„უდროოდ" გარდაცვლილთა შესახებ
სიკვდილი ყველა ადამიანის ხვედრია, ადრე თუ გვიან ყველას უწევს, ზოგს – ღრმა სიბერეში, ზოგსაც – ახალგაზრდობისას, მოულოდნელად, სიცოცხლის ყვავილობის ჟამს, ძალთა ჭარბობისას, იმედებისა და ოცნებების დროს.
როცა უძლურებაშეპყრობილი მოხუცებული კვდება, სიკვდილის გარდაუვალობაში დარწმუნებულნი, ადვილად ვეგუებით ამას. მაგრამ როცა სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვლება, ღრმა მწუხარებითა და მდუღარე ცრემლებით მივაცილებთ მას იმქვეყნად. ამგვარი სიკვდილის შემდეგ ამქვეყნად რჩებიან ქვრივები, ობლები, უმწეო და უძლური მოხუცი მშობლები. ასეთ დროს ჩვენ ჩვეულებრივ ვამბობთ: როგორ უდროოდ გარდაიცვალაო. ვკითხულობთ, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა ასეთი ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი. ამგვარი ლაპარაკი თანდათან უხეშ დრტვინვაში გადადის და ცხოვრებით უკმაყოფილების მიზეზი ხდება.
შეიძლება თუ არა ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი მივიჩნიოთ „უდროოდ" და მასზე გადამეტებული გლოვით ღვთის განგებაზე ვჩიოდეთ. ამის პასუხი მეოთხე საუკუნეში წამებული წმ. უარას ცხოვრებაში შეიძლება ვნახოთ.
უარას, როცა ის ჯარისკაცად მსახურობდა, უყვარდა საპყრობილეებში ქრისტიანთა მონახულება. იგი მათ უვლიდა, ჰბანდა ჭრილობებს, აწვდიდა სასმელსა და საჭმელს. ამგვარი სიყვარულისა და დევნილ ქრისტიანთა თანადგომის გამო იგი დაკითხვაზე წარსდგა. უარამ თავისი ქრისტიანობა თამამად განაცხადა, რისთვისაც აწამეს და ბოლოს თავი მოჰკვეთეს. ერთმა კეთილშობილმა ქალბატონმა, დიდი პატივით დაკრძალა უარა, ხოლო შემდგომ მის საფლავზე ტაძარი ააგო. ტაძრის კურთხევიდან მცირე ხნის შემდეგ ქალბატონს უბედურება ეწვია: გარდაიცვალა მისი ერთადერთი ვაჟი, ახალგაზრდა, მაგრამ უკვე მხედრის პატივს მიღწეული. მგლოვიარე დედა წმ. უარას საფლავთან დაემხო და მთელი სულითა და გულით ევედრებოდა მას, რათა უფალს შეესმინა მისი და მიცვალებული გაეცოცხლებინა. მწუხარებისაგან, ცრემლებისა და ხანგრძლივი ლოცვისაგან დაღლილ კლეოპატრას ჩაეძინა და იხილა საოცარი ჩვენება: წმიდა უარა გარდაცვლილ ვაჟთან ერთად ეჩვენა მას. ორივეს ნათელი სამოსელი ეცვა, თავზე გვირგვინები ედგათ და რაღაც საოცარი შუქით იყვნენ გასხივოსნებული. ამ ხილვით კლეოპატრა მიხვდა, რომ მის მიერ მოაზრებული „უდროო სიკვდილი" შვილისა სულაც არ იყო უბედურება, არამედ უფლის წყალობა – ამქვეყნიური ცხოვრებიდან სასუფეველში დამკვიდრება, სიხარულში, ნეტარებაში დავანება, რომელსაც მისი შვილი ამქვეყნად ვერ გამოსცდიდა, თუნდაც ასი წელიწადი ეცხოვრა.
კლეოპატრამ შეწყვიტა მძიმე გლოვა, თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, თვით კი წმ. უარას საფლავზე აგებულ ტაძარში გადასახლდა და სიცოცხლის ბოლომდე მკაცრად მარხულობდა და ლოცულობდა. ასე დაემორჩილა იგი უფლის ნებას.
ქრისტიანებო, უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ჩვენი აზრია ის, თითქოს სიკვდილი შეიძლება უდროო იყოს. ღვთის განგებულებით, ყველა თავის დროს კვდება. იმ დროს, როცა სული შემზადებულია იმქვეყნად გადასვლისათვის. ქრისტე ხომ გვასწავლის, რომ ღვთის განგების ხელი მთელ დედამიწაზეა განრთხმული და იცავს ადამიანებს. როცა გვწამს ჩვენდამი მაცხოვრის ამგვარი მოწყალებისა, ღრმადა ვართ დარწმუნებულნი, რომ სიკვდილი შემთხვევითი როდის, არამედ ღვთის ნებით დაშვებული. ღვთის ნება, სრული და მადლიანი, ყველაფერს ჩვენი ბედნიერებისა და ნეტარებისაკენ წარმართავს. ამის კვალობაზე ადამიანები ვკვდებით სწორედ მაშინ, როცა ეს ჩვენთვისაა საჭირო.
მთელი ჩვენი ცხოვრება, თავიდან ბოლომდე, ყოვლისმხედველი ღვთის წინაშეა ცხადჩენილი. დიდოსტატი ფერმწერი, რომელიც სურათს ამთავრებს, ყურადღებიანი მზერით ამჩნევს ნახატის ნაკლოვანებებს, დახელოვნებულად განმართავს მათ და მხოლოდ ამის შემდგომ გამოაქვს იგი სამზეოზე. მსგავსად ამისა უფალი თავისი ზესიბრძნით მიგვმართავს საბოლოო მიზნისაკენ და, როცა ეს საბოლოო მიზანი მიიღწევა, როცა ჩვენ მიერ აღსრულებულია ამქვეყნიური სრბა, მაშინ ღმერთი იმქვეყნად გაგვიხმობს, სხვა ცხოვრებისათვის, თუნდაც ვთვლიდეთ, რომ ეს უდროოდ იყო.
ამას გარდა ღმერთი თავისი მოწყალებით განგვარიდებს იმ ცოდვებს და უბედურებებს, რომლებიც მოგველის. იცის უფალმა, რომ, ვთქვათ, რომელიმე ადამიანი, თუ კიდევ იცოცხლებს, მომაკვდინებელ ცოდვებში ჩავარდება და შეუნანებელი დარჩება. ამიტომაც გაჰყავს ასეთი ადამიანი ამქვეყნიდან. ან კიდევ – ხედავს უფალი, რომ დაუძლურდა ადამიანი, დაიღალა ცხოვრების სიმძიმით, და რომ არ დაეცეს გასაჭირთან ბრძოლაში, თავისთან მოუხმობს მას. მაგრამ ჩვენი შეზღუდული გონება ვერ ჭვრეტს შემოქმედის მზრუნველობას ადამიანთა მოდგმისადმი. ამიტომაც ვწუწუნებთ, ვღონდებით, სასოს წარვიკვეთთ და ვწყევლით გაჩენის დღეს.
იმისათვის, რომ შევაკავოთ ჩვენი გაქვავებული გულის ჩივილი, როცა ღვთის განგებულება არ ემთხვევა ჩვენ სურვილებს, მოვუხმოთ ამგვარ შედარებას: ვთქვათ, რომ რომელიმე ჩვენგანს ჰყავს საყვარელი შვილი, და მამას, რომელსაც არ სურს მასთან განშორება, აყენებენ ამგვარი არჩევნის წინაშე: დარჩეს შვილი მასთან რამდენიმე წელი, ოღონდ წყალობის გარეშე, ან – გაუშვას შვილი შორეულ ქვეყანაში, მოთმინებით გადაიტანოს მასთან განშორების წუხილი, მაგრამ შვილი იმავდროულად ბედნიერი იქნება, თანაც სამუდამოდ.
რომელი მამა არ აირჩევდა უკანასკნელს? რომელი იტყოდა უარს იმ მაცხონებელ განშორებაზე, რომელსაც ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ მიჰყავს ადამიანი. რასაკვირველია, არავინ. ასე, მაგალითად, კლეოპატრას ვაჟიც მოკვდა, როგორც იტყვიან ხოლმე, უდროოდ, მაგრამ შესაძლოა ამით მან საუკუნო სიხარული დაიმკვიდრა. და ვინ იცის, ღრმა სიბერემდე რომ ეცხოვრა, ცხოვრებისეული ხიბლით ცდუნებულიყო და ნეტარების გვირგვინი დაეკარგა.
ძმებო! ნუ მივენდობით ჩვენს ცდომილ გონებას. ნუ მივიჩნევთ უდროოდ მას, რაც ღვთის განგებისათვის დროულია და, როცა ვნახავთ სიკვდილისაგან მიტაცებულ მოყვასს, ნუ დავიწყებთ დრტვინვას, უკმაყოფილების გამოხატვას, არამედ უმჯობესია გულმოდგინედ ვილოცოთ მისი სულის ცხონებისათვის და ვევედროთ უფალს, რათა ჩვენც მოგვმადლოს ქრისტიანობითი აღსასრული. როდის? როცა ეს ღვთის წმიდა ნებისათვის იქნება სასურველი. ამინ.
როგორ აფასებენ მიცვალებულები ცოცხალთა ლოცვებს
ყველაზე უფრო ამაღელვებელი წეს-ჩვეულება მართლმადიდებლურ ეკლესიაში არის მიცვალებულთა მოხსენება და მათთვის ლოცვის აღვლენა.
წმინდა ეკლესია, გააცილებს რა მომაკვდავი ადამიანის სულს უკანასკნელ გზაზე, არც შემდეგში ტოვებს ამ სულს ლოცვითი შეწევნის გარეშე. მთელი რიგი გულისამაჩუყებელი თხოვნებით, რომლებიც ეგრეთწოდებულ პანაშვიდის ლოცვას შეადგენენ, ეკლესია თავისი გარდაცვლილი სულიერი შვილისთვის ცოდვების მიტევებას და მარადიულ ნეტარებას გამოითხოვს; აგრეთვე, ცდილობს შეამსუბუქოს იმქვეყნიური ხვედრი ადამიანისა იმ ძალით, რომლითაც ევქარისტიის საიდუმლოა აღბეჭდილი. სახელდობრ, ლიტურგიის პირველი ნაწილის, პროსკომიდიის დროს, მორწმუნეებს თავიანთ ახლობელ მიცვალებულთა მოსახსენებლად მიაქვთ სეფისკვერები, რომელთაგან ხდება კვეთა და იმავდროულად აღნიშნულ მიცვალებულ პირთა სახელების მოხსენიება. წირვის დასასრულს, მორწმუნეთა ზიარების შემდეგ, ხდება ამ ნაწილთა ჩაშვება ბარძიმში, რომელშიც წმიდა ნაწილები განისვენებენ და ასე ხდება მათი შეხება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცთან და სისხლთან. ამ დროს მღვდელმსახური წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს: „განბანე, უფალო, ცოდვანი აქა მოხსენიებულთა სისხლითა შენითა პატიოსნითა ლოცვითა წმიდათა შენთათა".
ქრისტიანთა რწმენით და ლოცვით, ასევე განმაცხოველებელ ნაწილთა საიდუმლო ძალით დიდი შეწევნა აქვთ მიცვალებულთა სულებს. ცოდვილთა სულებს ამ დროს ტანჯვა უმსუბუქდებათ, მართალი სულები კი სიხარულში წარემატებიან.
იმას, თუ რა ძვირფასია ეკლესიის ლოცვა მიცვალებულ სულთათვის, მოწმობს ის ორი უტყუარი, ეკლესიურად საინტერესო ამბავი, რომელიც ქვემოთ იქნება მოთხრობილი. ერთი მათგანი გივჩვენებს იმას, თუ როგორ სწყურიათ მიცვალებულ სულებს, რათა ვინმემ ცოცხალთაგან ლოცვა ჰყოს მათთვის და თუ როგორი მადლიერნი არიან მლოცველი ადამიანებისა. მეორე კი ცხადჰყოფს, თუ როგორ მწუხარებენ სულები, რომელთათვისაც არავინ ლოცულობს, და თუ მძიმეა პასუხისმგებლობა იმ ადამიანებისა, რომელნიც არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, რათა ლოცვით შეეწიონ ამ ქვეყნიდან წასულ ძმას თვისას.
პირველი ამბავი:
იმ დროს, როცა მოსკოვის ეპარქიას მარად სახსოვარი მიტროპოლიტი ფილარეტი მართავდა, მოსკოვის ერთ-ერთ მრევლს ემსახურებოდა მღვდელი, კაცი მხურვალე მორწმუნე, კეთილი, ეკლესიის მოყვარული, მაგრამ ლოთობის საშინელი სენით შეპყრობილი. ამ მღვდელმა წესად დაიდო, რათა ელოცა ყველა მიცვალებულისთვის, რომლის სახელიც კი მის ყურს მისწვდებოდა. ქუჩაში პროცესიას რომ წააწყდებოდა, მიცვალებულის სახელს იკითხავდა, ჩაწერდა და გულმოდგინედ იხსენიებდა მას უფლის ტრაპეზის წინაშე. ვინმე საწყალი ადამიანის გარდაცვალება რომ გაეგო, ან უბედური შემთხვევის მსხვერპლზე ვინმეს რამე მოეთხრო, იგივეს აკეთებდა. ამავე დროს მრევლი ძალზე აღშფოთებული იყო მოძღვრის მძიმე სნეულებით, რომელიც ხშირად ლოცვის ჩაშლის მიზეზი ხდებოდა. მიტროპოლიტის ყურამდე მიაღწია ხმებმა იმის შესახებ, თუ როგორ გამწყრალა მრევლი თავის წინამძღვარზე.
მიტროპოლიტმა, თუმცა კი შეებრალა მღვდელი, გადაწყვიტა მსახურებისგან მისი დაყენება (მღვდელმსახურების აკრძალვა), და ბრძანა, რათა შეედგინათ სათანადო საბუთი. გვიან საღამო ხანს, როცა იგი ხელს აწერდა ქაღალდებს, ფიქრობდა იმ საბუთზეც მოეწერა ხელი, რომელზეც იყო განკარგულება მღვდლის მსახურებიდან დაყენების შესახებ, და რომელიც მაგიდაზე იყო გამზადებული, მაგრამ რაღაც მძიმე გრძნობამ აიძულა იგი, კალამი გვერდზე გადაედო და ქაღალდზე ხელი დილით მოეწერა. ამ განწყობილებით დაწვა და დაიძინა.
მან ნახა სიზმარი: იდგა გაშლილ ვაკე ადგილას, და ვიღაცა ხალხი ეხვია გარს. ზოგიერთი მათგანი უჩვეულოდ გამოიყურებოდა, ძონძები ემოსა, ზოგი წყალში დამხრჩვალს ჰგავდა, წყლით იყო გაბერილი. ისინი ყველანი ერთად, ხმამაღალი შეძახილებით მოითხოვდნენ, რათა მიტროპოლიტს მოძღვარი შეეწყალებინა… დაჟინებით ითხოვდნენ და სულ უფრო და უფრო მჭიდროდ ერტყმოდნენ მეუფეს. ბოლოს გაიღვიძა მიტროპოლიტმა. ბოროტის მიერ მოგვრილ ბრძოლად ჩათვალა ეს სიზმრისეული ჩვენება, გადაწყვიტა, გადაელახა იგი, ადგა, შევიდა თავის კაბინეტში, მიუახლოვდა საწერ მაგიდას, რათა ხელი მოეწერა ქაღალდზე, რომელშიც მოძღვრის მსახურებიდან დაყენების შესახებ ეწერა, და ყველაზე თვალსაჩინო ადგილას იდო, მაგრამ, როცა ხელში უკვე მელანში ამოწობილი კალამი ეჭირა, რაღაც აუხსნელმა, ძალაუფლების მქონე გრძნობამ კვლავ დაუჭირა ხელი, რათა ჩვეული მოძრაობით ადამიანის ბედის გადამწყვეტი ხელმოწერა არ დაესვა ქაღალდზე. კვლავ დილისთვის გადადო ეს საქმე მიტროპოლიტმა. საძინებელში დაბრუნდა და ჩაწვა ლოგინში და კვლავ ნახა იგივე სიზმარი. უცნობი ადამიანები კიდევ უფრო მეტი გულმოდგინებით თხოვდნენ, ევედრებოდნენ მას, რათა მოძღვარი თავის ადგილას დაეტოვებინა. ძლიერი მღელვარებით გაღვიძებული მიტროპოლიტი მყისვე წამოდგა და გადამწყვეტი ნაბიჯით გაემართა კაბინეტისკენ, სადაც ის საბედისწერო ქაღალდი იდო, მაგრამ ისევ ვერ შეძლო ხელმოწერა. რაღაც ბევრად უფრო მძლავრმა, ვიდრე იყო მეუფის ცნობილი, შეურყეველი ნება, ამჯერადაც შეაკავა იგი. კვლავ დაბრუნდა საძინებელში და დაწვა მოსასვენებლად. ძილში ისევ შემოერტყა ის ხალხი დამნაშავე მოძღვარზე დაჟინებული თხოვნით: „შეეშვი, შეეშვი მას", – ყვიროდნენ ისინი, – გაგვიჭირდება მის გარეშე. ის გამუდმებით ლოცულობს ჩვენზე. შეეშვი მას!" მეუფე ისეთი ბრძენი იყო, ისე სწამდა ურთიერთობა ორ სამყაროს შორის, რომ გადაწყვიტა გაერკვია მომხდარი, რათა უყურადღებოდ არ დაეტოვებინა სამგზისი სიზმრისეული ჩვენება. მან დაუყოვნებლივ იხმო მოძღვარი… ძრწოლით წარდგა დამნაშავე მკაცრი და სამართლიანი მწყემსმთავრის წინაშე – მიტროპოლიტმა მას მოახსენა ყველაფერი, რაც გაეგო მის შესახებ. თავმდაბლად, ღრმა სინანულით იმეორებდა მოძღვარი: „სიმართლეა ეგ ყველაფერი, მეუფეო, ცოდვილი ვარ, ხედავს უფალი – მძიმე ცოდვილი ვარ" და თავს არ იმართლებდა. – კარგი, – განაგრძო მიტროპოლიტმა, – ახლა მითხარი, რა არის შენში კეთილი. ვიცი, რომ შენში კეთილი მხარეებიცაა.
- არა, ჩემში კეთილი არაფერია, მეუფეო.
- დაფიქრდი, იქნებ ლოცულობ ვინმესთვის, სხვათათვის ლოცვა დიდი საქმეა.
- აი, მეუფეო, – ერთად-ერთი, რაც კეთილია ჩემში, ისაა, რომ მიცვალებულებს ვიხსენიებ. იმათ გარდა, რომელთაც მე წესს ვუგებ, იმ მიცვალებულთა სახელებსაც ვიწერ, რომელთა შესახებაც გავიგებ, წავიკითხავ. ყველა მათგანს მუდმივად ვიხსენიებ პროსკომიდიაში.
- კარგადაც შვები, – თქვა მეუფემ, – შენ მათთვის ლოცულობ, ისინი კი შენთვის, – და აცნობა მას თავისი გადაწყვეტილებისა და სიზმრისეულ ჩვენებათა შესახებ. იმათმა ლოცვამ გადაგარჩინა. გტოვებ შენს ადგილზე, რათა გამოსწორდე. ილოცე მიცვალებულთათვის წინანდებურად. მაგრამ გახსოვდეს, ვალდებული ხარ, რომ შენი სამწყსოს ცოცხალ წევრებზეც იზრუნო და პირადი მაგალითით დამოძღვრო ისინი".
მოძღვარი მიტროპოლიტისაგან სრულიად შეძრული გამოვიდა. იმ დღიდან მის პირს წვეთი ღვინო აღარ გაჰკარებია. იგი მოღვაწე მღვდლის ნიმუშად იქცა. მაგრამ ამ მკვეთრი შემობრუნების შემდეგ მხოლოდ ერთი წელი იცხოვრა. ერთი წლის შემდეგ სამწყსომ ცხარე ცრემლით დაკრძალა ჭლექით განლეული თავისი მწყემსი, რომელსაც ღმერთმა თავისი სიკეთის გამო სინანული მისცა და სიკვდილის წინ ცოდვა გამოასყიდვინა.
მეორე ამბავი:
ერთ ადგილზე დანიშნულ ერთ მოძღვარს პირველივე წირვის დროს მისი წინამორბედი მღვდელი გამოეცხადა უსაზღვროდ მწუხარე სახით – იგი ჯაჭვებით იყო შებოჭილი და, ეტყობოდა, უქრობი ცეცხლი წვავდა. იგი თვალით ანიშნებდა სამსხვერპლოსთან მდებარე კედელზე. მოძღვარმა გადაწყვიტა, გადაეხედა სამსხვერპლოს იქით. კედელსა და სამსხვერპლოს შორის მან, მორწმუნეთა მიერ პროსკომიდიის დროს შეგზავნილი უამრავი მოსახსენებელი იპოვა, როგორც მოძღვარი მიხვდა, ეს მისი წინამორბედის მიერ წაუკითხავი ბარათები იყო. მან ილოცა და კვეთა ამ სახელებზე, განსაკუთრებით ტაძრის შესვენებულ წინამძღვარზე ლოცულობდა. რამდენიმე დღის ლოცვის შემდეგ მას ისევ გამოეცხადა გარდაცვლილი მოძღვარი ჯაჭვების გარეშე მხიარული სახით და მუხლებში ჩაუვარდა.
აი, ამდენად მნიშვნელოვანია მიცვალებულთა მოხსენიება!
თარგმნა ბარბარე სულამანიძემ
ჟურნალი „წყარო" № 27, 1994 წ.