† წმიდა ანთიმოზ ივერიელი † - 7 ოქტომბერში 2011 - † მართლმადიდებლური ფილმები † - www.leoteo.ucoz.de
შაბათი
2016-12-03
4:36 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 7 » † წმიდა ანთიმოზ ივერიელი †
8:57 PM
† წმიდა ანთიმოზ ივერიელი †
 
† წმიდა ანთიმოზ ივერიელი †
წმიდა ანთიმოზ ივერიელი თავისი დროისათვის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი იყო, ფლობდა მრავალ უცხო ენას: ბერძნულს, რუმინულს, ძველ სლავურს, არაბულს, თურქულს, გათვითცნობიერებული იყო თეოლოგიაში, ლიტერატურასა და ბუნებისმეტყველებაში. იგი დაჯილდოებული იყო საოცარი ნიჭით, ბრწყინვალედ ფლობდა ხელოვნების ყველა დარგს, განსაკუთრებით მხატვრობას, გრავირებას, მოჩუქურთმებას, ქსილოგრაფიას. ცნობილი იყო, როგორც შესანიშნავი კალიგრაფი, დახელოვნებული ხეზე მჭრელი და ნიჭიერი მოქანდაკე. ის იყო რეფორმატორი სალიტერატურო რუმინული ენისა, ბრწყინვალე მწერალი და აღიარებული ორატორი.

ანთიმოზ ივერიელმა სიცოცხლე შესწირა მეორე სამშობლოდ ქცეულ ვლახეთის გათავისუფლებას თურქთა და ფანარიოტთა უღლისაგან. ცნობები ამ საოცარი ადამიანის სიყრმისა და სიჭაბუკის შესახებ მწირადაა შემონახული. ცნობილია, რომ ის იყო სამცხე-საათაბაგოს მკვიდრი. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ჭაბუკი არჩილ მეფეს ახლდა რუსეთში და დიდად ეხმარებოდა ქართული სტამბის ჩამოყალიბებაში. საქართველოში დაბრუნებული ანთიმოზი კავკასიელმა მთიელებმა შეიპყრეს და მონად გაყიდეს. ტყვეობიდან ის გამოისყიდა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა. საპატრიარქოში ყოფნის პერიოდი ანთიმოზმა თავისი განათლებისა და ოსტატობის სრულყოფისათვის გამოიყენა. უკვე სახელგანთქმული მხატვარი, გრავიორი და კალიგრაფი დაახლოებით 1690 წელს ვლახეთის მეფის, კონსტანტინე ბრინკოვიანუს მიწვევით ვლახეთში წავიდა. ანთიმოზი ვლახეთში ჩასვლისთანავე სათავეში ჩაუდგა სასტამბო საქმეს. ბეჭდვითმა საქმიანობამ მთელს ქვეყანაში არნახული გაქანება ჰპოვა და უმაღლეს დონეს მიაღწია. ყოველივე ამის სულისჩამდგმელი, ორგანიზატორი და ამაგდარი იყო საქართველოდან გადახვეწილი ქართველი ოსტატი, რომელიც ყველგან და ყველაფერში ხაზს უსვამდა თავის ქართულ წარმომავლობას და აღნიშნავდა, რომ „ძირით ქართველი" იყო. ანთიმოზ ივერიელმა შეძლო გადაექცია ვლახეთი მართლმადიდებლობის ცენტრად, რომელიც მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთს წიგნებით კვებავდა.

1694 წელს ანთიმოზი დანიშნეს სნაგოვოს მონასტრის წინამძღვრად. მან აქ საფუძველი ჩაუყარა ახალ სტამბას. 1696 წელს სნაგოვოს სტამბაში დაიბეჭდა „ღვთისმსახურების წესი 21 მაისს, დღესა წმიდანთა განდიდებისა". მას ხელს აწერს იპოდიაკონი მიხაილი, შემდგომში ცნობილი პირველი ქართული სტამბის გამმართავი მიხეილ იშტვანოვიჩი.

1705 წელს ანთიმოზს, „რჩეულს ვლახეთის რჩეულ წინამძღვართა შორის", ხელი დაასხეს რიმნიკის ეპისკოპოსად, ხოლო 1708 წელს უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტად. ანთიმოზის მიტროპოლიტად დადგინება მთელი ქვეყნისთვის უდიდესი ბედნიერება იყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი წერდა: „მოვიდა დიდი ადამიანი ვლახეთის მიწაზე, მოიტანა სინათლე ღვთაებრივმა ანთიმმა, უნგრო-ვლახეთის იერარქმა, შვილმან ბრძენ ივერთა მოდგმისა. ღმერთმა იგი დააჯილდოვა სიბრძნის უშრეტი წყაროთი, რათა მას მოემოქმედებინა კეთილი საქმენი და თავისი სტამბით მოეტანა სარგებლობა ხალხისთვის ამქვეყნად".

წმიდა ანთიმოზის უშუალო ხელმძღვანელობით ვლახეთში 20-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი აიგო, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია „ყოველთა წმიდათა" მონასტერი ქალაქ ბუქარესტის ცენტრში. ტაძრის მთავარი შესასვლელის მუხის კარი და ქვაზე ამოტვიფრული ქართული ორნამენტები თვით ანთიმოზ ივერიელმა შეასრულა. მიტროპოლიტმა ტიპიკონიც შეუდგინა ყოველთა წმიდათა მონასტერს. ანთიმოზი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა მონასტრის დამოუკიდებლობის საკითხს, სახელდობრ, მან ყოველთა წმიდათა მონასტერი ბერძნული ეკლესიისგან დამოუკიდებლად გამოაცხადა.

მიტროპოლიტად დადგინების დღიდან წმიდა ანთიმოზმა დაუცხრომელი ბრძოლა დაიწყო ვლახი ხალხის განთავისუფლებისათვის უცხოელ დამპყრობთა ჩაგვრისაგან. პირველსავე დღეს მრევლის წინაშე წარმდგარმა ანთიმოზმა თქვა: „მართლმადიდებლობა თქვენ შეინარჩუნეთ წმიდად და შეუბღალავად, მიუხედავად იმისა, რომ გარშემორტყმულნი, შებოჭილნი ხართ უცხო ხალხთა ძალმომრეობით და განიცდით აურაცხელ გასაჭირსა და უბედურებას, რაც ყოველთვის გამომდინარეობს იმათგან, ვინც თვითნებურად ბატონობს ამ მიწა-წყალზე. თუმცა მე ვიყავი უღირსი და უმცროსი სხვათა შორის, ვითარცა დავითი იყო უმცროსი თავის ძმებს შორის, ღმერთმა არ შეხედა ჩემს სიღარიბეს და უცხოელობას. დაე, თქვენთან ერთად მე თავს გადამხდეს ყოველგვარი გასაჭირი, რასაც გვარგუნებს ჩვენ დრო და ჟამი".

მისი სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. 1714 წელს თურქებმა სიკვდილით დასაჯეს ვლახეთის მთავარი კონსტანტინე ბრინოკვიანუ, ხოლო 1716 წელს - უკანასკნელი ვლახელი მთავარი სტეფანე კანტაკუზენი და სამეფო ტახტზე აიყვანეს ფანარიოტი ნიკოლო მავრიკორდატი, რომლის მთელი საქმიანობა მიმართული იყო თურქეთის ინტერესების დასაცავად ვლახეთში.

ამ მძიმე დღეებში ანთიმოზ ივერიელმა თავის გარშემო შემოიკრიბა ვლახელ ბოიართა ჯგუფი, რომლის მიზანი იყო გაენთავისუფლებინა ვლახეთი როგორც თურქთა, ასევე ფანარიოტთა ბატონობისაგან. კონკრეტული ღონისძიებებიც დაისახა, მაგრამ ნიკოლო მავროკორდატიმ ანთიმოზს უბრძანა, ნებაყოფილობით უარი ეთქვა მიტროპოლიტობაზე. ანთიმოზმა კატეგორიული უარი შეუთვალა. მაშინ მავროკორდატიმ დახმარებისათვის კონსტანტინეპოლის პატრიარქ იერემიას მიმართა. ეპისკოპოსთა კრებამ, რომელსაც არც ერთი რუმინელი სასულიერო პირი არ ესწრებოდა, „შეთქმული და რევოლუციისკენ წამქეზებელი მეამბოხე" ანთიმოზი შეაჩვენა, განკვეთა ეკლესიიდან და გამოაცხადა ყოველივე სამღვდელო „ღირსებაახდილად", მაგრამ ნიკოლო მავროკორდატისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა ანთიმოზ ივერიელის უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტობიდან გადაყენება, ამიტომ გადაწყვიტა, მოეშორებინა ვლახეთიდან. მან მიაღწია იმას, რომ წმიდა ანთიმოზი საბოლოოდ გააძევეს სინას მთაზე, წმიდა ეკატერინეს მონასტერში. რუმინელი ხალხის ერთგული და მოსიყვარულე მიტროპოლიტი შუაღამისას გაიყვანეს ქალაქიდან, რადგან მოსახლეობის მღელვარების შეეშინდათ, მაგრამ სინას მთამდე ანთიმოზ ივერიელს არ მიუღწევია. გალიპოლიის მახლობლად, ადრიანოპოლზე გამავალი მდინარის, დულჩიას ნაპირზე თურქმა ჯარისკაცებმა ასო-ასო აკუწეს ანთიმოზ ივერიელი და მისი წმიდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს.

ასე დამთავრდა სიცოცხლე კიდევ ერთი ქართველი წმიდანისა, რომელმაც მთელი თავისი დაუშრეტელი ცოდნა, ნიჭი, ენერგია ვლახი ხალხის სულიერი გაძლიერებისა და ეროვნული კულტურის აღორძინების საქმეს მოახმარა.

1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დააწესა 14 (27) სექტემბერი, წმიდანის გარდაცვალების დღე. ქართული ეკლესია მის ხსენებას 13 (26) ივნისს აღნიშნავს.


                                                                          „ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ
ნანახია: 267 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: