ოთხშაბათი
2024-04-24
5:16 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 7 » † წმიდა ანტონ მარტყოფელის ცხოვრება †
9:43 PM
† წმიდა ანტონ მარტყოფელის ცხოვრება †
 
† წმიდა ანტონ მარტყოფელის ცხოვრება †
წმიდა ანტონ მარტყოფელი ედესაში მოღვაწეობდა, სადაც იესუ ქრისტეს ის ხელთუქმნელი ხატი იყო დაცული, რომელიც თვითონ იესუ ქრისტემ გაუგზავნა ედესის მეფე ავგაროზს. ხატი ქალაქის კარიბჭის თავზე აღმართა მეფემ და იგი ქალაქის მფარველ სიწმიდედ იქცა. ავგაროზის შვილიშვილმა, რომელმაც უარყო ქრისტე, გადაწყვიტა გაენადგურებინა ხატი. ედესის ეპისკოპოსმა იმავე გალავანში გადამალა ხატი, წინ ანთებული კანდელი დაუდო და ამოაშენა.
540 წლის ახლო ხანებში როდესაც სპარსელებმა ქალაქის ასაღებად გალავნის დანგრევა გადაწყვიტეს, ღმრთისმშობელმა ედესის ეპისკოპოსს აუწყა ადგილი "რომელსამე ბჭესა ზედა არს ხატი იგი ხელთუქმნელი და დაფარული” და ეპისკოპოსმაც იპოვა ხატი. ხანგრძლივი დროის მიუხედავად მის წინ კანდელი კვლავ ენთო, ხატის სახე კი მასზე დაფარულ კეცის პირზე გადასულიყო სასწაულებრივად.
წმიდა ანტონმა კეცისპირზე გამოსახული ხატი, რომელიც იესუ ქრისტეს მიერ ავგაროზისადმი გაგზავნილი ხელთუქმნელი ხატის "სწორებით პატივიცემოდა” წამოაბრძანა საქართველოში.
იოვანე ზედაზნელის კურთხევით ანტონმა, რომელსაც "ეპყრა ხელსა შინა თჳსსა წმიდა ხატი უფლისა, რომელიც აქუნდა მას მარადის”, ქადაგებით მოიარა ზედაზნის ახლომახლო ადგილები, შემდეგ კი "წარვიდა საქადაგოდ კახეთს”. ის ჯერ იყალთოში ჩავიდა ზენონთან, შემდეგ იოსებთან დაჰყო რამოდენიმე ხანი ალავერდში, ბოლოს კი "დაემკვიდრა ჴევსა შინა ლიპოტანისასა”. ანტონმა ქადაგებით მოიარა "ყოველი სანახები მის ადგილისანი” მოწაფეებიც გაიჩინა, რომლებიც ანტონთან ერთად "დაემკვიდრებოდნენ მას ღელესა შინა”.
უკაცრიელ ადგილას დამკვიდრებულ მოღვაწესთან ყოველ საღამოს მიდიოდნენ ირმები და თავიანთი რძით კვებავდნენ. ერთ საღამოს ირმები ადრე მივიდნენ დაფეთებულნი. უკან დაჭრილი ნუკრი მისდევდათ. მალე ირმებს უკან მონადირე მიჰყვა, რომელიც მახლობელი დაბის მამასახლისი აღმოჩნდა.
გაოგნებულმა მონადირემ დაინახა მხცოვანი მონაზონი, რომელსაც გულზე ხატი ეკიდა და ისე იდგა ირმების ჯოგში. მამასახლისის ბრძანებით ანტონი შეიპყრეს და როგორც "გრძნეული” მჭედელთან წაიყვანეს ხელის მოსაჭრელად. მჭედელმა შანთი გაახურა, მაგრამ, როგორც კი აღმართა წმიდა მამის ხელის მოსაჭრელად, "დავარდა ქუე და ჴელნი, ვითარცა შეშანი შეექმნნეს”. მომხდარით გაოგნებულ მჭედელს ენა ჩაუვარდა, ანტონმა კი მას ჯვარი გადასახა და განკურნა. მამასახლისი მიხვდა, რომ მის წინაშე ღმრთის მადლით შემოსილი კაცი იდგა, თაყვანი სცა და შეევედრა: "რაჲ გნებავს სთქუ და ყოველი მიგცე”. ანტონმა ქვამარილის ნატეხი ითხოვა. ღირს მამას მაშინვე მარილის ორი ლოდი მიართვეს. მან მხოლოდ მცირეოდენი ჩამოტეხა და კვლავ თავის სადგომს მიაშურა, ქვამარილი კი სენაკის ახლოს დადო ირმებისათვის.
წმიდა ანტონის სანახავად და მისგან კურთხევის მისაღებად უამრავმა ხალხმა დაიწყო სიარული, ზოგმა კი მონაზნური ცხოვრება აირჩია და მასთან დარჩა სამოღვაწეოდ.
მამა ანტონ მარტყოფელმა მონასტერი ააშენა ძმებისათვის, თვითონ კი "დაუტევა მონასტერი თჳსი, მოვლო ქვემო კახეთი ქადაგებით და დაემკვიდრა უვალსა მთასა ზედა ახეტას”. აქაც მომრავლდა ხალხი მის გარშემო. ანტონს კი განმარტოებით სურდა მოღვაწეობა და საბოლოოდ დაემკვიდრა "მთასა აკრიანისასა”, რომელსაც ამჟამად მარტყოფი ეწოდება – წმიდა ანტონის მარტომყოფელობითი მოღვაწეობის პატივსაცემად.
წმიდა ანტონმა აკრიანში მაღალი სვეტი ააგო, სვეტზე დაეყუდა და იქ მოღვაწეობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში.
ღირს ანტონს უფლისაგან წინასწარ ეუწყა ამქვეყნიდან განსვლის დღე, მოუწოდა მოწაფეებს, აკურთხა ისინი, გამოემშვიდობა და ლოცვისთვის განმარტოვდა. რამოდენიმე ხანში მოწაფეებმა ნახეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის წინ მუხლმოყრილად აღსრულებული წმიდა ანტონი.
"ღირსთა შორის გჳრგჳნი და წმიდათა შორის თუალი პატიოსანი”, ანტონ მარტყოფელი დაკრძალეს მის მიერ დაარსებულ მონასტერში, ღმრთისმშობლის ხატის წინ.
ნანახია: 1903 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: