შაბათი
2024-05-04
8:32 AM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 8 » † ჯვრისწერის გარეშე შვილის გაჩენას ეკლესია ვერ აკურთხებს †
1:50 AM
† ჯვრისწერის გარეშე შვილის გაჩენას ეკლესია ვერ აკურთხებს †
 
ჯვრისწერის გარეშე შვილის გაჩენას ეკლესია ვერ აკურთხებს

საეკლესიო სწავლების მიხედვით, ოჯახი მცირე ეკლესიაა, სადაც სიყვარული და ერთსულოვნება უნდა სუფევდეს. გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).

მამა გიორგი:
– ეკლესიაში არსებულ 7 საიდუმლოთაგან, ყველაზე უძველესი ქორწინების, ანუ ჯვრისწერის საიდუმლოებაა. დღეს ბევრი მაგალითია იმისა, რომ გოგო და ბიჭი ერთმანეთს შეუფერებელ ადგილას გაიცნობენ, უცბად შექმნიან ოჯახს და მალე შორდებიან ერთმანეთს. თუმცა, აცხადებენ, რომ მოუმზადებელნი იყვნენ და მათთვის ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო. შეგვიძლია დღევანდელ ახალგაზრდებს მივცეთ დარიგება, როცა ოჯახის შექმნას დააპირებენ, რასაკვირველია, თუ ისინი ეკლესიურები არიან, აუცილებლად მიმართონ ღმრთისმსახურს. მოძღვარი გააცნობს მათ ოჯახში მამაკაცის და დედაკაცის მოვალეობებს, როგორი მეუღლეობა მართებს თითოეულს. ეკლესიას შესანიშნავი ტრადიცია ჰქონდა, ჯერ ხდებოდა დაწინდვა, ანუ ბეჭდების გაცვლა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ქორწინდებოდნენ. ჯვრისწერა მაშინ მეყვსეულად არ სრულდებოდა. ეკლესია აძლევდა მოსამზადებელ პერიოდს, რომ ერთმანეთი კარგად გაეცნოთ და შემდგომში, შეიძლებოდა, ჯვარი არ დაეწერათ, თუ არ მოეწონებოდათ მათი ხასიათი, ზნე და ა.შ. დღეს ეს ორი მსახურება, დაწინდვა და ქორწინება, ერთად აღესრულება. ამ პრაქტიკას ვერ დავიცავთ, იმიტომ რომ ახალგაზრდები ძალიან ჩქარობენ. ფაქტიც სახეზეა, ნაჩქარევად შექმნილი ოჯახი ნაჩქარევადვე ინგრევა.
– რის გათვალისწინება მართებთ მომავალ მეუღლეებს?
– პავლე მოციქული გვარიგებს, რომ მეუღლე ისე უნდა გიყვარდეს, როგორც საკუთარი თავი გიყვარს, რომ თავი უნდა გასწირო მისთვის ისევე, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის და გაწმინდა იგი საბანელითა წყლისაითა. შენი მეუღლე შეიძლება იდეალური არ იყოს, არ იყოს ჩამოყალიბებული პიროვნება და მამაკაცის მოვალეობაა, როგორც ქრისტემ განწმიდა ეკლესია საბანელითა წყლისაითა, ასევე, მეუღლე მოიყვანოს წესრიგში. კი არ ეჩხუბოს და გაუშვას სახლიდან, არამედ, თუ რამე არ მოსწონს, გამოასწოროს. ესაა დედაკაცზე მამაკაცის მზრუნველობა. მგონი, ყველა მამაკაცს უყვარს საკუთარი სხეული და უვლის მას. ისევე უნდა უვლიდეს საკუთარ მეუღლეს, როგორც საკუთარ თავს. მეუღლეობა თავგანწირვაა.
– ჯვრისწერის საიდუმლოს ერთ–ერთ საკითხავში აღნიშნულია, "ხოლო დედაკაცს ეშინოდეს ქმრისა", რა იგულისხმება ამ სიტყვებში?
– დიახ, სამოციქულო ეპისტოლეში, ეფესელთა მიმართ, რომელიც ჯვრისწერის საიდუმლოს დროს იკითხება, აღნიშნულია, "ხოლო დედაკაცს კი ეშინოდეს ქმრისა". ამ სიტყვების წაკითხვის დროს ყველას ეღიმება და მათთვის გაუგებარია, რას ნიშნავს, ეშინოდეს ქმრისა. შიში არ გულისხმობს კანკალს და ცახცახს. აქ საუბარია იმაზე, რომ შენი მუეღლე, როგორც უფალი, შენზე უფლობს, როცა გპატრონობს შენ და თავგანწირულია შენთვის, ბუნებრივია, შენც მოკრძალება და მოშიშება უნდა გქონდეს მისი. ეცდები, ნერვები არ მოუშალო, გიყვარდეს, იყო მისი ერთგული. სამსახურიდან დაბრუნებულს ყურადღება მიაქციო, სითბო და ალერსი გამოამჟღავნო მის მიმართ.
– ქორწინებამდე არსებული კავშირების შესახებ რას იტყვით? საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ მომავალი მეუღლეები ასე უფრო კარგად გაიცნობენ ერთმანეთს და გამოჩნდება, რამდენად შეეწყობიან ერთმანეთს.
– როგორც კი ვნება გაივლის და ღრუბელივით გაიფანტება, მერე ყველაფერი რეალურ სახეს იღებს და ეს რეალობა ისაა, რომ ვეღარ იტანენ გოგო და ბიჭი ერთმანეთს. ერთმანეთი არ უყვართ, რადგან ნაჩქარევად, მცირე სიყვარულიდან გამომდინარე მოხდა მათი შეუღლება. ძალიან ბევრი მერეც აღარ იწერს ჯვარს და ისე ტოვებენ ერთმანეთს. ამიტომ კარგად გავიაზროთ, დავიწინდოთ, დავინიშნოთ და შემდგომში, როცა უკვე დავფიქრდებით, გვეცოდინება, რომ შეგვიძლია ვიტვირთოთ ამ ადამიანთან ცხოვრება, მხოლოდ მაშინ შეიძლება ჯვრისწერა და უნდა გვახსოვდეს, რომ არც მაშინ იქნება იდეალური ურთიერთობა. მაგრამ მადლით შემოსილები ვიქნებით და გვეცოდინება, ეშმაკის გარკვეულ შემოტევებს თავი როგორ ავარიდოთ.
– სიყვარულით შექმნილი ოჯახებიც რომ იშლება?
– იმიტომ, რომ მათი სიყვარული ხორციელი ვნებაა. ვნება როგორც კი დაკმაყოფილდება, მაშინვე თვალები ეხილებათ და არაფერი რჩებათ. ამ ხორციელ სიყვარულს თუ დროზე არ შევაშველეთ ღმრთაებრივი, სულიერი სიყვარული, ოჯახი მალე დაინგრევა.
– ხშირად ოჯახური საზრუნავი და პრობლემები იწვევს მეუღლეებს შორის სიყვარულის განელებას...
– როცა ოჯახში გრძნობა და სიყვარული ცივდება, ის ოჯახი არ არის ციხე–სიმაგრე, ან თუ არის, სუსტი გალავნითაა შემოზღუდული და როგორც კი პირველი განსაცდელი დაატყდება თავს, მაშინვე ინგრევა. განსაცდელში ძალიან სუსტები არიან მამაკაცები. დღეს მსოფლიო კრიზისია და ოჯახებში ძირითადი პრობლემა უფინანსობაა. მაგრამ სიყვარული იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ ფინანსურმა გაჭირვებამ არ გადაძლიოს ეს.
– ოჯახში უთანხმოების გაჩენის შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცნენ მეუღლეები, განქორწინების საფრთხე რომ თავიდან აიცილონ?
– როცა ოჯახში უთანხმოება გაჩნდება, მეუღლეებმა აუცილებლად უნდა მიმართონ მოძღვარს, რათა მან დალოცოს და შეახსენოს ცოლქმრული მოვალეობები. ის პარაკლისს გადაუხდის, დაუჯდომელს წაიკითხავს მათთვის, ლოცვებში მოიხსენიებს. ახლა წყვილები მარტო ჯვრისწერის დროს მიდიან ეკლესიაში. სასურველია, მათ ყოველი კვირა ეკლესიაში გაატარონ, მოძღვრისგან რჩევა–დარიგებები მოისმინონ, აიღონ კურთხევა, როგორი მეუღლეები იყვნენ და ა.შ. თუ არა სულიწმიდის მადლის მიშველება, ყველა ოჯახი დაინგრევა. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევებში, ხელისმომკიდეები არაფერს აკეთებენ. არადა, მათი მოვალეობაც არის იზრუნონ ოჯახის შენარჩუნებაზე. უნდა ვილოცოთ მეუღლისთვის, რომ ღმერთმა დაიცვას ის ცდუნებისა და ღალატისგან. ეს ყველაფერი ჯვრისწერის კვერექსებში იკითხება, რომ მათი საწოლი იყოს უბიწო და შეუგინებელი.
– ზოგჯერ ახალგაზრდა ოჯახის ცხოვრებაში მშობლები ერევიან და მათი მიზეზითაც ხდება უთანხმოების წარმოშობა.
– მშობლები ხშირად ერევიან ახალგაზრდა ოჯახის ცხოვრებაში, რაც ყოვლად დაუშვებელია. ამის უფლება არავის აქვს.
– რა შემთხვევაში შეიძლება მეუღლეები ერთმანეთს დაშორდნენ?
– როგორც სახარება გვასწავლის, პირველ რიგში გარდაცვალება აშორებს მეუღლეებს. როცა ერთი მხარე გარდაიცვლება, მეორე ნახევარს შეუძლია მეორედ იქორწინოს და შექმნას ოჯახი. განქორწინება დაშვებულია, როცა არის სიძვა, ანუ როცა ერთ–ერთი მხარე ღალატობს მეუღლეს.
– ჯვრის აყრის დროს რის გათვალისწინება ხდება?
– ეპისკოპოსი მასთან მისულ მეუღლეებს მოუსმენს, მოძღვრის რეკომენდაციას გაითვალისწინებს და წაუკითხავს ლოცვას, რომ კიდევ შექმნან ოჯახი. ჯვრისწერა ერთხელ ხდება და იმის აყრა არ არსებობს. მეორედ ჯვრისწერა გვირგვინების გარეშე სრულდება. ცოდვასა და ვნებაში რომ არ იცხოვროს ადამიანმა, ეკლესია აძლევს კურთხევას, კიდევ ოქორწინოს. ეკლესიის მიერ მესამეჯერ დაქორწინების დაშვებაც არსებობს, რომელსაც წმიდა მამები სიძვაზე ოდნავ უკეთესს უწოდებენ. ამას ქორწინებას ვეღარ ვუწოდებთ, რადგან ქორწინება არის ერთი, მეორედ და მესამედ შეუღლება კი მხოლოდ დაშვებაა.
– უფალმა პირველად შექმნა მამაკაცი, ადამი, რამდენიმე ხნის შემდეგ კი მას საკუთარი ნეკნისგან მისივე მსგავსი არსება, ევა შეუქმნა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰყავდეს მეუღლე?
– რატომ ედგმებათ მეუღლეებს გვირგვინები ჯვრისწერის დროს? ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა დედაკაცი და მამაკაცი ერთმანეთს მისცა, რათა ვნებაზე გამარჯვება ყოფილიყო. გვირგვინოსნობა გამარჯვებულობას ნიშნავს, ანუ კაცი კი აღარ იუფლებს საკუთარ თავზე, როგორც პავლე მოციქული ამბობს, არამედ დედაკაცი, ისინი ერთმანეთს ავსებენ და ერთხორც არიან. დედაკაცი და მამაკაცი ცალ–ცალკე არ არიან სრულყოფილნი, რადგან ისინი ერთად არიან უფლის წინაშე და თუ არ იქნებიან ერთად, მაშინ უფალს უნდა დაეწინდონ. ორი გზა არსებობს – ქორწინება და მონაზვნობა. მონაზონი მარტო მცხოვრები პიროვნებაა, რომელიც დაწინდულია უფალზე, ანუ ქორწინებაშია უფალთან. თუ ადამიანი მონაზონი არ არის, მაშინ დაქორწინებული უნდა იყოს. მთავარი ცხონებაა და ვისთან ვცხონდებით, უფალთან თუ ადამიანთან ურთიერთობაში, ეს უკვე ჩვენი გასარკვევია.

– რატომ არის მამაკაცი ქალზე აღმატებული?
– ეკლესია უარყოფს ყოველგვარ ფემინიზმს, რადგან ღმერთმა ადამიანები დედაკაცად და მამაკაცად შექმნა. რადგან დედაკაციდან შემოვიდა ცოდვა, ამიტომაც, იგი ვალდებულია, იერარქიულად ექვემდებარებოდეს მეუღლეს. ამას პავლე მოციქული ხაზგასმით აღნიშნავს. ასევე წერია, რომ ქალი ცხონდება შვილების შობით, თუ იგი იდგება კდემამოსილებაში.
– დაოჯახების გარეშე შვილის გაჩენა როგორ განიხილება? გახშირდა ასეთი შემთხვევები.
– ვინც უფლის საწინააღმდეგოდ შექმნის ოჯახს, ის ვერ იქნება კურთხეული. 10 მცნებაში წერია – არა იმრუშო. კანონიერი ქორწინების გარეშე გაჩენილი ბავშვი უკანონოა. ასე გაჩენილი ბავშვები მოინათლებიან, იქნებიან ეკლესიის წევრები, მაგრამ ეკლესია ცოდვას არ შეიწყნარებს. გასაგებია, რომ ვიღაცამ ვერ შექმნა ოჯახი და უნდა, რომ ჰყავდეს ბავშვი, მაგრამ ამ ბავშვის დაბადებით უფრო მეტი პრობლემა იჩენს თავს. ის რომ გაიზრდება, დასვამს კითხვებს და ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანს უფრო მეტი საფიქრალი ექნება, ვიდრე უშვილოდ რომ დარჩეს. მარტო შვილის გაჩენა არ არის საქმე. მას სჭირდება გვარი, მამა, კურთხევა. ეს არაეკლესიური მდგომარეობაა, ეკლესია არ აკურთხებს, ვინმემ არაკანონიერი ურთიერთობით და ჯვრისწერის გარეშე გააჩინოს შვილი.
ნანახია: 1744 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: