ხუთშაბათი
2024-11-21
9:58 AM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† სამსჯავრო †

არქიმანდრიტი რაფაელი

საშინელი სამსჯავრო

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
†††
ძმანო და დანო! უფალი, რომელმაც ერთხელ შექმნა სიცოცხლე, საშინელ სამსჯავროზე მტვერისა და ხრწნილებისაგან აღადგენს კაცობრიობას ადამიდან ვიდრე უკანასკნელ დღემდე. მართალნი აღდგებიან მსგავსნი ქრისტე მაცხოვრისა, ანგელოზური ბრწყინვალებით და საღმრთო ნათლით გაცისკროვნებულნი. ცოდვილნი - შავბნელი და მყრალი სხეულით, მსგავსი მათ მიერვე ჩადენილი ცოდვებისა. ძმანო და დანო, ყოველი აზრი, სიტყვა ან საქმე მსგავსია თესლისა, რომელსაც ჩვენი გულის სიღრმეში ვთესავთ, მსგავსად ხნულში ჩაგდებული მარცვლისა. მარადისობაში ამ თესლისგან აღმოცენდება ან ბრწყინვალე, სურნელოვანი ყვავილები ან შხამიანი, ეკლოვანი მცენარეები.

სამსჯავროს ეწოდება საშინელი იმიტომ, რომ მასზედ მოხდება განკითხვა, არა მხოლოდ კაცთა, არამედ ასევე ანგელოზთა. დემონები იხილავენ თავიანთ თავს, როგორც ოდესღაც მშვენიერ ანგელოზებს, რომელნიც უგალობდნენ უფალს ქერუბიმთა საგალობელს კაცთათვის გა???აზე. ესაა საგალობელი, ესაა ჰიმნი, ესაა მხურვალე სიყვარული და სწრაფვა წმინდა სულებისა ღვთისკენ. სატანა, რომელიც ერთ დროს სერაფიმთა დასს ეკუთვნოდა, იხილავს, როგორ აღსდგა იგი უფლის წინააღმდეგ, როგორ გადაიქცა საშინელ ჯოჯოხეთურ არსებად, უზარმაზარ ობობად, რომელმაც ცოდვის ქსელში გაახვია მთელი სამყარო, იგი იხლავს, თუ როგორ გადაიქცა საზარელ ჯოჯოხეთურ გველად, რომელმაც სასიკვდილოდ მოშხამა უთვალავი მსხვერპლი. იგი ამ ქვეყნად ჩადენილი ყველა ცოდვის უხილავი თანამონაწილეა. ყოველ ბოროტებაში მისი სასიკვდილო სუნთქვა ისმის, ყოველ დანაშაულში - მისი ქვემძრომელი მზაკვრობაა. სატანა იხილავს საშინელ სამარეს - ჯოჯოხეთს, რომელიც თვითონვე გაუმზადა საკუთარ თავს. იგი იხილავს შავ ჯოჯოხეთურ ცეცხლს, საკუთარ მსხვერპლთათვის დანთებულს და რომელშიც საბოლოოდ თვითონვე უნდა იტანჯოს დაუსრულებლად.

სამსჯავროს ეწოდება საშინელი, იმიტომ, რომ იგი იქნება საყოველთაო. ისევე როგორც ვერავინ გაექცევა სიკვდილს, ასევე ვერავინ შესძლებს დააღწიოს საშინელ სამსჯავროს თავი. მკვდრეთით აღდგებიან მართალნიც და ცოდვილნიც. მაშინ სხეული მიემსგავსება სულს, იგი აღარ იქნება ნივთიერი, ხორციელი, შედგენილი მიწისა და წყლისაგან, არამედ იქნება სულიერი და უხრწნადი. მართალნი იქნებიან მსგავსნი მკვდრეთით აღდგომილი ქრისტე მაცხოვრისა. ეფრემ ასური გვაუწყებს საიდუმლოს - ყოველი ჩვენგანი აღსდგება 33 წლის ასაკში. რას ნიშნავს ეს? ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებაში გადის თავისი განვითარების განსაზღვრულ ციკლს. ოცდაათი წელი ესაა ადამიანის სულის უმაღლესი განვითარების პერიოდი. ე.ი. ესაა ადამიანური სრულყოფილება ამ სიტყვის მიწიერი გაგებით. ღრმა მოხუცები და ჩვილები აღსდგებიან არა მიწიერ ასაკში, რომელშიც ისინი აღესრულებიან, არამედ აღსდგებიან სრულყოფილ ასაკში, ამავე დროს ახლობლები და ნათესავები შეიცნობენ ერთმანეთს.

სამსჯავროს ეწოდება საშინელი იმიტომ, რომ მასზედ გაშიშვლდება ყველა ჩვენი საქმე, ყველა ჩვენი აზრი, სიტყვა, ღრმა, დაფარული გულის ზრახვები. იმას, რასაც ფარულად ვიქმოდით, გამჟღავნდება ცხადად, იგი, რასაც მარტო ჩვენ თვითონ ვცოდავდით, გაშიშვლდება მთელი ქვეყნის წინაშე. როდესაც ჩვენ ცოდვებს სრული სიცხადით ვიხილავთ, მათ საშინელებას და სიბილწეს, მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით წამოვიძახოთ: მთებო, ჩამოგვექეცით თავზე და დაგვიფარეთ ამ სირცხვილისაგან!

დანო და ძმანო, წმინდა მამები ამბობდნენ, რომ ჩვენ გვაქვს ე.წ. გულის მეხსიერება. ისინი მას გულის საკანს უწოდებენ, სადაც იწერება ყველაფერი, მთელი ჩვენი შინაგანი და გარეგანი ცხოვრება და აი, საშინელ სამსჯავროზე გადაიშლება ეს წიგნი, დაწერილი ჩვენი სულის სიღრმეში და მხოლოდ მაშინ დავინახავთ, თუ როგორები ვართ სინამდვილეში და არა ისეთები, როგორსაც ხატავდა ამას ჩვენი გაალმასებული ამპარტავნება. დავინახავთ ასევე, თუ რამდენგზის მოგვიხმობდა სულიწმიდა გადარჩენისათვის. გვსჯიდა, შეგვიწყნარებდა, ჩვენ კი რა მედგრად ვეწინააღმდეგებოდით ღვთის წყალობას და მივილტვოდით მხოლოდ ცოდვებისა და ვნებებისაკენ. ჩვენს კეთილ საქმეებს კი ჩვენი პირფერობის სიამაყის და ანგარების „წყალობით" ვიხილავთ როგორც მატლთაგან გამოჭმულს.

დანო და ძმანო, სამსჯავროს ეწოდება საშინელი იმიტომ, რომ ის იქნება საბოლოო. ჩვენთვის ამ ქვეყნად სანამ ვცოცხლობთ, გამუდმებით შესაძლებელია სინანული, როგორც ცოდვის ბნელი საპყრობილიდან თავისუფლებისაკენ გამავალი კარი. საშინელ სამსჯავრომდე ჩვენ შეგვეწევა ეკლესიისა და ახლობლების ლოცვა, მაგრამ საშინელი სამსჯავრო იქნება საბოლოო და მის შემდეგ სამსჯავრო აღარ იქნება. საშინელ სამსჯავროზე საბოლოოდ გაიყოფა კეთილი და ბოროტი, ნათელი და ბნელი. მართალნი დაიმკვიდრებენ სამუდამო ცხოვრებას, ესაა მარადიული მსგავსება ქრისტე მაცხოვართან, მარადიული გაბრწყინება ღვთიური ნათელით.

მარადიულ ცხოვრებაში ყოველი წამი იქნება სულ ახალი და ახალი, სულ მეტი ბედნიერების, სიხარულის, სინათლის და ნეტარების მომტანი.

მარადიული სიკვდილი ცოდვილისა, ესაა მიმსგავსება სატანასთან, უფრო და უფრო ღრმად ჩაძირვა წყვდიადის ოკეანეში. ჯოჯოხეთი - ეს არის ადგილი მივიწყებული. ეს ის ადგილია, სადაც არ აღწევს ღვთის წყალობის სხივები, ჯოჯოხეთი აღხოცილია ღვთის სიყვარულიდან.

დანო და ძმანო! ზოგიერთი თქვენგანი იკითხავს: შეიძლება ცხოვნებული იყოს ბედნიერი, როდესაც მისი ახლობლები და ნათესავები ჯოჯოხეთში იქნებიან, ისინი ვისთანაც მათ აკავშირებდათ სიყვარული ამქვეყნიურ ცხოვრებაში? ეს რთული კითხვაა. როდესაც ჩვენ გვიყვარს ესა თუ ის ადამიანი, ჩვენ გვიყვარს იგი რაიმე სათნოებისთვის. ხოლო აღმდგარი ცოდვილები იქნებიან ცოდვისა და ბოროტების განსახიერება. ისინი დემონების დარი იქნებიან. ამიტომ ჩვენ მათ სიყვარულს ვერ შევძლებთ, ისევე როგორც ვერ შევიყვარებთ ჭირის ან ცოფის ბაცილას. წარმოიდგინეთ, თუნდაც უახლოესი ადამიანი რომ წარმოგიდგეთ გველის ან მორიელის სახით, თქვენ ვერ შეძლებთ მის სიყვარულს, მეტიც, ძრწოლით დაიხევდით უკან. ასე იქნებიან სამუდამოდ ტანჯვისათვის განწირულნი. ისინი იქნებიან აღსავსე არა მარტო სასოწარკვეთილებითა და სევდით, არამედ სატანისტური ამპარტავნებითაც. ცოდვილის სული იქნება ანთებული ღმერთისა და სიწმინდის სიძულვილის ალით და ამ სიძულვილით ისინი სიამოვნებით დაწვავდნენ თვით ზეცას და სამოთხეს.

დანო და ძმანო! სამოთხის ნეტარება - ესაა ღვთის სიყვარულისა და წმინდანთა ურთიერთსიყვარულის ნეტარება. სერაფიმე საროველი წერს: ადამიანმა რომ იცოდეს რა საშინელია ჯოჯოხეთი, და რა ტკბილია სამოთხე, ყველანაირ ტანჯვას გაუძლებდა აქ მიწაზე. ერთხელ ღირსი სვიმეონი, ახალ ღვთისმეტყველად წოდებული, ისე გაბრწყინდა სული წმიდისაგან, რომ წამოიძახა: ო, ღმერთო! ალბათ ამ ნეტარებაზე აღმატებული არაფერი არსებობს ქვეყნად! და პასუხად მიიღო: იგი რასაც წმიდანები განიცდიან ამქვეყნად ხორციელი ყოფნის ჟამს, სამოთხისეულ ნეტარებასთან შედარებით მოგვაგონებს ქაღალდის კუთხეში დახატული და ცაზე მოკაკაშე მზის შედარებას.

ეფრემ ასური წერს, რომ მაშინ სულთა ურთიერთობა სხვაგვარი იქნება. არსებობს მაცხოვრის სიტყვები, რომელნიც დაცულია არა სახარებაში, არამედ მამებთან: იმქვეყნად შინაგანი იქნება, როგორც გარეგანი. ხოლო გარეგანი, როგორც შინაგანი. ე.ი. გარეგანი ეს სხეულია, შინაგანი - სული. სხეული განსულიერდება, მსგავსი გახდება სულისა. შინაგანი - სული გახდება როგორც გარეგანი, ე.ი. იქნება ხილული. ეფრემ ასური წერს: მოისურვებ თუ არა იყო წმიდა მოწამეებთან, მათ ირგვლივ აღმოჩნდები; მოისურვებ თუ არა დატკბე მართალთა ტკბილმოუბრობით, არა ენით, არა ბაგეებით, არამედ გულითა და სულით შესძლებ მათთან საუბარს, ე.ი. შენ იხილავ მათ სულებს შენი სულით; დატკბები მათი სილამაზისა და სიყვარულის ჭვრეტით, რაც წმინდანთაგან ყველაზე გადმოედინება.

დანო და ძმანო! სამოთხეში, მხოლოდ მარადიულ ცხოვრებაში შეიმეცნებს ადამიანი ტანჯვის საიდუმლოებას, რომ ამქვეყნად, მიწაზე მწუხარება, შრომა და განსაცდელი - ესაა ღვთის უდიდესი წყალობა და ადამიანი სვამს იმ ბარძიმიდან, რომლიდანაც სვამდა თვით უფალი იესო ქრისტე. ჩვენ ამიტომაც მარადიულ ცხოვრებაში მადლობელი ვიქნებით ჩვენი მტრებისა, მადლობელი ვიქნებით მაწყევართა, მათი, ვინც უსამართლოდ მოგვექცნენ, იმიტომ, რომ ისინი უნებლიედ ხელს უწყობდნენ ჩვენს გადარჩენას. აქ ამქვეყნად ჩვენთვის მრავალი რამაა გაუგებარი, მაგრამ აქ ჩვენ მხოლოდ პირველ გვერდს ვხედავთ წიგნისა, რომელიც გაცხადდება მარადისობაში და იქ ჩვენ შევიგრძნობთ მთელ სიღრმეს ღვთიური სიბრძნისა, მთელს ძალას ღვთის სიყვარულისა.

დანო და ძმანო! ერთხელ ალექსანდრიის ეპისკოპოსი თეოფილე ნიტრიის მთას ეწვია და ყველაზე გამოცდილ ბერს ჰკითხა: „ყველაზე საუკეთესო რა ჰპოვე სულიერ ცხოვრებაში?" და მან უპასუხა: „ყველაფერში საკუთარ თავს ვადანაშაულებდი". ეპისკოპოსმა დასძინა: „ეს არა მარტო საუკეთესო, არამედ ერთადერთი გზაა გადარჩენისათვის".

მაშ, დანო და ძმანო, მუდამ გვახსოვდეს საშინელი სამსჯავრო, ფხიზლად გვეპყრას საკუთარი სინდისი, რათა იგი მკაცრად გვამხილებდეს ჩვენ და მაშინ საშინელი სამსჯავრო იქნება ჩვენთვის მარადიული ცხოვრების კარიბჭე! ამინ!