პარასკევი
2024-12-06
11:59 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

სასწაულები

მთავარი » სტატიები » Мои статьи

† სრულიად ნახვა †
 
 
† მეფის ასულის ხსნა †
 
ხოლო იმ დროს, როდესაც ქვეყანაზე ბრწყინავდა წმიდა გიორგი და ეს იყო მის წამებამდე, იყო ერთი ქალაქი, რომელსაც ლასია ეწოდებოდა. ამ ქალაქში მეფობდა სელინოსი, რომელიც იყო უკეთური, ურჯულო, კერპთმსახური, შეუბრალებელი და ულმობელი ქრისტიანების მიმართ. თავისი ბოროტი საქმეების შესაფერისად მიეგო კიდეც უფლისაგან. ქალაქის მახლობლად იყო ტბა, რომელშიც გამოჩნდა უზარმაზარი გველი, იგი ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან და მუსრს ავლებდა მოსახლეობას. მრავალჯერ სცადეს მისი მოკვლა, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ძალიან მძვინვარე იყო. ქალაქის მცხოვრებლებმა მეფე დაადანაშაულეს, რომ იგი არ ეძებდა ხსნის გზას თავისი ხალხის გადასარჩენად. ამგვარი მხილებით დამფრთხალმა მეფემ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა, თავიანთი შვილები რიგ-რიგობით მიეცათ მხეცისათვის შესაწირად და როდესაც ჯერ მასზე მიდგებოდა, ისიც შესწირავდა თავის ერთადერთ ასულს. მართლაც, მეფის განკარგულების თანახმად, ყოველი კაცი იძულებული იყო გაემეტებინა თავისი შვილი, ვიდრე მეფის ასულის რიგიც არ დადგა. დარდისგან შეწუხებულმა მამამ ძვირფასი სამოსით პატარძალივით მორთო სასიკვდილოდ განწირული თავისი ერთადერთი ასული და მოთქმითა და გოდებით უკანასკნელი თხოვნით მიმართა თავის ქვეშევრდომებს, რომ არც ოქრო-ვერცხლს დაინანებდა, არც საკუთარ მეფობას, ოღონდ მისი ქალიშვილისათვის აეცილებინათ ეს მძიმე ხვედრი, მაგრამ არავინ უთანაგრძნო, რადგან თვით მის მიერ იყო ეს წესი დადგენილი. სელინიოსმა, როცა იხილა მათი სიჯიუტე, მისცა მათ თავისი ასული. ხოლო კაცთმოყვარე და მრავალმოწყალე ღმერთის განგებულებით, დიოკლეტიანე მეფემ დაითხოვა ჯარი და სწორედ იმ დროს, როდესაც სამსხვერპლოდ გამზადებული ქალი ელოდა ტბიდან ვეშაპის გამოსვლას, უფალმა ინება, რომ იქ გაევლო კაბადუკიისკენ მიმავალ წმიდა გიორგის. მან ტბიდან წყალი შეასვა ცხენს და რა იხილა თვალცრემლიანი ქალიშვილი, ტირილის მიზეზი ჰკითხა. ქალმა სთხოვა უცნობ ჭაბუკს, სწრაფად გასცლოდა ამ საშიშ ადგილს, მაგრამ წმიდა გიორგიმ მტკიცედ განუცხადა, რომ იგი მაინც არ მიატოვებდა, თუნდაც მასთან ერთად მომკვდარიყო კიდეც. მაშინ ქალმა მოუთხო თავისი გასაჭირის შესახებ. წმიდა გიორგიმ ჰკითხა ქალს, თუ რომელ ღმერთს მსახურებდა მამამისი და მისი ქვეშევრდომები. „აპოლონს, ჰერაკლეს, სკამანდროს და დიდ ღმერთს არტემიდას", – უპასუხა ქალმა. როდესაც წმიდანმა გაარკვია მათი აღმსარებლობის წარმართული ბუნება, დაამშვიდა ქალი, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით იხსნიდა მას ბოროტი მცეხისაგან. მან მაცხოვრის მიმართ აღავლინა ლოცვა, რათა მხეცის დამარცხების ძალა მიენიჭებინა მისთვის და მიიღო კიდეც პასუხად უფლისაგან „შესმენილ იქნა შენი ვედრება, ჰყავ რაჲცა გნებავს, მე შენთანა ვარ".
უეცრად შეიძრა ლერწმოვანი. შიშით შეძრული ქალი მაინც ჭაბუკის გადარჩენას ცდილობდა და სთხოვდა „აქაურობას გაეცალეო". ხოლო წმიდა გიორგი ვეშაპის შესახვედრად გაეშურა, გამოსახა მასზე ჯვარი და თქვა: „უფალო ღმერთო, გადააქციე ეს მხეცი ჩემს მორჩილად". როგორც კი ეს თქვა, სულიწმიდის შეწევნით და მისი ლოცვით ბოროტი ვეშაპი დაეცა წმიდანის ფეხებთან. წმიდა გიორგიმ უბრძანა ქალს, შემოეხსნა თავისი სარტყელი, ყელზე მოება მხეცისათვის და ისე წაეყვანა ქალაქში. ამ სანახაობით დამფრთხალი ქალაქის მცხოვრებნი წმინდანმა დაამშვიდა და უთხრა: „იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი, ყოვლად ძლიერი და მე მოვკლავ ამ ვეშაპს, რომ მან არ დაგხოცოთ თქვენ".
მაშინ შეჰყვირეს მეფემ და მისმა ქვეშევდრომებმა: „გვწამს, მამა და ძე და სული წმიდა". წმიდა გიორგიმ იშიშვლა ხმალი, მოკლა ვეშაპი და ქალიშვილი მეფეს დაუბრუნა. ქალაქის მაცხოვრებლების დაემხნენ წმინდანის წინ და ჭეშმარიტი ღმერთი განადიდეს. მაშინ წმიდა გიორგიმ მოიწვია ეპისკოპოსი ალექსანდრე და ნათელი სცა მეფეს, დიდებულებსა და ერის დიდ სიმრავლეს. თხუთმეტი დღის განმავლობაში ორმოცდახუთმა ათასმა კაცმა ნათელ იღო. მეფემ ააშენა ძვირფასი ტაძარი ჭეშმარიტი ღმერთის სადიდებლად. როდესაც ტაძარი დასრულდა, წმინდანი შევიდა საკურთხეველში და აღმოადინა საკურნებელი წყარო.
სწორედ ამ სასწაულის აღსანიშნავად გამოსახავენ ხატებზე წმიდა გიორგის ცხენზე მჯდომარეს შუბით ხელში, რომელიც საზარელ მხეცს კლავს. დრაკონის მლახვრავი წმიდა გიორგის სახე არის ქრისტეს ეკლესიის ბოროტებაზე და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლო, ხოლო ხატი, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს კლავს, არის სიმბოლო ეკლესიის გამარჯვებისა მის ხილულ მტრებზე, მათზე, ვინც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა და ცდილობდა ჯალათის ხელით ადამიანთა გულებიდან ამოეგლიჯა ქრისტეს სახელი.
 
 
წმიდა გიორგის თანამებრძოლობა ქართველთა ლაშქარში

1121 წლის აგვისტო იდგა. ქვიშასავით მოადგა ურიცხვი მტერი თრიალეთს, მანგლისს, დიდგორს, „თჳთ ფერჴთა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა". წმიდა მეფე დავით აღმაშენებელმა წყნარად, უშფოთველად და ბრძნულად განაწყო სპა ისე, რომ არა მარტო გამარჯვებაზე იზრუნა, არამედ თავის მცირერიცხოვან მხედრობასაც გაუფრთხილდა.
ბრძოლის დაწყების წინ მეფემ სიტყვით მიმართა ლაშქარს: „ეჰა, მეომარნო ქრისტესნო", თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით, მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შევუტიოთ"…
უკან დახევაზე არც უფიქრია ვინმეს. მეფის გასაოცარმა საბრძოლო ტაქტიკამ მტერი შიშით გათანგა. მაგრამ რაც უფრო მნიშნვნელოვანია, „ჴელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდამო ფარვიდა მას და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თჳსითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა, რომელ თვით იგი უსჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისა".
დიდგორის ომმა დიდი ხნით და საფუძვლიანად გადაუტეხა ხერხემალი ქართველთა მტრებს.
წმიდა გიორგი იბრძოდა ხილულად ქართველთა ლაშქარში შაჰ-აბასის წინააღმდეგაც, XVII საუკუნეში. მემატიანე მოგვითხრობს, რომ „ცხადად იხილვებოდა მთავარმოწამე გიორგი ცხენსა ზედა სპეტაკსა ელვის სახედ მიმომსრბოლი წინამავალად მათდა".
 
 
შავნაბადას წმიდა გიორგი

წმიდა გიორგის სახელზე აგებული უამრავი ტაძრიდან ერთ-ერთი უძლიერესთაგანია შავნაბადას წმიდა გიორგის ეკლესია. მის შესახებ არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ, ურჯულო მტრის შემოსევისას, ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი დაბანაკებულა იმ მთის ძირში, რომლის წვერზეც წმიდა გიორგის ეკლესია იყო აგებული და გულმხურვალედ ევედრებოდა წმიდა მოწამეს შეწევნას მოსალოდნელ ბრძოლაში. გამთენიისას ყველამ იხილა მხედარი, რომელიც შურდულივით დაეშვა მთის წვერიდან, ეს იმდენად შთამბეჭდავი სახილველი იყო, რომ თავზარდაცემული მტერი გაიქცა. გამხნევებულმა ქართველმა მეომრებმა დაამარცხეს მტრის განახევრებული ლაშქარი. გამარჯვების შემდეგ სიმამაცით გამორჩეული მეომარი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა, მხედართმთავარმა შავი ნაბდით დაასაჩუქრა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი სულ მთლად გაბრწყინდა და ყველამ შეიცნო წმიდა გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას, შავნაბადას წმიდა გიორგის ეკლესიას.
 

დიდმოწამე გიორგი ყრმას ტაძარში აცილებს

ღირსი თეოდორე სიკიოტელი (VII ს.) 10 წლისა იყო, როდესაც მასთან ყოველ ღამე დიდმოწამე გიორგი მოდიოდა, აღვიძებდა და ეუბნებოდა: „თეოდორე, უკვე გათენდა და დადგა დილის ლოცვების დრო, ადექი და წამოდი წმიდა გიორგის ტაძარში". ყრმა მყისვე სიხარულით დგებოდა. თავიდან წმიდა გიორგი ყრმას სტეფანეს (თეოდორეს ოჯახის წევრი) სახით ევლინებოდა, შემდეგ კი საკუთარი სახით ეცხადებოდა. ყოველდღე აღვიძებდა და აცილებდა ეკლესიისაკენ.
გზაში ეშმაკებს უნდოდათ ყრმის შეშინება, რისთვისაც ისინი მგლებად ან სხვა ცხოველებლად იქცეოდნენ და მისკენ მიემართებოდნენ, მაგრამ წმიდა გიორგი მიუძღოდა ბავშვს, ამხნევებდა და შუბით დევნიდა საშინელ მოჩვენებებს.
თეოდორეს ოჯახის წევრები დილით ვერ პოულობდნენ ბავშვს საწოლში. მოგვიანებით კი მიხვდნენ, რომ იგი ღამღამობით ეკლესიაში დადიოდა და უკვირდათ, რატომ ვერ იგებდნენ, თუ როდის დგებოდა ყრმა საწოლიდან.
დედას ეშინოდა, რადგანაც შეიძლებოდა, რომ ბავშვი მგელს შეეჭამა. ხმა დადიოდა, რომ ერთი მგელი იტაცებდა არა მხოლოდ საქონელს, არამედ პატარა ბავშვებსაცო. მზის ამოსვლამდე სახლიდან გასვლა სასტიკაც აუკრძალა დედამ შვილს. თუმცა ნეტარმა ყრმამ დედას ყური არ უგდო და წმიდა გიორგის მიერ გაღვიძებული ჩვეულებრივ დროს, წავიდა ეკლესიაში.
ერთხელ, გათენებისას, დედამ თეოდორე სახლში რომ ვერ ნახა, გაბრაზებული წავიდა ეკლესიაში, თმებით გამოიყვანა ყრმა, სახლში ჩაკეტა და აღარსად უშვებდა. საღამოს კი მაგრად გაკოჭა, რომ ვერსად წასულიყო.
ღამით თეოდორეს დედასა და ოჯახის სხვა წევრებსაც ხმალშემართული წმიდა გიორგი გამოეცხადათ, რომელიც იმუქრებოდა: „თავებს მოგკვეთთ, თუ ყრმას კიდევ სცემთ და ჩემთან მოსვლას დაუშლითო".
სიზმრისაგან შეშინებულმა ქალებმა ერთმანეთს უამბეს ნანახი და წმინდა დიდმოწამე გიორგის მუქარა. როდესაც გაიგეს, რომ ყველამ ერთიდაიგივე იხილა სიზმრად, უფრო შეშინდნენ, მყისვე გახსნეს ყრმა და ფერება დაიწყეს. შემდეგ დაინტერესდნენ, თუ რატომ არ ეშინოდა თეოდორეს მხეცებისა, როდესაც გათენებამდე ეკლესიაში მიდიოდა. ყრმამ უპასუხა: „ყოველ ღამეს ნათელი ყმაწვილი მაღვიძებს და ეკლესიაში მივყავარ, გზაზე კი საფრთხისაგან მიფარავს".
ოჯახის წევრები მიხვდნენ, რომ ყრმას ევლინება და მფარველობს წმინდა გიორგი. ამის შემდეგ ისინი წინააღმდეგობას აღარ უწევდნენ თეოდორეს, მთლიანად მიენდვნენ უფალს და ამბობდნენ: „დაე, იყოს ნება უფლისა!"
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: leo_wien (2009-11-11)
ნანახია: 3193 | რეიტინგი: 4.7/7
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: