პარასკევი
2024-12-06
10:26 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

სასწაულები

მთავარი » სტატიები » Мои статьи

† სრულიად ნახვა †

მსოფლიოს სასწაულები, რომლებიც მოწმობენ მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებას და იულიანური კალენდრის (ძველი სტილის) მართებულობას
 
ჩვენს დროში ხშირად გაიგონებთ ასეთ ნათქვამს: „რატომ გგონიათ, რომ მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოებაა ჭეშმარიტი? კათოლიკენიც ხომ ამბობენ, ჩვენი სარწმუნოებაა ჭეშმარიტიო?!"
ჩვენი კეთილმსახური წინაპრებისათვის ასეთი დაეჭვება, რა თქმა უნდა, სრულიად წარმოუდგენელი იყო. მათ კარგად უწყოდნენ, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოება თვით უფალმა მისცა თავის მოციქულებს და ეს სარწმუნოება წმიდად, უცვლელად და შეურყეველად არის დაცული მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში და ადამიანთა რწმენასაც კაცობრივი ამაო შეხედულებები კი არ განამტკიცებდა, არამედ ის ნიშნები და სასწაულები, რომელთაც უფალი ყოველთვის აღასრულებდა ჩვენს ცხოვრებაში.
 
აი, რამდენიმე ასეთი უმნიშვნელოვანესი სასწაული:
მადლმოსილი საღმრთო ცეცხლის გარდამოსვლა უფლის საფლავზე, რაც ყოველწლიურად აღესრულება აღდგომის დღესასწაულის წინადღეს, დიდ შაბათს

ეს არის უდიდესი სასწაული, რომლის მოწმეც ყოველწლიურად ასობით ადამიანია, მათ შორის ჩვენი თანამემამულენიც. ამასთან, საყოველთაოდ აღიარებული და დადასტურებულია ის ფაქტი, რომ საღმრთო ცეცხლი მხოლოდ მაშინ გარდამოხდება ხოლმე, როცა კუვუკლიაში (უფლის საფლავზე აღმართულ სამლოცველოში) მართლმადიდებელი პატრიარქი შედის აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს ძველი სტილით - მართლმადიდებლური, იულიანური კალენდრით. ამ დროს პატრიარქს ხელში აუნთებელი სანთლები უკავია. მას არც ასანთი აქვს და არც სანთებელა - ამისთვის საგანგებოდ ამოწმებენ ხოლმე სამლოცველოში შესვლის წინ. შემდეგ იწყება მხურვალე ლოცვა-ვედრება. და აი, ზეციდან მადლმოსილი ცეცხლი გადმოდის, პატრიარქის ხელში სასწაულებრივად ინთება სანთლები და იგიც უსაზღვრო სიხარულით აღსავსე ანთებული სანთლებით გამოდის მორმწმუნეებთან. ცეცხლი მაშინვე ყველას გადეცემა, ამასთან სულაც არ არის საჭირო სანთლების ერთმანეთზე შეხება, ანდა ძალზე მიახლოება ერთმანეთთან.

თაბორის მთაზე ყოველწლიურად გამოჩენილი ღრუბელი:
ამ შემთხვევაშიც, უფლის ფერისცვალების დღეს, ძველი მართლმადიდებლური სტილით, სრულიად მოწმენდილ ცაზეც კი უსათუოდ გამოჩნდება ხოლმე ღრუბელი და თაბორის მთას ადგას მთელი დღესასწაულის განმავლობაში. როგორც ცნობილია, ფერიცვალებულ უფალს, რომელიც ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა აქ, ღრუბელი დაადგრა თავს, რადგან ამ საღმრთო ნათელმა თვალნი დაუბრმავა მოციქულებს - პეტრეს, იაკობსა და იოანეს.

მირონმდინარე ივერიის ღვთისმშობლის ხატი:
კანადაში იმყოფებოდა მართლმადიდებელი ქრისტიანის მიერ ათონის წმიდა მთიდან გადასვენებული ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელსაც მირონი სდიოდა ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს ხელთაგან.
მირონის დენა წყდებოდა მხოლოდ ვნების კვირაში (ეს სასწაულიც აღესრულებოდა ისევ და ისევ ძველი სტილით - იულიანური კალენდრის მიხედვით) და აღდგომის შემდეგ კვლავ განახლდებოდა! (1997 წელს ამ ხატის მცელი იოსებ მუნიოსი მოკლეს და თვით ხატი გაიტაცეს).

წმიდა ჯვარის გამოცხადება:
ათენის მახლობლად, ჯვართამაღლების დღესასწაულზე 1925 წლის 14 სექტემბერს (იულიანური კალენდრით) ცაზე მოხდა წმიდა ჯვრის სასწაულებრივი გამოცხადება.

ღვთაებრივი ცეცხლი მხოლოდ მართლმადიდებლებს მიემადლებათ!:
დიდ შაბათს იერუსალიმის ტაძარში მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლა საკვირველი მტკიცებაა მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებისა და დიდებულებისა. უნივთო ცეცხლმა, ნათელმა, მოციქულთა და წმიდა მამათა მოწმობით, ჯერ კიდევ აღდგომისას განაბრწყინა მაცხოვრის საფლავი. წმიდა გრიგოლ ნოსელთან ვკითხულობთ: „პეტრე ხედავდა არა მარტო ხორციელი თვალით, არამედ მოციქულებრივი გონებითაც, - მაცხოვრის საფლავი აევსო ნათელს და თუმცა ღამე იყო, ორგვარი ხედვით ჭვრეტდა შინაგანს - გრძნობიერად და სულიერად" წმიდა იოანე დამასკელი წერს: „პეტრე დადგა საფლავიდან და შეძრწუნდა მხედველი ნათლისა".
პირველი ცნობა მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის შესახებ IV საუკუნეში გვხვდება ევსები კესარიელის საეკლესიო მატიანეში. IV საუკუნეში ელენე დედოფალმა ააგებინა მაცხოვრის აღდგომის ტაძარი და იმავე წელს უფალმა მადლი - საღმრთო ცეცხლი გარდამოუვლინა მას. უკვე რამდენიმე საუკუნეა, საფლავს მართლმადიდებელი მღვდელმთავრები მეთვალყურეობენ და მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად უფლის საფლავთან დიდ შაბათს აუცილებლად მართლმადიდებელი პატრიარქი უნდა წარსდგეს.
მღვდელ-მონაზონი იპოლიტე თავის მოგონებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცეცხლი გარდამოვალს ზეციდან მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელზე მაშინაც კი, როდესაც გვერდით სხვა სარწმუნოების ეკლესიათა კანდელები დგას: სომხური, კათოლიკური, კოპტური.
XIX საუკუნის შუა წლებში წმიდა მიწა მოილოცა ათონელმა ბერმა პართენიმ, რომელიც აღწერდა დიდ შაბათს წმიდა ტაძარში არსებულ ვითარებას: „საზეიმო მწუხრის შემდეგ არაბებმა დაიწყეს ყვირილი და ტაძარში სირბილი. ვკითხე, რას ყვირიან-მეთქი. ამიხსნეს, რომ ისინი აქებენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, კეთოლიკეებს საყვედურობენ, რომ მადლი არა სწამთ, ხოლო სომხებს კიცხავენ, რომ სურდათ თვითონ მიეღოთ მადლი, უწმინდურებით კი აღივსნენ".
აქ იგულისხმება ის შემთხვევა, რომელიც ქრისტეს საფლავთან მომხდარა: სომხებს გასჩენიათ პრიორიტეტის პრეტენზიები მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად. მათ მოისყიდეს მუსულმანი არაბი, რომლის მფლობელობაშიც იყო მაცხოვრის საფლავის ტაძარი. შეასწრეს ტაძარში მართლმადიდებელთა პატრიარქს, კარები გადარაზეს და დაიწყეს ლოცვა საღმრთო ცეცხლის მისაღებად. სომხები დიდხანს ელოდნენ სასწაულს, მათი სულიერი წინამძღოლი, პარტიარქი ბეჯითად ლოცულობდა საფლავის წინ, მაგრამ გაუცრუვდა იმედები - ღვთაებრივი ცეცხლი არა და არ გადმოდიოდა. მართლმადიდებელი პატრიარქი მრევლითურთ გარეთ იდგა და ცრემლთღვრით ლოცულობდა.
და აი, იმ დროს, როდესაც ტაძარში ჩაკეტილი სომხები უფლის ნიშს ელოდნენ, ანაზდად მოწმენდილ ცაზე დაიქუხა, ტაძრის მარმარილოს სვეტი გაიბზარა და მასზე გაჩენილი ნაპრალიდან ცეცხლი გადმოვიდა. სვეტიდან გამოტყორცნილი მადლმოსილი ცეცხლი აიტაცა მართლმადიდებელმა პატრიარქმა და ეს ცეცხლი გადასცა ყველა იქ მყოფს. აქ მოხდა მეორე, არანაკლებ ღირსშესანიშნავი ამბავი: ერთმა თურქმა ოფიცერმა, სახელად ანვარმა, რომელიც თავის ჯარისკაცებთან ერთად სადარაჯოზე იდგა მახლობელი შენობის ზედა სართულზე, ცეცხლის გადმოსვლა რომ იხილა, გადმოეშვა მარმარილოს ფილებზე ტაძრის შესასვლელის წინ და შესძახა: - „ძლიერ არს ღმერთი ქრისტიანეთა, მე ქრისტიანი ვარ!" ქვის იატაკზე ანვარს არაფერი დაშავებია, ხოლო მისი ფეხის კვალი დღემდე შემოინახეს ქვის ფილებმა. თურქებმა თავი მოკვეთეს ანვარს, ტანი კი დაწვეს. მოწამის ფერფლი, რომელმაც სისხლით მიიღო წმიდა ნათლობა, დაცულია ერთ-ერთ მონასტერში.
მონოფიზიტ სომეხთა ლოცვის გაცუდება, ეკლესიის მამათა განმარტებით, უფლისაგან ჭეშმარიტი სარწმუნოების მინიშნებას წარმოადგენს. მას შემდეგ არამართლმადიდებლური კონფესიის ვერცერთი წარმომადგენელი ვეღარ ბედავს მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად მისვლას. ეს სვეტი კი დღესაც დგას, გაბზარული, მართლმადიდებლობის ძლევამოსილების ნიშნად!
                                                              წიგნიდან: „მადლმოსილი საღმრთო ცეცხლი", თბილისი, 2002
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: leo_wien (2011-10-08)
ნანახია: 2791 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 1
1 თეიმურაზი  
0
ღმერთი შეგეწიოთ

სახელი *:
Email *:
კოდი *: