა დავთმოთ.
 
ვისაც ამ დიდი მცნების აღსრულება სურს, უნდა ახსოვდეს, რა ძნელია ეს საქმე, რადგან თავის თავს, თავის ცუდ ჩვეულებებსა და მიდრეკილებებს ყოველ წამს უნდა ებრძოდეს. წმინდანები, რომელნიც წიყრმიდანვე შეუდგნენ უფალს, სიკვდილამდე ამ ბრძოლაში იყვნენ. მეორე: კაცი უნდა ებრძოდეს სოფელს, სადაც იგი მრავალ ცოდვას და ცუდ მაგალითებს ხედავს. სოფელი მას ამ ცოდვებისაკენ ეზიდება. სოფელთან ბრძოლა რა ძნელია, ესეც წმინდანებმა დაგვიმტკიცეს; სწორედ ამიტომ ტოვებდნენ ისინი მას და სამოღვაწეოდ უდაბნოში მიდიოდნენ. და ბოლოს, კაცი უნდა ებრძოდეს მის მარადიულ მტერს, რომლის საცდურნიც მას ხშირად მოღვაწეობასა და ქრისტიანულ სარწმუნოებას ავიწყებს. ასეთი ძნელია და მძიმე ცხონება სულისა. სასუფეველი ღმრთისა კი, მაცხოვრის სიტყვისაებრ, ემსგავსება ვაჭარს, რომელმაც ყველაფერი გაყიდა და ერთი ძვირფასი მარგალიტი შეიძინა. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ, ყველა სხვა რამ უნდა დავივიწყოთ ღმრთის სასუფევლის მოსაპოვებლად. ამისათვის მაინც და მაინც სოფლის დატოვება არ არის საჭირო. კაცს შეუძლია სოფელში აღასრულოს მცნებები ღმრთისა. მაგალითად, თუ სასამართლო მოხელე ღმერთს არ დაივიწყებს, ყოველ საქმეს უანგაროდ, საფუძვლიანად და სჯულის მიხედვით განსჯის იგი, მაცხოვრის მცნებებს აღასრულებს.
 
ყველა სხვა პროფესიის ადამიანებზე იგივე ითქმის. ყველა, ვინც ღმრთის მცნებებს აღასრულებს, უარყოფს თავის თავს, თავის ჯვარს იღებს და უფალს შეუდგება. ( წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი) ძველად ჯვარი ის იარაღი იყო, რომლითაც სჯულის დამრღვევ ადამიანებს სჯიდნენ, საღმრთო წერილის ენაზე კი ჯვრის აღება და მისი იმ შრომას, ვიწროებას, ჭირსა და განსაცდელს ნიშნავს, რომელიც ადამიანმა ქრისტეს სჯულის აღსრულებისთვის უნდა დაითმინოს. ღმერთმა ყოველ კაცს თავისი ჯვარი მისცა: ერთს სიღარიბე, მეორეს სნეულება, მესამეს შეურაცხყოფა, სხვას ცილისწამება ბოროტი ადამიანებისგან, ზოგსაც კი ახლობელთა სიკვდილი, უსამართლობა მსაჯულთაგან და ა. შ. მაგრამ თუ კაცმა თავისი თავი ჭეშმარიტად უარყო და ქრისტეს შეუდგა, თვით დიდი პატივი და საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობაც ჯვრად გადაექცევა. როგორ? ისე, რომ პატივსა და მაღალ მდგომარეობას არა თავის განსაცხრომელად და სანუგეშოდ, არამედ ღვთისმსახურებისთვის მოიხმარს, ანუ სიმართლეს შეიყვარებს და ყოველ საქმეში ჭეშმარიტების მაძიებელი იქნება. მაგრამ რამდენადაც ამ სოფელს სიმართლე არ უყვარს, მის დასაცავად მრავალი მწუხარებისა და განსაცდელის დათმენა მოუწევს. ის, რომ ქრისტეს მიმდევრობა მხოლოდ მწუხარებითა და მოთმინებით შეიძლება, არა ღმერთმა, არამედ ჩვენს თავს ჩვენ თვითონვე განვუჩინეთ. ჩვენმა ცოდვამ და ბოროტებამ გვიყო ის, რომ ამსოფლიური ცხოვრების გატარება ნუგეშითა და ნეტარებით აღარ შეგვიძლია და სამოთხის ნეტარება მხოლოდ ჯვრის ზიდვით უნდა მოვიპოვოთ.
 
სოფელი საღმრთო წერილში ყოველ ცოდვას და ვნებას ნიშნავს. მაშასადამე, ცოდვა და ვნება კაცის გულში ჯვრის ზიდვით მოისპობა. ამქვეყნად შრომა და მოთმინება იმათაც სჭირდებათ, რომელნიც ღმერთს ივიწყებენ და ამაო საზრუნავებით არიან გართულნი. ჭირსა და განსაცდელს ისინიც ითმენენ. ამიტომ, განა უმჯობესი არ იქნება ჭირი და განსაცდელი ღმრთის გულისათვის დავითმინოთ, ვიდრე ამ უმადური და წარმავალი სოფლისათვის? თავის ჯვარს მხრებზე ეს სოფელიც გადებს, რომელმაც შეიძლება ერთი წამით სიამოვნებაც კი მოგანიჭოს, მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად შეგაწუხებს, მაშინ, როცა ქრისტეს ჯვრის ზიდვა საბოლოოდ დიდ ნეტარებასა და მარადიულ ცხოვრებას მოგიპოვებს (წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი).
 
                                                                                                  მოამზადა: ლევან ლელუაშვილმა
                                                                                         მუზა: მაია მეგრელიშვილი
                                                                                              ეპარქიის ქრონიკა 2003 წელი.
ნანახია: 1174 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: