ხუთშაბათი
2024-11-21
9:29 AM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† ცხრა ნეტარება †

ცხრა ნეტარება

1. ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა; 2. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ; 3. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა; 4. ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ; 5. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ; 6. ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ; 7. ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ; 8. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა; 9. ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა.
 
 
9 ნეტარების განმარტება!
ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
 გლახაკი სულითა არის ისეთი კაცი, რომელსაც შეგნებული აქვს თავისი უღირსება ღვთის წინაშე; შეგნებული აქვს, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია ღმერთის შეწევნის გარეშე. მოკლედ, სიგლახაკე სულითა არის სიმდაბლე (თავმდაბლობა). სიმდაბლე არის დასაწყისი ქრისტიანის სულიერი ცხოვრებისა, პირველი სათნოება მისი, რადგანაც აიძულებს კაცს ეძიოს შემწეობა ღვთისა და არა ჰქონდეს სასოება მარტო საკუთარი თავისა; როგორც ამპარტავნება არის დასაწყისი ცოდვისა, ისე სიმდაბლე არის დასაწყისი ცხონებისა. გლახაკი სულითა შეიძლება იყოს ყველა ქრისტიანი, მდიდარიც და ღარიბიც.

მაგალითი სიმდაბლისა არის მეზვერე, რომლის ლოცვაც – ღმერთო, მეოხ მეყავ მე ცოდვილსა ამას, არის ლოცვა ყველა მდაბალთა და გლახაკთა სულითა. სულით გლახაკებს ღმერთმა აღუთქვა სასუფეველი ცათა.
 
ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ.

სიმდაბლის შეგნებას აუცილებლად მოსდევს გლოვა და ტირილი ცოდვათა გამო. რაკი შეიგნებს ქრისტიანი თავის სულიერ სიღატაკეს და უძლურებას, უეჭველად იწყებს გლოვას და სთხოვს ღმერთს ცოდვათა მიტევებას და შეწევნას.
 
მაგალითები ცოდვათათვის მგლოვარებისა არის მეფე და წინასწარმეტყველი დავითი, რომელმაც მძიმედ სცოდა, მაგრამ ყოველ ღამ სარეცელს ალტობდა ცრემლით. ასევე მოციქული პეტრე, რომელიც მწარედ სტიროდა ქრისტეს უარყოფისათვის.

მგლოვარეთ ღმერთი ანიჭებს სულის მშვიდობას და ცოდვათა მიტევებას, მაგრამ სრულს ნუგეშს ცოდვთა შესახებ მგლოვარენი მიიღებენ მომავალს ცხოვრებაში.
 
 
ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.

სიმშვიდე არის ისეთი მდგომარეობა სულისა, როცა ქრისტიანი არავის აბოროტებს, არ აწყენინებს და თვითონაც ერიდება განრისხება-გაბოროტებას. მშვიდი კაცი მზად არის მოითმინოს და აიტანოს სხვისგან შეურაცხყოფა უდრტვინველად. ცდილობს მოსპოს მტრობა და ბოროტება, თუნდაც რომ შეილახოს მისი უფლება და ზარალი მიეცეს ამით. ეს არ ნიშნავს ხასიათის სისუსტეს. ამისთანა კაცს ყოველთვის შეუძლია ეძიოს თავისი, მხოლოდ სიყვარულით, განუბოროტებლად. უდიდესი მაგალითი სიმშვიდისა არის ქრისტე მაცხოვარი.
მშვიდთა ქრისტემ აღუთქვა დამკვიდრება ქვეყანისა, ანუ სრული დიდება მომავალ საუკუნეში, რომელშიც იქმნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა.
 
ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ.

მშიერი და მწყურვალი სიმართლისათვის არის ისეთი კაცი, რომელიც არ ესავს თავის კეთილ საქმეებს, რაც უნდა ბევრი ექმნას, არამედ, არამედ, როგორც მშიერს უნდა პური და მწყურვალს წყალი, ისე ეძიებს ღვთის სიმართლეს და განმართლებას მის წინაშე.
 

სიმართლისათვის მშიერთ და მწყურვალთ ღმერთმა აღუთქვა განძღომა, ე.ი. სრული დაკმაყოფილება. სულიერი განძღომა მისცემს მათ სულის სიმშვიდეს და ძალას ღვთის ნებისა და მცნებების აღსასრულებლად. სრული განძღომა მშიერთა და მწყურვალთა სიმართლისათვის მოხდება მომავალ ცხოვრებაში, როცა კაცი მიიღებს მონაწილეობას ღვთის დიდებაში.
 
ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.

მოწყალე არის ისეთი კაცი, რომელიც ხედავს მოყვასის გაჭირვებას და ეხმარება ყველაფრით, რითაც შეუძლია – რჩევა-დარიგებით, ქონებით, ცოდნით. მოწყალება არის მუდმივი თვისება ჭეშმარიტი ქრისტიანისა. მოწყალება არის სულიერი და ხორციელი: სულიერი მოწყალება ეკუთვნის კაცის სულიერ მხარეს, ხორციელი – ხორციელს. მშიერის გამოზრდა, შიშველის შემოსვა, ავადმყოფის მოვლა-პატრონობა არის ხორციელი მოწყალება; მოქცევა შეცდომილისა ჭეშმარიტების გზაზე, ნუგეშინისცემა მწუხარისა, მიტევება შეურაცხყოფისა არის სულიერი მოწყალება.

მოწყალეთ ღმერთი შეიწყალებს საშინელ განკითხვის დროს მისთვის, რომ მშიერი გამოზარდეს, შიშველი შემოსეს. მაგალითი მოწყალებისა მაცხოვარმა გვაჩვენა მოწყალე სამარიტელის შესახებ იგავით.
 
ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.
 
წმიდა გულით არის ის კაცი, რომელიც ცდილობს არაფერი ბოროტი და ცუდი განზრახვა არ იქონიოს გულში, რადგანაც გული არის ძირი და წყარო ყოვლისავე კეთილისა და ბოროტისა. როგორი გულიც აქვს კაცს, მისი საქმეებიც ისეთი იქნება. წმიდანი გულითა იხილავენ ღმერთს. რადგანაც ღმერთი არის წმიდა არსება, ამიტომ მისი ხილვა შეუძლიათ მხოლოდ წმიდა გულის პატრონთ. ღმერთი არის ნათელი, ამიტომ ვერ მიეახლება მას ცოდვებით დაბნელებული კაცის გული.
 
ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ.
 
მშვიდობის მყოფელი ეწოდება ისეთ კაცს, რომელსაც უყვარს მშვიდობით და მყუდროებით ცხოვრება; რომელიც არამც თუ თვითონ არავის წაეჩხუბება და შეაწუხებს, არამედ ცდილობს შეარიგოს წაჩხუბებულნი და უკმაყოფილონი. მშვიდობის მყოფელი ცდილობს განამტკიცოს ქვეყანაზე სასუფეველი ღვთისა წინააღმდეგ ბოროტისა. მშვიდობის მყოფელნი თავის მოღვაწეობით და მოქმედებით ემსგავსებიან იესო მაცხოვარს, რომელიც მოვიდა შეცოდებული კაცის შესარიგებლად ღმერთთან, და ამიტომაც იწოდებიან მშვიდობის მყოფელნი ძედ ღვთისა.
 
ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
 
ქრისტეს ჭეშმარიტ მონებს ამ სოფელში მოელით დევნულება, ტანჯვა, ცილისწამება, დაცინვა. ძნელია ქვეყანაზე სიმართლით ცხოვრება და მუდამ სიმართლის თქმა, მაგრამ ქრისტიანი მუდამ მხნე უნდა იყოს, მომთმენი და მტკიცე თავის აღმსარებლობასა და სარწმუნოებაში.
 
დევნულთ სიმართლისათვის ქრისტე აღუთქვამს ზეცათა სასუფეველს ნაცვლად იმისა, რასაც მოაკლდებიან და დაკარგავენ აქ სიმართლისათვის დევნულობის ჟამს.
 
 
ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა.
 
უდიდესი ნეტარება მოელით იმათ, ვინც ეწამებიან ქრისტეს სარწმუნოების სახელისათვის. ქრისტე ღმერთი ძვირფასია ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის. მოციქულებმა, მოწამეებმა სისხლი დასთხიეს ქრისტეს სიყვარულისათვის და ამით დაამტკიცეს მისი სიყვარული, ამიტომ ასეთებს ქრისტე მრავალ ჯილდოს აღუთქვამს ცათა შინა.