ხუთშაბათი
2024-11-21
9:48 AM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† ჩემი გზა ქრისტესკენ †

 
ჩემი გზა ქრისტესკენ
რუბრიკის სტუმარი არქიმანდრიტი საბა (ერისკაცობაში გიორგი ვალერიანის ძე კუჭავა) გახლავთ. ინტერვიუზე ძლივს დავიყოლიეთ, ღელავდა - არც კი ვიცი, რა გითხრათო. მაგრამ ბოლოს სულგრძელად დაგვთანხმდა - რას ვიზამ, მორჩილებით აღვასრულებ, რასაც მთხოვთო. სათაურიც თავად შეარჩია: „ჩემი გზა ქრისტესკენ".

ყოველი ადამიანის გულში, რაც უნდა ურწმუნო იყოს იგი და არაღვთივსათნოდ მცხოვრები, ღვთიური სიკეთის მარცვალი მაინც მოიპოვება, რადგან იგი ღვთის ხატად და მსგავსადაა შექმნილი. არის პერიოდები ადამინის ცხოვრებაში, როდესაც იგი ღმერთს, მასთან მყოფობას ეძიებს, გარესამყაროსა და საკუთარ თავს აკვირდება. ამ დროს მას უფალი უხმობს, თავისკენ მოუწოდებს. მთავარია, ადამიანმა უზენაესის ხმას ყური მიუგდოს, მიჰყვეს მას, გამოფხიზლდეს სულიერი ძილისაგან, აღდგეს დაცემული და დაადგეს გზას ჭეშმარიტსა და ცხოვრებისმომცემელს, რომელიც არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე", - ბრძანებს უფალი.

ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ჟამი ღვთის ძიებისა. მაგრამ როდესაც ადამიანი სულიერ გზას დაადგება, ჩვილი ბავშვივითაა - ბევრი რამ არ იცის. ამიტომ იგი უფალს მიმართავს დახმარებისთვის. ჩემი პირველი ლოცვაც ასეთი გახლდათ: „უფალო, სწორი გზით მატარე!"

მონათვლით 17 წლისა მოვინათლე, 1976 წელს, მაგრამ ეკლესიურად ნაკლებად ვცხოვრობდი, თუმცა რწმენა იმისა, რომ ღმერთი არსებობდა, ყოველთვის მქონდა. ეკლესიური ცხოვრება მოგვიანებით დავიწყე, როდესაც საქართველოში ეროვნული მოძრაობა, ერის მოქცევა დაიწყო, ღვთისკენ მოწოდება გაისმოდა. ამაში ჩემი ნათესავი, ქალბატონი დესპინე ქოიავა დამეხმარა, ამიხსნა აღსარების, ზიარების არსი. დესპინე ჩემთვის მისაბაძი მაგალითი გახდა. გავიხსენებდი ქალბატონ ციალა კვანტალიანსაც, ჩემს ძველ თანამშრომელს. პირველი მარხვა სწორედ მან დამაწყებინა.

ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს, ღმერთის მიუძღვნას თავი, სულიერი ცხოვრება დაიწყოს, აუცილებლად უნდა ჰყავდეს დამრიგებელი, მასწავლებელი, რომლის დახმარებითაც შეძლებს მიზნის მიღწევას - სულის გადარჩენას, ღვთის სასუფევლის დამკვიდრებას, რაც უპირველესი მოვალეობაა ყოველი ქრისტიანისა. მინდა, ჩემი მხრივ, მადლიერება გამოვხატო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის დანიელის, მეუფე იოსების (შემოქმედელი მთავარეპისკოპოსის), მამა არჩილის (მინდიაშვილის), არქიმანდრიტ ბარსანუფის მიმართ. მათ მაზიარეს ეკლესიურ ცხოვრებას, ეკლესიურ საიდუმლოებებს, მათი მოძღვრული დარიგებები დღესაც გზამკვლევია ჩემთვის.

სიმბოლურია, რომ ჩემი სულიერი ცხოვრება სწორედ გზით დაიწყო და ახლაც გზით გრძელდება, გზით, იმიტომ რომ 1989 წელს მონაწილეობა მივიღე წმინდა ნინოს გზაზე მსვლელობაში ფოკიდან მცხეთამდე. ამ გზაზე ვიგრძენი სითბო, მადლი და მფარველობა უფლისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, დედისა ჩვენისა ნინოსი.

მერე თანდათანობით ღრმად, სულიერი თვალით დავიწყე შეცნობა იმისა, თუ რა დიდი მისია აკისრია ეკლესიას, სასულიერო პირებს ერისა და ქვეყნის ცხოვრებაში. მივხვდი, რომ სწორედ ეკლესიაა ადგილი ადამიანისა და ღვთის ურთიერთობისა, ეკლესიას მივყავართ სულის გადარჩენისა და ცხონებისაკენ. იგია ნავი აბობოქრებულ ზღვაში, რომლის მესაჭეც თავად უფალია.

გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრება სრულად მიმეძღვნა უფლისათვის, მისი მსახურებისათვის. ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენმა სულიერმა მამამ, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, რომლის პიროვნება, სულიერი თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობა, დიდი სიყვარული ღვთისა და ერისა ჩემთვის მანათობელი გახდა უფლისაკენ მიმავალ გზაზე.

განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ჩემს სულიერი ცხოვრებაში არქიმანდრიტ გაბრიელს (ურგებაძეს), რომელიც სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მოღვაწეობდა, მონასტრის წინამძღვარს იღუმენია ქეთევანსა და იქ მოღვაწე დედებს. მათთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა.

მამა გაბრიელი სამთავროს მონასტერში გავიცანი. მომღიმარი ბერი სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდა. სასწაულებრივად ამიხდა ოცნება - ასეთ პიროვნებასთან შეხვედრას ბავშვობიდან ვნატრობდი. სიხარულის მღელვარებამ შემიპყრო, როდესაც ბერმა თავისთან მიხმო, გვერდით დამისვა, დამლოცა და მითხრა: „შენი სახით დღეს ჩვენთან სიყვარული მოვიდა". მამა გაბრიელმა პირველი დარიგება მომცა: „დაღაცათუ უკანასკნელ ჟამს მნახო მცოდველი, ნუ განმიკითხავ. თუ გინდა, სიყვარული შეინარჩუნო, გახსოვდეს, ბევრი ცოდვილი განიკურნა და მერე სხვისი მკურნალი შეიქმნა". წმინდა ბერი გვმოძღვრავდა, უპირველესად მორჩილებასა და თავმდაბლობაზე გვესაუბრებოდა. გვარიგებდა: „შვილებო, წინამძღვრის გარეშე ნურაფერს გააკეთებთ. ბრწყინვალედ მოსილი ანგელოზიც რომ მოვიდეს, არ შეცდეთ და კურთხევა არ შეცვალოთო". მამა გაბრიელის დარიგება საჭირო ჟამს გაგახსენდებოდათ და გიხსნიდათ კიდეც.

უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით ჩავაბარე თბილისის სასულიერო აკადემიაში. სწავლის პერიოდში გამიჩნდა სურვილი მონასტრული ცხოვრებისა. მახსოვს, თავდაპირველად უბრალოდ უფალთან ახლოს ყოფნა მსურდა. მინდოდა, მცხეთაში ვყოფილიყავი, უფლის კვართის მახლობლად - თითქოს იქ უფრო კარგად შევიგრძნობდი უფალთან მყოფობას. მინდოდა, სადმე გამოქვებულში განვმარტოებულიყავი. მაშინ კარგად არც ვიცოდი, ბერობა რა იყო, არც იმის უფლებას ვაძლევდი თავს, ბერობად აღკვეცაზე ან სამღვდელო ხარისხის მიღებაზე მეფიქრა. ჩემი სურვილი ღმერთთან ყოფნა და უფლის სიყვარული გახლდათ, ყოველივე დანარჩენი კი თავისთავად მოხდა.

როდესაც ბერობა გადავწყვიტე, გულისწადილი მეუფე დანიელს გავანდე. მანაც მომიწონა განზრახვა. საშობაო არდადეგებზე მორჩილებას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მამათა მონასტერში გავდიოდი. 1993 წელს ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსის დანიელის ლოცვა-კურთხევით მორჩილის კაბით შევიმოსე. იმავე წელს, ლაზარეს შაბათს (10 აპრილს) იმჟამად სვეტიცხოვლის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა იოსებმა (იგი ახლა შემოქმედის ეპისკოპოსი გახლავთ) ბერად აღკვეცის წესი შეასრულა. საბა განწმენდილის სახელი მეწოდა (მისი ხსენება 5(18) დეკემბერსაა დაწესებული).

ჩემი ეს ნაბიჯი დედამ ძალიან განიცადა. მაგრამ გავიდა რამდენიმე წელი და იგი უკვე დადებითად აფასებდა მას, ამბობდა, ბერობა ძალიან ტკბილიაო.
ბერობა - ეს არის სიხარული და სიტკბოება გამოუთქმელი, რომელსაც ადამიანი ქრისტესთან მყოფობით, მასზე სრული მინდობით განიცდის. ბერობა არის დაცემული ადამიანური ბუნების მუდმივი იძულება ქრისტეს სიყვარულით განღმრთობისათვის. როგორც წმინდა იოანე სინელი წერს: „სადაცა ბუნებისა ძლევაჲ იქმნა, მუნ უეჭველად ბუნებისა შემოქმედი დაემკვიდრა".

აღკვეცის შემდგომ სულ მალე, სვეტიცხოვლობას (13 ივლისს), უწმიდესმა დიაკვნად მაკურთხა, 1994 წლის 30 იანვარს კი სიონში მღვდლად დამასხა ხელი. განწესებულ ვიქენი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, იმავდროულად სამთავროს მონასტრისა და თბილისის ილია მართლის სახელობის გინმაზიის მოძღვრად დამადგინეს. ეს ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის - ჯერ ერთი, მამა გაბრიელთან ვიქნებოდი ახლოს, თანაც ბავშვებთანაც მექნებოდა ურთიერთობა, მათთან ყოფნა კი განსაკუთრებით მიყვარს და ისინიც სიყვარულით მპასუხობენ. ბავშვებთან თავისუფლად ვგრძნობ თავს, ბევრ რამეს ვსწავლობ მათგან.

ვმსახურობდი ასევე მარტყოფის, ბეთანიისა და ზედაზნის მონასტრებში. ეს სამი წელის, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტერში, გადმომიყვანეს. მონასტერი ახალი დაარსებულია, მშენებარეა, თუმცა აქ უკვე მოღვაწეობენ მამები. ამ ადგილას განსაკუთრებით იგრძნობა მადლი და მზრუნველობა ყოვლადწმიდა ღვთისშობლისა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2001 წლის 10 სექტებერს ქართველ მართლმადიდებელ მანდილოსანს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი გამოეცხადა. გამოცხადებაში დედა ღვთისამ ქართველ ერს ეკლესიური ცხოვრებისაკენ, ლოცვისაკენ მოუწოდა და მახათას მთაზე თავისი წმინდა ხატის სახელობის ტაძრისა და მონასტრის აშენება ბრძანა.

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი გამორჩეულია ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატებს შორის (განსაკუთრებულია იგი ჩემთვისაც. ღვთისმშობელთან შეხვედრა მახსენდება: ათონის მთიდან ჩამობრძანდა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად ლოცვით მიაბრძანეს სიონში. ამ მსვლელობაში მეც მივიღე მონაწილეობა, რამაც დიდი სიხარული მომანიჭა. ეს სიხარული განსაკუთრებული იყო იმიტომაც, რომ ნათლისღება ფოთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მივიღე). იგია მცველი და მფარველი ათონის წმიდა მთისა. ხატი ჩვენი ერის განსაკუთრებული მფარველია. ეს უდიდესი სიწმინდე ათონის მთაზე, ქართველთა მონასტერში, ივერონშია დაბინავებული. ამიტომ მას ასეც ეწოდება - ევერიისა. ეს ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ზეციური დედოფალი გამორჩეულად მფარველობს ქართველ ერს, რომ საქართველო ჭეშმარიტად ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. მისი ლოცვითა და მეოხებით უფალმა დალოცოს და გაახაროს ქართველი ერი.
მე კი ვმადლობ უფალს იმ დიდი წყალობის გამო, რომელსაც ასე უხვად გვანიჭებს და რომელსაც მუდამ ვგრძნობდი ჩემი ცხოვრების გზაზე.
 
ესაუბრა ნატო ტოროშელიძე
ჟურნალი „კარიბჭე", № 8, 2004 წ.