პარასკევი
2024-03-29
11:36 AM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

სასწაულები

მთავარი » სტატიები » Мои статьи

† სრულიად ნახვა †
 
ერთხელ, ნაშუადღევს, მთელი დღის ხეტიალის შემდეგ ივერთა სავანეს მიადგა მწირი და მონასტრის მსახურს ცოტაოდენი პური სთხოვა. ივერთა მონასტერი ძველთაგანვე სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. ყოველი კვირის ოთხშაბათსა და პარასკევს კარიბჭესთან სტუმრებისათვის პური და ზეთისხილი გამოჰქონდათ, ხოლო დანარჩენ დღეებში – პური და ყველი. მაგრამ მაშინ მსახურმა რატომღაც უარი უთხრა სტუმარს დაპურებაზე. გაწბილებული, მშიერი და მწუხარებით აღვსილი მწირი კარიესისკენ გაემართა. მონასტერთან მოშორებით ერთ ქვაზე ჩამოჯდა დასასავენებლად, მაგრამ გულნატკენმა თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. ზუსტად ამ დროს ადამიანის ფეხის ხმა შემოესმა, თავი ძლივს აწია და დაინახა უმშვენიერესი ქალი ყრმით ხელში, რომელიც მიუახლოვდა მას და სანდომიანი სახითა და ტკბილი ხმით უთხრა: „რა დაგემართა, რად სტირი? ავად ხომ არა ხარ?" „არა, – მიუგო მოგზაურმა, – ავად არა ვარ, მშია. ივერთა მონასტრის დარაჯს ცოტაოდენი პური ვთხოვე და არ მომცა". მაშინ ქალმა მიუგო: „ნუ ბრაზობ, შვილო, ჩემი მონასტრის დარაჯზე, რამეთუ მე ვარ ივერთა სავანის დარაჯი. აიღე ეს მონეტა, დაბრუნდი მონასტერში და იყიდე პური. მე კი აქ დაგელოდები".

მწირი მაშინვე გაეშურა მონასტრისაკენ, იპოვა დარაჯი და სთხოვა პური მიეყიდა, და ხელში მონეტა ჩაუდო, რომელიც მისი თქმით ვიღაც ქალმა აჩუქა. ქალის ხსენებამ დარაჯი შეაშფოთა და საგონებელში ჩააგდო, მაგრამ მონეტის დანახვამ ეჭვი გაუფანტა და მიხვდა, რომ სასწაული ხდებოდა. სასწრაფოდ ზარები დარეკა, რათა მამები შეეკრიბა და მათთვის მომხდარი ამბავი ეცნობებინა. მამებმა მოისმინეს ეს საკვირველი ამბავი და განცვიფრდნენ. დაადგინეს, რომ მწირის მიერ მოტანილი ოქროს მონეტა კარიბჭის ღვთისმშობლისადმი შენაწირი იყო და დიდი რუდუნებით კვლავ წმიდა ხატთან დაასვენეს. ამის შემდეგ ყველანი დაუყოვნებლივ აღნიშნულ ადგილზე მივიდნენ, მაგრამ იქ ვეღარავინ იპოვეს. სასწაულის სამახსოვროდ მამებმა გამოცხადების ადგილას დააყენეს პატარა სალოცავი. 1960 წელს კი ივერთა მონასტრის ბერ-მონაზონმა მაქსიმემ, რომელიც ტრაპიზონიდან იყო წარმოშობით, თავისი ხარჯებით მშვენიერი სამლოცველო ააგო ამ ადგილზე ივერიის ღმრთისმშობლის პატივსაცემად და მას წლების მანძილზე ემსახურებოდა. ეს სამლოცველო ლამაზი ფრესკებით არის დამშვენებული.

ღმრთისმშობელს არ მოსწონს, რომ ივერიის პატიოსანი ხატი უწმინდური სულის ადამიანებმა ჩამოატარონ ლიტანიობაზე. ამ დროს იგი საშინლად მძიმდება და ისინიც მაშინვე სხვას გადასცემენ ხატს და თვითონ გარბიან. არც ყველა ფოტოგრაფი მოსწონს. საჭიროა, რომ ისინი წმიდა ადამიანები იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ფოტოფირები უმოწყალოდ ნადგურდება. ერთი საეჭვო ყოფაქცევის კაცს დაჟინებით უცდია ფოტო გადაეღო ხატისათვის დღესასწაულზე, როცა თესალონიკის მიტროპოლიტი პანტელეიმონი მსახურობდა და რა მოხდა?! ხელები დაუდამბლავდა, აპარატი შორს გადატყორცნა, მთლად კანკალმა აიტანა და შიშითა და სირცხვილით გაუჩინარდა. მოზეიმენი კი ამბობდნენ: „ცოცხალია კარიბჭის ღმრთისმშობელი".  

სოფელ ჰერამილიტინიში მღვდელ მიხეილ პაკალისს ჰყავდა 20 წლის ასული, სახელად დესპინელა. გოგონას დამბლა ჰქონდა და ექიმები ვერაფერს შველოდნენ. მამა მიხეილს სახლში ჰქონდა ივერიის ღმრთისმშობლის ქაღალდის ხატი, რომლის წინაშეც გალობდა და მხურვალე გულით შესთხოვდა შვილის გამოჯანმრთელებას. ერთხელაც დილით დავრდომილი გოგონა გაჯანსაღებული სიხარულით ჩაეკონა თავისი ოჯახის წევრებს და ეს სიხარული მთელს სოფელს გადასდო. მამამ კი წერილი გააგზავნა მონასტერში, რომელშიც გამოთქვამდა უსაზღვრო მადლობას კარიბჭის ღვთისმშობლის მიმართ.

ეკლესიის დიდი მამა, წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი ამბობს: „როცა შეჰყურებ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატს, მთელი გულით მიისწრაფე მისკენ, რომელიც მეუფებს სასუფეველში, და ჰმადლობდე მას, რამეთუ მან შვა, ძუძუ აწოვა და აღზარდა სოფლის მაცხოვარი; რამეთუ არ დაგვტოვებს ჩვენს უხილავ ბრძოლაში თავისი მეოხებისა და შეწევნის გარეშე". ღმრთისმშობლის ხატთან მორწმუნეთა მიერ აღვლენილი ყოველი ლოცვა ხომ ზეციურ მამასთან ადის, რომელსაც ძალუძს თავისი მადლით დაამსხვრიოს ეშმაკის ხელმწიფება და აღადგინობს სული დაცემის უფსკრულიდან – ოღონდაც მოუხმოს ამ სულმა მარადის ქალწულს, გულის სიღრმიდან შეჰღაღადოს თავის ჭეშმარიტ დედას. სოფლისათვის მიუწვდომელია ეს საიდუმლო: მთელს კაცორბიობას და ყოველ ადამიანს ჰყავს დედა, რომლის სიყვარულიც უკანასკნელი თავშესაფარი და გადარჩენის იმედია ღმრთის დაკარგულ და რწმენას მოწყვეტილ შვილთათვის… გვწამდეს ჩვენი დედისა, სახიერი მეკარისა, და ვსასოებდეთ, რომ იგი ჩვენს ყველა ცოდვას განწმენდს და შეგვეგებება მისი ძისა და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სასუფევლის კართან. ამინ

წარსულში ეგეოსის ზღვა მეკობრეთა სიმრავლით იყო განთქმული. მონასტერზე მათი ერთ-ერთი თავდასხმის დროს არაბმა მეკობრემ შუბით ჭრილობა მიაყენა ივერიის ღმრთისმშობლის ხატს, საიდანაც მეყსეულად სისხლმა იფეთქა. თავზარდაცემულმა შეინანა თავისი დანაშაული ღმრთისმშობლის წინაშე, იწამა მისი ძე და მოინათლა. აქვე დარჩა და მცირე ხანში ბერადაც აღიკვეცა. იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე ტირილით ევედრებოდა მამებს, რომ მისთვის ბერობის სახელი დამასკინოსი კი არ ეწოდებინათ, არამედ – „ბარბაროსი". დაყუდებული ცხოვრებით იგი სიწმინდეს მიემთხვია, და ახლა წმიდა ბარბაროსი ივერიის ღვთისმშობლის ტაძარშია დახატული – შავი, როგორც მოსე ეთიოპელი და ხელთ პირვანდელი საჭურველი უპყრია: მახვილი, ისარი და მშვილდი.

ერთ დროს მონასტერი ისე გაღარიბდა, რომ ფქვილიც კი არ გააჩნდა. ყოვლადუბიწო ძილში გამოცხადებია ღრმად დამწუხრებულ წინამძღვარს და უთქვამს: „რად სწუხარ, შვილო, ფქვილის უქონლობის გამო? წადი და იხილე სავსე ბეღელი, რათა დარწმუნდე თქვენდამი ჩემს მზრუნველობაში". წამოდგა წინამძღვარი, მიაშურა ბეღელს და იხილა, რომ იგი პირთამდე სავსე იყო ფქვილით. მაშინვე უხმო ძმებს და უამბო მომხდარი ამბის შესახებ. გაოცებულმა და სიხარულისგან გულაჩუყებულმა ბერებმა ერთხმად განადიდეს უფალი და მარადის ქალწული. სხვა დროს ღვინო შემოჰკლებიათ; წმიდა დედოფალმა ისე გაავსო ყველა ჭურჭელი, რომ ღვინო ძირს იღვრებოდა. ისეთი სასიამოვნო და გემრიელი იყო, რომ ყველა დარწმუნდა, იგი სასწაულებრივი იყო და არა ბუნებრივი. ერთხელ კიდევ ზეთისხილითა და ოსპით აავსო მონასტერი. სავანის კარიბჭესთან დავანებული საკვირველთმოქმედი ხატი ხშირად არ უშვებდა მონასტერში ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე, მოუნანიებელი ცოდვა ჰქონდათ სულში, და როცა ზოგიერთი მათგანი ფარულად ცდილობდა სავანეში შესვლას, უსულოდ ეცემოდა მიწაზე.

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: leo_wien (2009-10-31)
ნანახია: 3293 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 4.5/4
სულ კომენტარები: 3
3 Jolyn  
0
Four score and seven minutes ago, I read a sweet article. Lol thnaks

2 ქეთევანი  
0
რწმენით შევთხოვოთ და აუცილებლად შეგვეწევა ღვთისმშობელი.

1 tamta  
2
dzalian kargia

სახელი *:
Email *:
კოდი *: