ხუთშაბათი
2024-11-21
9:47 AM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† უმძიმესი ცოდვა †

აბორტი - უმძიმესი ცოდვა!
მეცნიერება, მედიცინა, ეკლესია ერთსულოვნად მოწმობენ, რომ ადამიანის სიცოცხლე მისი ჩასახვიდანვე იწყება, ამას ყველა ქვეყნის მეცნიერი ადასტურებს. მდედრობითი და მამრობითი სასქესო უჯრედების შერწყმის მომენტში წარმოიქმნება უნიკალური, განუმეორებელი 46 ქრომოსომიანი უჯრედი. ეს სამყაროს ყველაზე ურთულესი უჯრედია. მასში კოდირებულია ადამიანის სქესი, ნიჭი, ხასიათი, სიმაღლე, თვალის და თმის ფერი, სისხლის ჯგუფი, თითების ანაბეჭდი და ა.შ. რომლებიც სიცოცხლის სხვადასხვა საფეხურზე მხოლოდ განვითარებას განიცდიან. აბორტი ფეხმძიმობის ნებისმიერ ეტაპზე ბავშვის მკვლელობაა და სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს ქალის ორგანიზმისათვის. იზრდება ავადმყოფ ქალთა და ბავშვთა რიცხვი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მაგალითად, რუსეთში ყოველი 1000 ახალშობილიდან 147 მემკვიდრული დაავადებებითაა სნეული. მხოლოდ 3,5% ბავშვებისა იბადება ფსიქოლოგიური და ფიზიკური გადახრების გარეშე, მეუღლეთა 25% უნაყოფოა. ჩვენს დროში სულ უფრო მეტი ქალი კვდება საშვილოსნოსა და მკერდის კიბოთი, ადრე კი ეს დაავადებები იშვიათი იყო. მათი მიზეზი აბორტია. აბორტი არღვევს ბუნებრივ ჰორმონალურ პროცესს და იწვევს ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას. კიბოთი დაავადების ალბათობა 18 წლის ასაკამდე აბორტგაკეთებულ გოგონებში 80-ჯერ იზრდება. აკვიატებული მოსაზრება, რომ გამოსავალს კონტრაცეპტული საშუალებები წარმოადგენს, სავსებით მცდარია. ამერიკული სტატისტიკის მიხედვით, კონტრაცეპტივების გამოყენება აბორტების რიცხვს კიდევ უფრო ზრდის. აბორტების ნახევარზე მეტი უხეირო კონტრაცეპციის შედეგია. კონტრაცეპტივთა უმეტესობა ხელს არ უშლის ჩასახვას, არამედ იწვევს ნაყოფის სიკვდილს ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე, რაც კიდეც ხდება აბორტის მიზეზი.
სამედიცინო დაწესებულებებში 7-8 მილიონი აბორტია რეგისტრირებული. მალულ-ფარული აბორტების რაოდენობისა კი ვინ რა გაიგოს?! საგულისხმო ფაქტია: ხომ უამრავი სიცოცხლე წაიღო მეორე მსოფლიო ომმა, მაგრამ იმავე პერიოდში აბორტების საშუალო რაოდენობამ ფრონტზე დაღუპულთა რიცხვს გადააჭარბა.
დედებო, აბორტს ნუ გაიკეთებთ!
„ასე გამრავლდება საქართველო?!"


სიონის მრევლმა მამა გაბრიელს (ურგებაძეს) ქართველი ერის გამრავლებისთვის პარაკლისის გადახდა სთხოვა. მამა გაბრიელი დათანხმდა და სამების ეკლესიაში ღვთისმშობლის პარაკლისი აღავლინა. შინ დაბრუნებულ ბერს გამოცხადება უხილავს: მოსულა ძველი მეომარივით შემოსილი ორი კაცი, მამა გაბრიელზე უთქვამთ: „აი, ეს არისო", შუაში ჩაუყენებიათ და სადღაც წაუყვანიათ. ვერაფერი დაუნახავს ბერს, გარდა იმისა, რომ იმ თეთრ შენობას, რომელშიც იგი შეუყვანიათ, ზედ დიდი ჯვარი ჰქონია. უცნობებს გაბრიელი შენობაში ჩაუკეტავთ. სიბნელისთვის თვალი რომ შეუჩვევია, ბერს დაუნახავს, რომ ქვის იატაკი თითის სიგრძე სისხლით მოთხვრილი ბავშვების გვამებით იყო მოფენილი. ჭერში დატოვებული ხვრელიდანაც უამრავი მკვდარი ბავშვი ცვიოდა. მალე ფეხის დასადგმელი ადგილიც არ დარჩენილა. თითის წვერებზე შემდგარი ბერი, ფეხი ყრმათა გვამებზე რომ არ დაედგა, კუთხეში მიკრუნჩხულა. ამ დროს კარი გაღებულა. „მობრძანდება, მობრძანდებაო!" - მისწვდენია ხმა გაბრიელს; ჯერ ის ორი მეომრულად შემოსილი კაცი დაუნახავს, მერე კი - უამრავი ანგელოსითა და წმინდანით გარშემორტყმული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი.
- აი, ეს არის, ერის გამრავლებას რომ ითხოვდაო, - უთქვამს იმ ორის და გაბრიელიელზე მიუთიებია.
პირგამეხებულ ღვთისმშობელს მკაცრად შეუხედავს მისთვის, იატაკზე დაყრილი სისხლით მოსვრილი გვამები უჩვენებია და უთქვამს: „ამისთვის მევედრები? ასე გამრავლდება საქართველო?!" გაბრუნებულა და წასულა.
მამა გაბრიელი ისევ იმ ორს წამოუყვანია და მისსავე სენაკში დაუბრუნებია.
ამის შემდეგ ბერს თბილისის ქუჩები დაუვლია ქადაგებით; „დედებო, აბორტს ნუ გაიკეთებთ, საქართველოს რისხვა ააცილეთო", - ივედრებოდა თურმე.
 
უკანონო შვილი

წმინდა სერაფიმე საროველი გვირჩევს, კი არ უარვყოთ ე.წ. „უკანონოდ" ჩასახული ყრმები, არამედ ღვთის შიშით გავზარდოთ, რამეთუ ისინი არ არიან დამნაშავენი, ამ ქვეყანას რომ მოევლინნენ. არც მათი მშობლები უნდა განვიკითხოთ, რადგან უთქვამთ, არგანკითხვა ნახევარი ცხონებააო. ამის მაგალითად წმიდა მამას მოჰყავს შემთხვევა, რომელიც ბიზანტიაში, იმპერატორ იუსტინიანეს დროს მოხდა. გალატეის მხარეში, სოფელ სიკიოტთან, მდინარეზე გადასვლისას, იმპერატორის ერთ-ერთმა პირადმა მცველმა მშვენიერი ქალწული დაინახა და მისი სურვილით აენთო. გაიგო ისიც, რომ ქალწული ქვრივის შვილი იყო და, ალბათ, ამით გაკადნიერებულმა ასულზე ძალა იხმარა... ამის შემდეგ გოგონას ეზმანა, თითქოს მის წიაღში კაშკაშა ვარსკვლავი ჩაეშვა. ერთმა წმიდა მამამ ხილვა ამგვარად განუმარტა: „შენს წიაღში ჩასახული ყრმა დიდი ადამიანი გახდება; ის დიდი იქნება არა ოდენ კაცთა შორის, არამედ ღვთის წინაშეც; ხოლო ბრწყინვალე ვარსკვლავი ნიშნავს იმ ღვთაებრივ მადლმოსილებას, რომლითაც ღმერთი დააჯილოდოებს შენს ნაშობს, რამეთუ ღმერთი თავის მონებს უწინარეს შობისა, დედის მუცელშივე განწმენდსო".
ასე იშვა ყრმა ვაჟი, რომელსაც უფალმა სიყრმიდანვე წმიდა გიორგი დაუდგინა მფარველად. ეს გახლდათ დიდი მამა წმიდა თეოდორე სიკიოტელი.
 
„მე შენი გიორგი ვარ"

დედაჩემი მესამედ რომ დაორსულდა, მე და ჩემი და 7-10 წლისანი ვიყავით. თითქოს ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთი რამ გვაშინებდა: დედას მაშინ ძალზე აწუხებდა გული და სათუო იყო, მშობიარობას გადაიტანდა თუ არა. ამიტომაც ექიმები დაჟინებით ურჩევდნენ აბორტის გაკეთებას. დედაც ბოლოს და ბოლოს დათანხმდა. დათქვეს დღეც. წინა ღამეს კი დედამ ასეთი სიზმარი ნახა: სოფლის ორღობეში სახლის წინ იდგა; უეცრად მისკენ ვითაცამ წითელი ცხენი გამოაჭენა. შეშინებული დედა ღობეს აეკრა და კივილი აღმოხდა. „ნუ გეშინია, დედაო!" - შესძახა მხედარმა. „კახა, შვილო, შენ ხარო?" - ჰკითხა დედამ. „არა, დედი, მე შენი გიორგი ვარო", - მოესმა პასუხად. „მე რომ გიორგი არა მყავსო?" - გაჰკვირვებია დედაჩემს. მხედარმა ისევ გაუმეორა თურმე: „დედი, მე შენი გიორგი ვარო".
ამის შემდეგ დედაჩემს, რა თქმა უნდა, აღარც კი უფიქრია აბორტის გაკეთება.
მას შემდეგ ოცდარვა წელი გავიდა. მე და ჩემი და ქალაქში ჩამოვედით, დავოჯახდით, დედას კი სოფელში ხმის გამცემად და წყლის მიმიწოდებლად თავისი გიორგი შერჩა.
 
შვილები

პირველი აღსარების თქმა ძალზე ძნელია, მით უმეტეს, თუ ცოდვის სიმძიმეს განიცდი. თითქოს ცოდვა ენაზე გექაჩება და დაფარვას გთხოვს. თამარსაც გაუჭირდა პირველი აღსარების თქმა. განსაკუთრებით - აბორტის ცოდვის აღიარება. მოძღვარმა ცოდვები შეუნდო და ურჩია, იქვე, ტაძარში, ღვთისმშობლის ხატთან ელოცა, დედა ღვთისასთვის პატიება ეთხოვა და შემდეგ ზიარებულიყო.
ილოცა თამარმა ღვთისმშობლის ხატთან. საოცარი მადლი გარდამოვიდა მასზე, სინანულის ცრემლმა ლამის დაახრჩო. ამგვარი გრძნობით ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს.
თავს მაინც უღირსად ზიარებულად მიიჩნევდა და თითქოს ღვთისაგან სასჯელს ელოდა...
მალე ერთი საზარელი სიზმარი ნახა, რომელმაც სავსებით შეცვალა მისი ცხოვრება.
ვითომ თავისი სახლის მეორე სართულზე იწვა. უეცრად შიგნითა კიბით პირველი სართულიდან ბავშვები ამოვიდნენ. ექვსნი იყვნენ, სხვადასხვა ასაკისანი. უფროსი ვაჟი 13 წლისა იქნებოდა, ხოლო უმცროსები - ტყუპი ქალ-ვაჟი - ხუთი წლისანი. ბიჭი ქერა იყო, გოგონა კი შავგრემანი, ფუნჩულა. მათ შორის ერთი ვაჟიც ერია, ძალიან ლამაზი. ეტყობოდათ, ყველა უფროს ძმას ემორჩილებოდა. ისიც ზრუნავდა მათზე და მფარველობდა.
ბავშვები მისი საწოლის წინ ხუთიოდე ნაბიჯზე გაჩერდნენ. თამარს გულმა უთხრა, რომ მისი შვილები იყვნენ, ოღონდ აბორტით მოწყვეტილნი. მცირე ხანს ასე მდუმარედ იდგნენ. ბოლოს პატარა გოგონამ ვეღარ მოითმინა და დედისაკენ გაიწია, მაგრამ უფროსმა ძმამ შეაჩერა, „არ შეიძლებაო", - უთხრა. ბავშვები ისევ კიბეს ჩაუყვნენ და გაუჩინარდნენ.
ამ სიზმარმა ძალზე იმოქმედა თამარზე. სინანული გაუასკეცდა და ლოცვას მკაცრი მარხვა შეუერთა. ამდენმა მწუხარებამ და ცრემლმა ჯანმრთელობა შეურყია. თვალის ჩინი ნელ-ნელა დააკლდა და ბოლოს სულმთლად დაკარგა.
„ახლა რვა შვილი უნდა მყავდეს. რა მდიდარი ვიქნებოდიო!" - გულისტკივილით იტყვის ხოლმე თამარი. სიბრმავეს უკვე ღვთის სასჯელად კი არა, ღვთის წყალობად მიიჩნევს. არ იცის, მოუხსნის თუ არა ღმერთი ამ „მცირე ეპიტიმიას", კიდევ იხილვს თუ არა დღის სინათლეს. ერთ რამეს კი სასოებს: იქნებ შეიწყალოს უფალმა და ღირს ჰყოს უხილავი სამყაროს, ზეციური სასუფევლის ხილვისა.
 
 
ძახილი
I
რა გალეულს და ფერწასულს გხედავ,
ჩემო პაწია, ცოდვილო დედა,
ვაიმე, როცა შენს გულთან მჭრიდნენ,
რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა.
 

არ შეგეშინდეს, შვილი ვარ შენი,
შენი ტანჯული სისხლი და ხორცი,
ნიავი ვარ და მგონია გშველი, -
სიცხიანს, მწუხარს კულულზე გკოცნი.
 

მაგ ბავშვურ შუბლსაც გიკოცნი მორცხვად,
გაბუსხულ ტუჩსაც, ბავშვურად ლამაზს...
ახლა სული ვარ და უფალს ვლოცავ -
შენს გადარჩენას ვულოცავ მამას.
 

მადლობა უფალს, რომ არ დაგვღუპა,
არ დამიობლა ძმები და დები.
მე კი, ბარტყივით ტანშეუბუმბლავს
ცად ანგელოზმა მაჩუქა ფრთები.
 

როგორ მინდოდა, მეც მოგსწრებოდი,
მეც გამეხარა ამ სამზეოთი,
მეც დამეძახა შენთვის „დედიკო"
და მამას ყელზე შემოვხვეოდი.
 

ჩაწნული ვიყავ მომავლის ფიქრთან,
როგორც პეპელა ყვავილში რგული,
დაბადებამდე რამდენი მიკლდა,
ითვლიდა ჩემი პაწია გული.
 

ალბათ, გგონივარ დაღლილი სხივი,
ალბათ, გგონივარ სუნთქვა სიოთა,
შენ ხომ უძლებდი საკუთარ ტკივილს,
მე კი, ძვირფასო, შენიც მტკიოდა.
 

თურმე ტყუილად მომიხაროდა,
შეხვედრა შენთან, ძმებთან და დებთან...
ახლა მოგტირით სხვა სამყაროდან
არარაობის ჩრდილი და სევდა.
 

რად გააწბილე ღვთის იმედები,
რატომ შეშალე და გაამრუდე,
ანგელოსების და პლანეტების
კეთილი გათვლა და ვარაუდი?
II

ჰოი, დედებო, რა პასუხს აძლევთ,
რას ეუბნებით წარსულს და ხვალეს,
ვინ მოუაროს ვაზივით გამძლე
დიდების მსურველ პატარა მხარეს!
 

ვინ მოუაროს შენ ზვრებს და ანბანს,
შენ ხმებს, ჩუქურთმას, იმედებს, სიზმრებს.
მაგ ცოდვას რაღა მირონი გაბანს
და მაინც გამშრალ ტუჩებზე ვიმცვრევ!
მირონო, ჩემი მიწის მირონო,
იმედო, რწმენავ - სულ შემენახე,
სულ იარაგვე, სულ ირიონე,
სულ იჯეჯილე, სულ ივენახე.
- კიდევ სად არის სხვა საქართველო?
ჰყივის ლექსი და ციხის ქონგური.
- მიწაში, დედავ...
და ვინ დათვალოს
შვილი და ძირი ჩემებრ მოკლული.
თუ სვეტიცხოველს ვერ ავაგებდით,
„ვეფხისტყაოსანს" თუ ვერ დავწერდით,
მაინც ზედმეტი და მოსაკვეთი
არ ვიქნებოდით შენთვის არც ერთი...
 

შვილთა სიმრავლე დაგბედებოდეს
მტრედის გრუტუნი და მუხის ჩერო,
ჩხებით,
აკვნებით და ბუდეებით
ამაღლდი, ჩვენო ფუძევ და ჭერო!..