შაბათი
2024-04-20
2:10 PM
† † †
†ბიბლია†
† საზვერეები †
www.graali.ge
† საზვერეები †
† ნუ მოკლავ †
†გალობა†
†ქადაგებები†
†ქადაგებები†
მთვლელი

†ღმერთს ებარებოდეთ†

† მართლმადიდებლური ფილმები †

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 9 » † როგორი ტანჯვა ელით ცოდვილთ †
10:02 PM
† როგორი ტანჯვა ელით ცოდვილთ †
 
როგორი ტანჯვა ელით ცოდვილთ?

როგორი იქნება შედეგი ყველა იმ ტანჯვისა, რომელსაც ცოდვილნი ოდესმე განიცდიან? აი, ასეთი: ტირილი და კბილთა ღრჭენა – „მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი" (მათე 8,12), – ბრძანებს წმიდა წერილი, – სასოწარკვეთილება და მარადიული დაღუპვა. წმიდა მოციქული პავლე ნათლად ადასტურებს ცოდვილთა შესახებ: „რომელთა-იგი სასჯელი მიეხადოს, მომსრველი საუკუნოი, პირისაგან უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა" (2 თეს. 1,9). „რომელთა აღსასრული წარწყმედა არს" (ფილ. 3,19).
ყველა ცოდვილი ერთნაირად დაიტანჯება?

არა. როგორც სასუფელში ნეტარების სხვადასხვა ხარისხები იქნება თითოეულის კეთილი საქმეების შესაბამისად: „კაცად-კაცადმან თავისი სასყიდელი მიიღოს თვისისაებრ შრომისა" (1 კორ 3,8); და კიდევ: „სხუაი დიდებაი არს მზისაი და სხუაი დიდებაი არს მთოვარისაი და სხუაი დიდებაი არს ვარსკულავთაი, რამეთუ ვითარცა-იგი ვარსკულავი ვარსკულავსა ჰმატს დიდებითა, ეგრეცა აღდგომასა მკუდართასა, დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით" (1 კორ. 15,41-42). ასევე ჯოჯოხეთური ტანჯვის სფეროში სასჯელის სხვადასხვა სახე იქნება. ჩადენილი ცოდვების შესაბამისად, ზოგიერთი ცოდვილი მეტ სასჯელს მიიღებს, სხვანი კი – უფრო ნაკლებს. ეს ჭეშმარიტება თვით უფალმა იესო ქრისტემ გვაუწყა, როდესაც ბრძანა: „მონამან, რომელმან იცის ნებაი უფლისა თვისისა და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად. ხოლო რომელმან არა იცის და ქმნეს რაიმე ღირსი ტანჯვისაი, იგუემოს მცირედ. რამეთუ ყოველსა, რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა მიეღოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰხადონ მას" (ლუკა 12,47-48); ასევე ფარისეველთა შესახებ: „რომელნი შესჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვენ. ამათ მოიღონ უმეტესი საჯელი" (ლუკა 20,47); „უმოლხინეს იყოს ქუეყანაი იგი სოდომისაი და გომორისაი დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი", რომელიც მოციქულთა ქადაგებას არ მოისმენს (მათე 10,15), და „ტვიროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე თქუენ" – ქორაზინსა და ბეთსაიდას (მათე 11,22). მოციქული პავლე ნათლად ქადაგებდა, რომ საყოველთაო სამსჯავროზე მართალი მსაჯული „მოაგებს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ" (რომ. 2,6).
წმიდა წერილზე დაყრდნობით, წმინდა მამები და ეკლესიის მასწავლებლები ქადაგებდნენ, რომ ცოდვილთათვის ტანჯვის სხვადასხვა სახეობა იქნება. ასე, მაგალითად, წმინდა ეფრემ ასური ქრისტესმოყვარეთა კითხვაზე – ყველა ცოდვილი ერთნაირად დაიტანჯება თუ ტანჯვა სხვადასხვანაირი იქნება, პასუხობღა: „ტანჯვის სახეობანი სხვადასხვაა, როგორც სახარებიდან ვიცით, არის ჯოჯოხეთი, სადაც ცოდვილნი მყოფობენ და ჯოჯოხეთის ფსკერი – ყველაზე მძიმე სატანჯველი ადგილი. ამ ტანჯვისათვის განწირულნი იქნებიან ცოდვილნი, თითოეული თავისი ცოდვების შესაბამისად – უფრო მძიმე თუ ცოტა უფრო მსუბუქი, როგორც ბიბლია ბრძანებს: „საკუთარი ავკაცობა დაიჭერს ბოროტეულს და თავისი ცოდვის საკრველებით შეიბოჭება" (იგავნი 5,22).როგორც განსხვავებულია ცოდვები, ასევე განსხვავდება ტანჯვაც; როგორც სხვადასხვაგვარია აქაური სასჯელი, ასევეა მომავალ ცხოვრებაშიც: ანუ, მრუში სხვაგვარად იტანჯება, მსიძვავი – სხვაგვარად, მკვლელი – სხვაგვარად, განსხვავებულად დაიტანჯებიან ქურდი და მემთვრალე. მათ, ვინც ერესით შესცოდა, ეტყვიან: „ბოროტეული… უფლის დიდებას ვერ იხილავს" (ისაია 26,10). ერთმანეთთან მტრობაში მყოფნი (თუ ამ მდგომარეობაში გავლენ სხეულიდან) სამსჯავროს დროს აუცილებლად განისჯებიან ამისათვის და უკუნეთ სიბნელესა და მოუკლებელ ცეცხლში იქნებიან, რადგან უგულებელყვეს უფლის მსუბუქი მცნება, რომელიც ბრძანებს: „იყვარიბოდით ურთიერთას" (იოანე 15,17) და მიუტევეთ „სამეოც და ათ შვიდ გზის" (მათე 18,22).
როდესაც წმინდა ბასილი დიდი განმარტავს სახარების სიტყვებს: „მეტად დაიტანჯება და იგუემოს მცირედ" (ლუკა 12,47-48), – აღნიშნავს, რომ „ეს სიტყვები ტანჯვის დასასრულს კი არ აღნიშნავენ, არამედ მათ შორის განსხვავებას. თუ ღმერთი მართლმსაჯულია არა მხოლოდ მართალთა, არამედ ცოდვილთა მიმართაც, რომელიც თითოეულს თავის საქმეთა მათთაებრ მიაგებს, მაშინ ერთი მიიღებს ჩაუქრობელ ცეცხლს, ძალზე ძლიერს ან ცოტა ნაკლებ მტანჯველს, მეორე – მოუკლებელ მატლს, კვლავ ცოტა ასატანს ანდა გაუსაძლისი ტკივილის მომნიჭებელს, თითოეულს დამსახურების შესაბამისად, სხვას კი – გეენას, რომელშიც უეჭველად არის ტანჯვის სხვადასხვა სახეობანი და მეორე, უკუნეთ სიბნელე, სადაც ერთი ადამიანი მხოლოდ ტირის, მეორე კი მძიმე ტანჯვისაგან კბილებს აღრჭიალებს.
თვით უკუნეთი სიბნელე, უეჭველად გვიჩვენებს, რომ მასში არის რაღაც შინაგანიც; და ნათქვამი: „ჯოჯოხეთის ფსკერზე" – (იგავნი 9,18) გვაფიქრებინებს, რომ ზოგიერთნი, მართალია, ჯოჯოხეთში არიან, მაგრამ არა მის ფსკერზე და ცოტა უფრო მსუბუქად იტანჯებიან. ეს შესაძლოა, აქაც გავარჩიოთ ხორციელი ტკივილებით, რადგან ერთს აწუხებს ციებ-ცხელება შეტევითა და სხვა გამოვლინებებით, მეორეს კი მხოლოდ ციებ-ცხელება აქვს და ისიც არა სხვის მსგავსად; მესამეს, მართალია, ციება არა აქვს, მაგრამ სხეულის რომელიმე ნაწილი აწუხებს, ამ შემთხვევაშიც სხვაზე მეტად ან ნაკლებად".
წმინდა იოანე ოქროპირი მომავალ ცხოვრებაში დასჯის შესახებ ასე ბრძანებს: „ვინც მეტი სწავლება მიიღო, მან დანაშაულისთვისაც მეტი სასჯელი უნდა მიიღოს. რაც მეტად გათვითცნობიერებულნი და ძლიერნი ვართ, მით უფრო მძიმე იქნება სასჯელი ცოდვისათვის. თუ მდიდარი ხარ, მეტი შეწირულობა გევალება, ვიდრე ღარიბს; თუ გონიერი ხარ, მეტი მორჩილება გმართებს; თუ ძალაუფლება გაქვს, აჩვენე თვალისმომჭრელი დამსახურებანი. ამრიგად, სხვა ყველაფერშიც შენი შესაძლებლობების შესაფერის პასუხს გასცემ. მრავალი კეთილი და ბოროტი საქმეებით იქ წამსვლელს გარკვეულად შეუმსუბუქდება მომავალი ტანჯვა. და პირიქით, ვისაც კეთილი საქმეები არა აქვს და მხოლოდ ბოროტებას წაიღებს, გამოუთქმელად მძიმე იქნება მისი მარადიული ტანჯვა".
ასევე მსჯელობდა ამის შესახებ ნეტარი იერონიმე: „თუ სოდომი და გომორი უფრო ნუგეშცემული იქნება, ვიდრე ის ქალაქი, რომელიც სახარებას არ მიიღებს, აქედან გამომდინარეობს, რომ ცოდვილთა შორისაც სასჯელი სხვადასხვაგვარი იქნება".
იგივეს გვასწავლის ნეტარი ავგუსტინეც: „უეჭველია, რომ ცოდვილთათვის განკუთვნილი სასჯელები, დანაშაულის შესაბამისად, სხვადასხვაგვარი იქნება".
დასრულდება თუ არა ტანჯვა?
ღვთის სიტყვა გადაწყვეტილად და გარკვევით ბრძანებს, რომ ცოდვილთა ტანჯვა მარადიული და დაუსრულებელი იქნება. თვითონ მაცხოვარმა დაამოწმა, რომ დროებითი სამსჯავროს შემდეგ იგი ეტყვის ცოდვილთ „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა… და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა" (მათე 25,41,46).
მოციქული იუდა თავის ეპისტოლეში მარადიულ სატანჯველს ასე ახასიათებს: „ვითარცა სოდომოი და გომოროი და გარემოის მათსა ქალაქები იგი, რომელნი მათდავე სახედ ისიძვიდეს და მიდევნებულ იყვნეს შედგომად ხორცსა უცხოსა, წინა სხენან სახედ, ცეცხლისა საუკუნოისა სასჯელი მიუღებიეს" (იუდა 1,7). პავლე მოციქული ნათლად გვასწავლის, რომ ცოდვილთ „სასჯელი მიეხადოს, მომსრველი საუკუნოი, პირისაგან უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა, რაჟამს მოვიდეს დიდებაი შორის წმიდათა მისთა და საკვირველებად ყოველთა შორის მორწმუნეთა მისთა, რამეთუ სარწმუნო იქმნა წამებაი ჩუენი თქუენდა მიმართ მას დღესა შინა" (2 თეს. 1,9-10). იოანეს გამოცახდებაში ასევე ვნახულობთ გამოთქმებს, რომელნიც ამ ჭეშმარიტებას ადასტურებენ: „და კუამლი ტანჯვისა მისისაი უკუნითი უკუნისამდე აღვიდოდის, და არა აქუნდეს განსვენებაი დღე და ღამე" (გამოცხ. იოანესი 14,11), და რომ ეშმაკი და მისი დამხმარენი, რომლებთან ერთადაც წავლენ ცოდვილნი ჯოჯოხეთში, „იტანჯებოდიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. იოანესი 20,10).
წმიდა წერილში ცოდვილთა ტანჯვა მარადიულად და დაუსრულებლად წარმოგვიდგება. ამ დაუსრულებელი ტანჯვის შესახებ ჯერ კიდევ ისაია წინასწარმეტყველი ბრძანებდა: „მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება" (ისაია 66,24); წმინდა იოანე წინასწარმეტყველი აგრეთვე ბრძანებდა: „შეკრიბოს იფქლი საუნჯესა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა მით უშრეტითა" (მათე 3,12).
დაბოლოს, თვით მაცხოვარი ტანჯვის დაუსრულებლობას ასე ძლიერად წარმოგვიდგენს: „და უკუეთე დაგაბრკოლებდეს ხელი შენი, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა უხელოისა შესლვად ცხოვრებასა, ვიდრე ორთა ხელთა სხმასა და შესლვად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა. სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების. და უკუეთუ ფერხი შენი დაგაბრკოლებდეს შენ, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა მკელობელისა შესლვად ცხოვრებასა, ვიდრე ორითა ფერხითა შთაგდებად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა, სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების. და უკუეთე თუალი შენი გაცდუნებდეს შენ, აღმოიღე იგი: უმჯობეს არს შენდა ერთითა თვალითა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა, ვიდრე ორითა თვალითა შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისა უშრეტისასა, სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების" (მარკ. 9,43-48).
წმიდა წერილზე დაყრდნობით წმინდა მამები და ეკლესიის მასწავლებელნი აღიარებდნენ და ქადაგებდნენ, რომ ჯოჯოხეთის ტანჯვა მარადიული იქნება.
წმინდა პოლიკარპე ტანჯვის მარადიულობის შესახებ ბრძანებს: „შენ მემუქრები დროებითი ცეცხლით, რომელიც მალე ჩაქრება; რამეთუ არ უწყი მომავალი სამსჯავროსა და მარადიული ტანჯვის შესახებ, რომელიც არაწმინდათათვის არის მომზადებული".
წმინდა კირილე იერუსალიმელი: „ცოდვილი მიიღებს მარადიულ სხეულს, რომელიც ცოდვის გამო დაიტანჯება, რათა მუდამ იწვოდეს დაუსრულებელ ცეცხლში".
წმინდა ბასილი დიდი ტანჯვის მარადიულობის შესახებ ბრძანებს: „უფალი გადაწყვეტით ამბობს, „და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა" (მათე 25,46), და გზავნის მათ „ცეცეხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთა" (მათე 25,41), მეორე ადგილას კი ცეცხლის გეენას უწოდებს და დასძენს: „სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების" (მარკ. 9,44,46,48); ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ისაია წინასწარმეტყველის პირით ბრძანა, რომ „მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება" (ისაია 66,24); ასეთი მოწმობანი წმიდა წერილში საკმაოდ ბევრია; ამის მიუხედავად, ბევრს თითქოსდა ავიწყდება ღვთის ასეთი სწავლებანი და განსაზღვრებანი და მაინც ფიქრობს, რომ ტანჯვას დასასრული ექნება (ასეთი ფიქრი მათ საშუალებას აძლევს, ადვილად მიეცნენ ცოდვას). ეს, რასაკვირველია, ეშმაკის ერთერთი მახეთაგანია, რამეთუ თუ ოდესმე მარადიულ ტანჯვას დასასრული ექნებოდა, მაშინ, მარადიული ცხოვრებაც, უეჭველია, როდისმე დასრულდებოდა. თუ მარადიული ცხოვრების შესახებ ასეთ რამეს ვერ ვიფიქრებთ, მაშ, რა საფუძველი უნდა გვქონოდა, რომ იგივე გვეფიქრა მარადიული ტანჯვის შესახებ? ტანჯვასაც და სიცოცხლესაც ერთნაირად ჰქვია ერთი სიტყვა: მარადიული.
წმინდა იოანე ოქროპირი ამის შესახებ ბრძანებს: „თუნდაც მრავალი წელი იცოცხლო ისე, რომ შენს ცხოვრებაში არანაირი ცვლილება არ მოხდეს; ეს ხომ არაფერია დაუსრულებელ საუკუნეებთან და იქ განცდილ ტანჯვასთან შედარებით? ამქვეყნად ბედნიერებასაც და უბედურებასაც დასასრული აქვს, თანაც ძალზე სწრაფი, იქ კი ერთიცა და მეორეც დაუსრულებლად გრძელდება და თავისი ხარისხითაც იმდენად განსხვავდება აქაურისაგან, რომ ამის აღწერაც კი შეუძლებელია… თუ ვინმე იტყვის: როგორ უნდა შესცოდოს სულმა ამდენი, თუ ამისათვის იგი საუკუნოდ დაიტანჯება? ასეთმა ადამიანმა იმაზე იფიქროს, რაც აქ ხდება – რაოდენ ხშირად და ხანგრძლღვად ავადმყოფობს მრავალი ადამიანი. და თუ ტანჯვა მაინც დასრულდა, არა იმიტომ, რომ სული სრულიად გამოიფიტა, არამედ იმის გამო, რომ სხეულს მეტი აღარ ძალუძს და სხეულს რომ შესძლებოდა, სულიც ტანჯვას არ შეწყვეტდა. ასე რომ, როდესაც სული უხრწნელ სხეულს მიიღებს, მაშინ ვეღარაფერი შეუშლის ხელს იმას, რომ ტანჯვა დაუსრულებლად გაგრძელდეს… ამიტომ ნუ გვექნება. იმის იმედი, რომ გადამეტებული ტანჯვა გადაღლის ჩვენს სულს, რამეთუ ამ დროს აღარც სხეული განიცდის ამ გამოფიტვას, არამედ სულთან ერთად მარადიულად დაიტანჯება, რასაც დასასრული არა აქვს.
ტანჯვის მარადიულობის წარმოდგენაზე ადამიანური აზრი ირყევა. შეუძლებელია, მასზე უფრო საშინელისა და სულის შემაძრწუნებელის წარმოდგენა. მართლაც, ძნელი წარმოსადგენია, რომ ღმერთმა მარადიული ტანჯვისათვის გაწიროს ცოდვილი, მაგრამ მონანიე სული, რომელმაც ვერ მოასწრო საქმით გაემართლებინა თავისი სინანული და კეთილი საქმეები აღესრულებინა, რომელსაც „სწყურის და შიის სიმართლისათვის"; თვით მაცხოვარი ჰპირდება, რომ სალბუნს დააადებს ამ წყურვილსა და შიმშილს (მათე 5,6).
უეჭველია, რომ რწმენითა და სინანულით ამსოფლიდან გასულ სულებს, რომელთაც საყოველთაო სამსჯავრომდე ვერ მოასწრეს კეთილი საქმეების აღსრულება, შესაძლებლობა აქვთ, გათავისუფლდნენ ტანჯვისაგან ეკლესიის ლოცვით, განსაკუთრებით კი მიცვალებულთათვის შეწირული უსისხლო მსხვერპლით წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი უფლის წინაშე მორწმუნეთა ლოცვის კადნიერების შესახებ ბრძანებს: „რაიცა-იგი ვითხოვოთ და უწყით, რამეთუ მოვიღოთ თხოვაი იგი, რომელი ვითხოვეთ მისგან" (1 იოანე 5,15). ამიტომ იგი შთააგონებს თითოეულ მორწმუნეს, ილოცოს თავისი ცოდვილი ძმისათვის იმის იმედით, რომ უფალი შეისმენს მის ლოცვას. მხოლოდ ერთი სახის ცოდვის შენდობისათვის ლოცვას არ გვასწავლის მოციქული: „უკუეთუ ვინმე იხილოს ძმაი თვისი, რომელი ცოდვიდეს ცოდვასა არა სასიკუდინესა, ითხოვოს და მოსცეს მას ცხორებაი, რომელნი-იგი ცოდვიდენ არა სასიკუდინედ; არს ცოდვაი სასიკუდინე, არა მისთვის ვიტყვი, რაითა-ითხოვოს" (1 იოანე 5,16).
თვით უფალი მოწმობს იმის შესახებ, რომ კაცთა მოდგმის ყველა ცოდვის მიტევება შესაძლებელია. „ამინ გეტყვი თქვენ: ყოველივე მიეტეოს ძეთა კაცთა ცოდვანი და გმობანი, რაოდენსაცა ჰგმობდნენ" (მარკ. 3,28). მხოლოდ ერთი ცოდვა არ მიეტევება – სულიწმიდის გმობა: „რომელმან თქუას გმობაი სულისა წმიდისათვის, არა აქუს მიტევებაი უკუნისამდე, არამედ თანამდებ არს იგი საუკუნოისა სასჯელისა" (მარკ. 3,29; მათე 12,32).
სულიწმიდის გმობა ღვთის მორიგი ჭეშმარიტების ჯიუტი წინაღდგომაა, სრული ურწმუნოება და შეუნანებლობა, მადლის ჯიუტი უარყოფა, შეერთებული ზიზღთან იმ ყოველივეს მიმართ, რაც წმინდა და ღვთისათვის სათნოა (ებრ. 10,26,29); ანდა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სულიწმიდის გმობა არის გასასტიკება ბოროტებაში, მოუნანიებელი ბოროტება, რომელსაც საბოლოოდ დაუკარგავს მადლის მიღების შესაძლებლობა.
რატომ არ დასრულდება ტანჯვა?
ისმება კითხვა – შეუძლია თუ არა ქმნილებას, კერძოდ კი ადამიანის სულს, დარჩეს ასეთ შეუნანიებელ, გასასტიკებულ მდგომარეობაში მარადიულად? არსებობს იმის საფუძველი, რომ ამ კითხვაზე დადებითი პასუხი იქნას გაცემული. ადამიანის სულში შექმნისას ჩადებულია შესაძლებლობა განუწყვეტელი განვითარების, ზრდისა და წარმატებისა; განუწყვეტელი ზრდის ეს შესაძლებლობა მას შეუძლია მიმართოს როგორც სიკეთის, ასევე ბოროტებისაკენ. ადამიანის სიცოცხლის აზრი ღვთის მიმსგავსება, საკუთარ თავში ღვთის სრულყოფილების ასახვაა.
თუ თავისუფალი ქმნილება სწორ ანდა კეთილ მიმართულებას იღებს, მაშინ მასში იხსნება შესაძლებლობა დაუსრულებელი სრულყოფისა სიკეთეში, შეუჩერებელი და მარადიული მისწარაფებისა საკუთარი მიზნისაკენ – ღვთის მიმსგავსებისა და მასთან მჭიდროდ შეერთებისაკენ. სწორედ ასევე, თუ იგი მიიღებს დამახინჯებულ ანდა ბოროტ მიმართულებას, მასში გაიხსნება შესაძლებლობა შეუჩერებელი მისწრაფებისა ბოროტების გზაზე, დამახინჯებული და დაუსრულებელი სწრაფვა თავისი მიზნიდან – ღვთისაგან განშორებულობისაკენ. ღვთისადმი სიყვარული მისკენ დაუსრულებელი სწრაფვით ნელ-ნელა იზრდება, მტკიცდება და ძლიერდება ისე, რომ ბოლოს თავისუფალ არსებობაში ისპობა თვით შესაძლებლობა ბოროტებისა, როგორც შეწყდა იგი ანგელოზებში და შეწყდება სულებში, რომლებიც ამ ცხოვრებიდან რწმენითა და სინანულით გავლენ; ასევე ბოროტებაც, თავის გზაზე დაუსრულებელი წინსვლით გამუდმებით გაიზრდება და გაძლიერდება; ასე რომ, ბოროტებით გასვრილ არსებაში სიკეთის ყოველგვარი შესაძლებლობა ქრება. ასე გაქრა იგი ეშმაკებში; ასევე მოხდება იმ ადამიანთა სულებშიც, რომლებიც ამქვეყნიდან გავლენ და იქ სისასტიკესა და შეუნანებლობაში იქნებიან.
ამრიგად, ადამიანური სულის თვისებით, მისთვის შესაძლებელია და მისი დანიშნულებაა მარადიული წარმატება და სრულყოფილება სიკეთეში; მაგრამ მისთვის შესაძლებელია შენელება და დაუსრულებელი ზრდა ბოროტებაში. ადამიანს ძალები განუწყვეტელი განვითარებისა და საქმიანობისათვის მიეცა; მაგრამ თავისი საქმიანობის გზას ადამიანის თავისუფალი ნება ირჩევს და როგორი გზაც არ უნდა აირჩიოს – სიკეთისა თუ ბოროტებისა – ადამიანს აქვს შესაძლებლობა, იაროს არჩეული გზით დაუსრულებლად და უკან შემოუბრუნებლად.
უნდა ითქვას, რომ მიწიერი ცხოვრების დროს ჩვეულებრივი ადამიანური ბოროტება ცხონებისადმი გულგრილობას ნიშნავს და არა შეგნებულ უარყოფასა და ზიზღს ყოველგვარი მაცხოვნებელი და მადლმოსილი შეწევნისადმი. მოკლედ, ამ ცხოვრებაშივე არსებობს ბოროტების უსაშინლესი ძალის მაგალითები. სიცოცხლის მანძილზე ადამიანს არაფრის სჯერა, ისე ცხოვრობს, თითქოს არც ღმერთი არსებობდეს, არც მომავალი ცხოვრება, დასცინის და აბუჩად იგდებს რწმენას, როგორც სისუსტეს ანდა ოცნებას ანდა, როგორც მოციქული ბრძანებს, „სისხლი იგი აღთქმისაი არაღირსად შეჰრაცხოს, რომლითა განწმიდნა, და სული იგი მადლისაი აგინა?" (ებრ. 10,29).
დგება სიკვდილი და მის დანახვაზეც კი არ მოდის გონს ადამიანი, მოუნანიებელი რჩება: ეჭვით უყურებს იგი რჩევებსა და რწმუნებებს იმის შესახებ, რომ სიკვდილის წინ შეინანოს ღვთის წინაშე. ასეთ სიძლიერეს მიღწეული გაბოროტება ხანმოკლე მიწიერი ცხოვრების მანძილზე, რასაკვირველია, სწრაფად შეიძლება მომწიფდეს და გაძლიერდეს მოუნანიებელ გამძვინვარებამდე. ამ ცხოვრების გამოცდილებაზე დაყრდნობით ბუნებრივია, ვივარაუდოთ, რომ სული, რომელიც ამ ცხოვრებიდან ბოროტებისაკენ ღრმად ფესვგადგმულ სწრაფვას გაიტანს, იმქვეყნიურ ცხოვრებაშიც გამუდმებით გამოამჟღავნებს ამ სწრაფვას. გამოცდილება უდავოდ ადასტურებს, რომ არაფერია ჩვენთვის იმაზე ძნელი, ვიდრე საყვარელი ცოდვის ამოძირკვა, საკუთარ თავში დაფუძნებული ჩვეულების მოსპობა; არაფერია იმაზე ძნელი, ვიდრე სულში შეზრდილი რწმენის ამოძირკვა და მისი სრულიად საწინააღმდეგოთი შეცვლა.
იმისათვის, რომ ამგვარი გამძვინვარების შესაძლებლობაში დავრწმუნდეთ, საჭიროა, ჩავუკვირდეთ მის შინაგან საწყისსა და არსს. ცოდვა, რომელიც მოუნანიებლობის გამო მარადიული ტანჯვის საწინდარი გახდება, იგივე ცოდვაა, რომლითაც ბოროტების მთავარი დაეცა და მთელი კაცობრიობაც თან ჩაითრია. ესაა სულიერი სიამაყე, ქმნილების კადნიერი სწრაფვა ღვთისაგან დამოუკიდებლობის, მასთან გათანასწორების, საკუთარი თავის გაღმერთებისაკენ.
სწორედ ეს ცოდვა, რომელიც განუწყვეტლივ იზრდება და მტკიცდება სამყაროში მცხოვრებ ზნეობრივ არსებებში, სამყაროს აღსასრულის წინ განცხადდება განსაკუთრებით მძლავრად და საკუთარ თავში აღმოაჩენს აშკარა მტრობას ღვთის წინააღმდეგ, ზიზღს ყველა მისი საჩუქრისა და აღთქმის მიმართ და ქმნილების უგუნურებამდე ამაყ მიზიდულობას ღვთის დიდებისა და ღირსების მიმართ. მაცხოვრის სიტყვით, სამყარო ჰგავს მინდორს, რომელზეც მკის დროს ხორბალთან ერთად სარეველაც იზრდება. მკა სამყაროს აღსასრულია, რომლის დროსაც სამყაროს მინდორზე ხორბალიცა და ღვარძლიც, სიკეთეცა და ბოროტებაც სრულ სიმწიფეს მიაღწევს: ხორბალი ზეციური სამყოფელისთვის, სარეველა კი – ჩაუქრობელი ცეცლხისთვის (მათე 13,38-39).
წმინდა მოციქული პავლე მუქი ფერებით აღწერს სამყაროს აღსასრულის წინ ადამიანთა ზნეობრივ მდგომარეობას: „უკუანაისკნელთა დღეთა, – ბრძანებს იგი, – მოიწინენ ჟამნი ბოროტნი და იყვნენ კაცნი თავის მოყუარე, ვერცხლის მოყუარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ, უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, უმშვიდებელ, კეთილის მოძულე, შინა-განმცემელ, წარმდებ, აღზუავებულ, გულის თქუმის მოყუარე უფროის, ვიდრე ღმერთის მოყუარე" (2 ტიმ. 3,1-4).მაგრამ სიკეთის ეს ამაყი და ქედმაღალი მტრები, რომელთაც ღვთისმოსაობის ძალა არ ექნებათ, დაიწყებენ ღვთისმოსაობის სახის ანდა პიროვნების წარმოჩინებას (2 ტიმ. 3,5).
უშუალოდ სამყაროს აღსასრულის წინ ბოროტება ღვთისმოსაობის ყოველგვარ ნიღაბს მოიხსნის ანტიქრისტეს სახეში. „კაცი იგი უსჯულოებისაი, შვილი იგი წარსაწყმედელისაი" მოვა ღვთის აშკარა მტრად, ღვთისმგმობი კადნიერებით უარყოფს ყოველგვარ დამოკიდებულებას ღმერთზე და მისდამი ყოველგვარ თაყვანისცემას (2 თეს. 2,3-4). რასაკვირველია, ასეთი ამპარტავანი ღვთისმგმობი სულითა და ღვთისადმი სიძულვილით იქნებიან განმსჭვალულნი მისი მიმდევრებიც (იხ. ლუკა 18,8; მათე 24,12).
ღვთის მიმართ ასეთი საშინელი გამძვინვარებული მტრობისა და სიძულვილის მდგომარეობაში ღვთის მოუნანიებელი მტრები ტანჯვის ადგილას ჩავარდებიან. მოუნანიებელი ის გაბოროტებაა, რომელიც არასოდეს შერბილდება, არამედ მარადიულად გაგრძელდება და მუდმივად გაიზრდება და განმტკიცდება. ვიცით, რომ თუ ადამიანი ამქვეყნიური ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე მთელი არსებით მიეცემა რაიმე ვნებას, იგი გადაულახავი გახდება, სრულიად მოიცავს ადამიანის გონებასა და ნებას. ამპარტავნება კი, განსაკუთრებით სულიერი, ყველაზე ჯიუტი და დაუძლეველია ადამიანურ ვნებათა შორის. შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რა განზრახვით შეიძლება, ღვთის მიმართ ფესვგადგმული და ამპარტავანი მტრობა გადაიზარდოს ოდესმე ჭეშმარიტ თავმდაბლობასა და საკუთარი შემოქმედის წინაშე არარაობის მოკრძალებულ შეგრძნებაში.
ღვთის წინააღმდეგ გამძვინვარებული არსება გმობს მის ძღვენსა და აღთქმებს, დასცინის რწმენასა და ლოცვას და სამარცხვინო სისუსტედ თვლის მას. განა შესაძლებელია, რომ ასეთი არსება, რომელიც ამაყად გმობს თვით ღვთის მრავალრიცხოვან ძღვენს, შეურიგდეს უფალს იმ ტანჯვის გამო, რომელშიც იგი შთაგდებული იქნება ღვთის სამართლიანი მართლმსაჯულების გამო? რასაკვირველია, სასჯელს ან ტანჯვას შემარბილებელი და გონსმომყვანი ძალა აქვს, მაგრამ მხოლოდ იმ სულებზე, რომლებიც ბოროტებით არ გაუხეშდნენ, რომლებიც თავიანთ მიწიერ სიყვარულში დამარცხებულნი მიმართავენ ღმერთს და მასში ეძიებენ ნუგეშსა და განსვენებას.
მაგრამ როგორ მოქმედებს სასჯელი ან ტანჯვა ბიწიერ და უპატიოსნო ადამიანზე? ის კი არ არბილებს მას, არამედ უფრო ამძვინვარებს. ტანჯვის უღელქვეშ მისი ადრინდელი სიცივე ღვთის მიმართ, ჩვეულებისამებრ, მტრულ გრძნობაში, სიძულვილში, ღვთის გმობაში გადაიზრდება. ასეთივე გავლენა ექნება ჯოჯოხეთურ ტანჯვასაც გამძვინვარებულ ცოდვილებზე. მიწაზეც ხილულია იმის მაგალითები, რომ ამაყი ადამიანი არათუ უარს ამბობს მადლზე, არამედ საკუთარ თავს სწირავს მძიმე გასაჭირისა და სიღატაკისათვის მხოლოდ იმის გამო, რომ თავისი სიმაყე არ დაამციროს ანდა დამოკიდებული ან დაქვემდებარებული არ გახდეს ვინმეზე, რომელიც საკუთარ თავზე უარესად თუ არა, არაფრით თავისზე აღმატებულად არ მიაჩნია.
სიმაყის გამო განცდილ გასაჭირსა და სიღარიბეში ამპარტავანი ადამიანი თავისებურ კმაყოფილებასაც განიცდის, როგორიც აქვს ადამიანს ძვირფასი და მძიმე მსხვერპლის დროს, რომელსაც საკუთარი მრწამსის წინაშე გაიღებს. თუკი ასეთი ჯიუტია ამპარტავნება მიწაზე, განა უფრო დამთმობი გახდება იგი ჯოჯოხეთში, ღვთის წინააღმდეგ გამძვინვარებულ არსებებს შორის? ღვთაებრივი ყოვლისშემძლეობის შესახებ აზრსაც არ ძალუძს შეასუსტოს ღვთისადმი გამძვინვარების გრძნობა გამოუსწორებელ ცოდვილებში. ეს აზრი მხოლოდ გაამძაფრებს მათ გამძვინვარებას. ამით ისინი მხოლოდ საკვებს მისცემენ თავიანთ შემეცნებაში საკუთარ დაუმორჩილებლობასა და აშკარა მტრობას იმასთან, რომლის ყოვლისშემძლეობასაც საზღვარი არ გააჩნია.
ამრიგად, თუ გონიერ არსებას მარადიულად შუძლია დარჩეს ღმერთთან შეურიგებელ მტრობაში, მაშასადამე, როგორც ქმნილება, რომელსაც არ ძალუძს ნეტარი ერთობა ღმერთთან, უნდა განეშოროს მას და როგორც ბოროტი არსება, უნდა შემოიფარგლოს თავისი ბოროტი საქმიანობით; იგი მარადიულად დამწყვდეული იქნება უკუნეთში იმიტომ, რომ ასეთი არსების ბოროტებაც მოუნანიებელი და შეურიგებელია, რომელიც არასოდეს დასრულდება, არამედ მარადიულად გაგრძელდება და განმტკიცდება.
მიწიერ და დროებით დამნაშავეთა სამყაროში ადამიანი, რომელიც გამოსწორების არავითარ ნიშანწყალს არ ამჟღავნებს, განიდევნება საზოგადოებიდან ანდა მას სამუდამოდ დააპატიმრებენ და იგი განწირულია ე.წ. პოლიტიკური სიკვდილისათვის. ადამიანური მართლმსაჯულება თვლის, რომ ეს სრულად კანონიერი და სამართლიანია. მაშ, რა არის უსამართლობა იმაში, რომ ღვთის მარადიულ სამეუფოში გამოუსწორებელი დამნაშავე განიდევნება იმ სამეუფოდან და სამუდამოდ დაემწყვდევა ჯოჯოხეთურ საპყრობილეში? ასე რომ, ღვთის მარადიული და მოუნანიებელი მტრებისათვის უნდა იყოს მარადიული ტანჯვა ისევე, როგორც მიწაზე გამოუსწორებელი დამნაშავეებისათვის აუცილებელია სამუდამო განდევნა ან პატიმრობა.
თუ ადამიანის სული, დაცემული უსხეულო სულების მსგავსად, შესაძლოა, სამუდამოდ დარჩეს მძვინვარე მდგომარეობაში და თანდათანობით ემატებოდეს ღვთის მიმართ გაბოროტება და სიძულვილი, მაშინ ზემოთ მოყვანილი საწინააღმდეგო აზრი ტანჯვის მარადიულობის შესახებ აზრს კარგავს. ამ სწავლების მოწინააღმდეგენი ცდილობენ, წინააღმდეგობაში მოიყვანონ იგი ღვთის თვისებებთან, სიბრძნესთან, მჭვრეტელობასთან და ა.შ. მაგრამ ოდნავაც არ აქცევენ ყურადღებას ადამიანური სულის ბუნებას, მაშინ, როდესაც ამავე ბუნებაშია განსაკუთრებულობა, რომელსაც ძალუძს, ადამიანი აცხოვნოს ან დაღუპოს კიდევაც.
მოწინააღმდეგენი აპროტესტებენ: თუ მარადიული ტანჯვა იქნება, მაშინ ღმერთი, მათი აზრით, ვერ აღწევს ქმნილების მიზანს ანდა, სრულად ვერ აღწევს მას. მაგრამ განა შესაძლებელია მიზნის ასეთი მიუღწევლობა ყოვლისშემძლე ღვთის სიბრძნისათვის? მართალია, უფალმა მოუწოდა ყოფიერებისაკენ გონიერ და თავისუფალ არსებებს თავისთან მარადიული და ნეტარი ერთობისაკენ, მაგრამ თუ ღმერთი თავისუფალ არსებებს ქმნის, მაშინ ამ თავდაპირველ მიზანს იგი ქმნილებათა თავისუფლებაზე დამოკიდებულს ხდის. თავისუფლება შემოქმედის საჩუქარი და ქმნილებათა დიდი უპირატესობაა. მის გარეშე შეუძლებელია ქმნილებათა ზნეობრივი ნეტარი შეერთებაც ღმერთთან და მათი მის მიმართ სიყვარულიც, როგორც გულითადი და ძალდაუტანებელი მისწრაფება.
თავისუფალი ქმნილება თავისუფლად უნდა მიდიოდეს მისთვის მითითებული მიზნისაკენ, რაიმე გარეშე გაურკვეველი ძალდატანების გარეშე. მაშინ უფალი, რომელიც არ აკლებს თავის წყალობას, არასოდეს ატანს ძალას ქმნილებათა თავისუფლებას მხოლოდ თავისი ყოვლისშემძლეობით არც ძალდატანებით აცხოვნებს იგი ადამიანს. აქედან გამომდინარე, ღვთის ყოვლისშემძლეობა არ არის დამნაშავე იმაში, თუ თავისუფალი ქმნილება მისთვის დასახული მიზნისაკენ არ მიისწრაფის. ყოვლისშემძლეობას ყოველივე ძალუძს, მაგრამ არ არღვევს ღვთის ზნეობრივ მეუფებას, მთელ სამყაროს არ აქცევს მანქანად, რომელიც აუცილებლობის ძალით მოძრაობს, არ ართმევს არსებებს იმ უპირატესობას, რომელთა შედეგადაც მათ, ღირსი მარკოზ ეფესელის სიტყვისაებრ, მხოლოდ საკუთარი თავის მართვა კი არ ძალუძთ, არამედ ყოვლისშემძლე უფალთან მიმსგავსებაც; ეს უპირატესობა ისევე აუცილებელია გონებითა და სიტყვით დაჯილდოვებულ ქმნილებათავის, როგორც სუნთქვა ცხოველთათვის. „ნუთუ ყველა ქმნილებათაგან მხოლოდ ჩვენ ვიქნებით უმადურნი და გავკიცხავთ საკუთარ ბუნებას, – ასკვნის წმინდა მარკოზი, – რამეთუ ვუწყით და, გარკვეულწილად, თვითონ განვსაზღვრავთ საკუთარ მოვალეობებს? ეს იმის მსგავსი იქნებოდა, მთელი სამყაროს მეფედ დადგენილ ადამიანს პორფირი და გვირგვინი რომ მოეხსნა და უწესო და გარყვნილი ცხოვრება დაწყო, შემდეგ კი, როდესაც ამის გამო ტახტიდან ჩამოაგდებდნენ, საკუთარ თავზე კი არ ეწუწუნა, არამედ იმაზე, ვინც მას ძალაუფლება მიანიჭა".
ღვთის სიბრძნე მოითხოვს, რომ თავისუფალ ქმნილებას საკმარისი საშუალება ჰქონდეს მის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად. უდანაშაულო ადამიანს საკმაოდ ბევრი საშუალება ჰქონდა ბოძებული და კიდევ უფრო მეტი ნიჭი – ცოდვიდან აღმდგარ ადამიანს. წმინდა პეტრე მოციქული ბრძანებს, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ღვთაებრივი ძალით „საცხორებელად მოგვანიჭა ჩუენ მეცნიერებითა მისითა, რომელმან-იგი მიჩინნა ჩუენ თვისსა მას დიდებასა და სათნოებასა" (2 პეტრე 1,3). აქედან გამომდინარე, ყოვლისშემძლე უფალი როდია დამნაშავე იმაში, თუ თავისუფალი ქმნილება, რომელსაც ცხონებისა და ნეტარების ყველა საშუალება გააჩნია, კი არ ღებულობს ამ საშუალებებს, არამედ უარყოფს მათ (იხ. ებრ 10,29) და ამით უსპობს საკუთარ თავს ნეტარების საშუალებას. განა დამნაშავეა მამა, რომელმაც ყველა საშუალება უბოძა შვილს ცხოვრების კეთილმოწყობისათვის, მან კი მთელი ქონება მრუშობაში დახარჯა და სიღატაკეში ჩავარდა?
ამრიგად, გამძვინვარებულ ქმნილებათა მარადიული ტანჯვა სულაც არ ეწინააღმდეგება არც უფლის ყოვლისშემძლეობას, არც მის სიბრძნეს. ღმერთი თავისი ქმნილების მიზანს აღწევს იმ ზომით რის შესაძლებლობასაც ქმნილებათა თავისუფლება იძლევა; აქედან გამომდინარე, მას სრულად აღწევს, რადგან ღვთის გონებაში თავდაპირველად ეს მიზანი უპირობო როდი იყო, არამედ ქმნილებათა თავისუფლებით იყო განპირობებული.
ზოგიერთს მარადიული ტანჯვა ადამიანის გამოსყიდვის შემდეგ შეუძლებლად მიაჩნია. ისინი ამბობენ: „ნუთუ მაცხოვრის დამსახურება ღვთაებრივი მართლმსაჯულების წინაშე ვერ გადაფარავს ადამიანის ყველა შეცოდებას? ნუთუ ძე ღვთისას მიერ გამომსყიდველი მსხვერპლის გაღების შემდეგ ზოგიერთი ადამიანი მაინც გაიწირება მარადიული ტანჯვისათვის?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელი არ არის. მაცხოვრის მიერ ადამიანთა ხსნისათვის გაღებული მსხვერპლი მართლაც უსაზღვროდ აღემატება ყველა ადამიანურ ვალს ღვთის წინაშე. რაოდენ მძიმე და ურიცხვიც არ უნდა იყოს ადამიანთა ცოდვები, ისინი ქრისტეს გამომხსნელი ღვაწლის განუსაზღვრელ სისრულესთან შედარებით იგივეა, რაც ზღვაში წვეთი. „სადა-იგი განმრავლდა ცოდვაი, მუნ უფროისად გარდაემატა მადლი" (რომ. 5,20). მაგრამ მაცხოვრის მიერ ჩვენთვის მონიჭებული მადლი ადამიანის აუცილებლად და ძალით მაცხოვნებელი ძალა არ არის. მადლი ძალდატანებით არ მოქმედებს. ღირსი იოანე დამასკელი ბრძანებს: „ღმერთი არ აიძულებს ღვთისმოსაობას და არც ძალით გამოჰგლეჯს ადამიანს სიკვდილს".
მადლი ადამიანისაგან თავისუფალ თანხმობას, თანაგრძნობასა და დახმარებას ითხოვს. მისი გზა ადამიანმა ცხონების სურვილითა და ცოდვების სინანულით უნდა მოამზადოს, რწმენით მიიღოს, უკიდურეს შემთხვევაში, მისკენ მომავალს გულის კარი მაინც არ ჩაუკეტოს (გამოცხ. 3,20), მოსულს წინააღმდეგობა არ გაუწიოს, არ ჩააქროს და როცა უკვე მოვა, შეურაცხყოფა არ მიაყენოს (საქ. მოც. 7,51; 1 თეს. 5,19; ეფ. 4,30). როგორ მოიქცეს მადლი გამძვინვარებულ ცოდვილებთან, რომლებსაც არც რწმენა აქვთ, არც სინანული, მაგრამ ამაყად უარყოფენ მადლმოსილ საშუალებებს და კვლავ ჯვარს აცვამენ ძე ღვთისას, „რომელმან ძე ღმრთისაი დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქუმისაი არა-ღირსად შეჰრაცხოს, რომლითა განწმიდნა, და სული იგი მადლისაი აგინა?" (ებრ. 6,6; 10,29).
კაცთა მიერ ფეხქვეშ გათელილი მაცხოვრის სისხლი, მათ მიერვე უარყოფილი და შეურაცხყოფილი მისი მადლი ღვთს წინაშე იღაღადებს და მათ დანაშაულს გააღრმავებს. ამრიგად, მაცხოვრის ფასდაუდებელი დამსახურებაც კი ვერ აცხოვნებს გამძვინვარებულ ცოდვილებს; არა იმიტომ, რომ ქრისტეს გამომხსნელ ღვაწლს ამის ძალა არ აქვს, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ისინი ნებაყოფლობითი სიჯიუტით ართმვვენ საკუთარ თავს მაცხოვრის დამსახურებით მოპოვებულ და ბოძებულ ძღვენში მონაწილეობის შესაძლებლობას.
ზოგჯერ ცდილობენ, ტანჯვის მარადიულობის ურწმუნოება დააფუძნონ ღვთის მართლმსაჯულებაზე, მადლსა და ყოვლისმჭვრეტელობაზე. ისინი ამბობენ: „სამართლიანია, რომ მიწიერი ცხოვრების ხანმოკლე ცოდვების გამო ადამიანი დაისაჯოს მარადიული ტანჯვით?" მაგრამ: „ცოდვის ხანგრძლივობის გამო კი არ განისჯებიან, არამედ ცოდვის ბუნების გამო", – ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი. ამასთან ერთად, მარადიულ ტანჯვას მიეცემიან არა მხოლოდ მიწიერი ცხოვრების დროებითი ცოდვები, რომლებიც ღრმად აზიანებენ და ამძვინვარებენ სულს, არამედ გაცილებით უფრო ღრმად მოუნანიებელი გაბოროტება და შეურიგებელი სიძულვილი სიკეთისადმი; ასე რომ, მარადიული სატანჯველი თანმხლები მოვლენაა ქმნილების გამძვინვარებულისა და ცოდვაში დაუსრულებელი მყოფობისა.
ამბობენ: „ღმერთი მადლი და სიყვარულია. როგორ შევუთავსოთ ღვთის მადლს მარადიული ტანჯვა ქმნილებათა, რომლებიც მადლით ყოფიერებისათვის არიან მოწოდებულნი?" მართლაც, თვით უფალი მოწმობს, რომ მისი სიყვარული ადამიანისადმი უფრო ძლიერია, ვიდრე დედის სიყვარული თავისი ჩვილის მიმართ (იხ. ის. 49,15) ანდა მამის სიყვარული საკუთარი ძის მიმართ (იხ. მათე 7,9-10). ყოველივე ის, რაც ხორციელ მამას შეუძლია, გააკეთოს თავისი შვილის აღზრდისა და განათლებისათვის, სრულიად არაფერია იმ საშუალებებთან შედარებით, რომლებიც ღმერთმა გამოიყენა ადამიანის განბრძნობისა და ცხონებისათვის.
ყოველივე ამასთან ერთად, მოიძებნებიან არსებანი, რომლებიც უარყოფენ ამ მაცხოვნებელ და მადლმოსილ საშუალებებს, ჩაახშობენ საკუთარ თავში სიკეთის მარცვალს და სამუდამოდ დარჩებიან გამძვინვარებულ ბოროტებასა და ღვთის მტრობაში. ნუთუ ასეთ ქმნილებებზეც უნდა გადმოაფრქვიოს ღმერთმა თავისი მადლი და წყალობა? ხომ არ იქნებოდა ეს სიწმიდის მიცემა ძაღლებისათვის და მარგალიტის დაყრა ღორთათვის (რასაც უფალი მოციქულებს უკრძალავს)? (იხ. მათე 7,6). კიდევ შეიძლებოდა, რომ საღვთო მადლი გარდამოსულიყო ცოდვილებზე, რომლებიც ცოდვაში ვარდებიან ადამიანური უძლურებით, უნებლიედ; ცოდვილებზე, რომლებიც ინანიებენ თავიანთ ნებსით თე უნებლიე შეცოდებებს და შენდობასა და შეწყალებას ითხოვენ; მაგრამ მარადიული ტანჯვისათვის განისჯებიან შეუნანიებელი ცოდვილები, ღვთის მტრები, საღვთო მადლისა და წყალობის მოძულენი. რასაკვირველია, მათი დაღუპვა ღმერთზე როდია დამოკიდებული; ღვთის მადლი იხსნიდა, თუკი ისინი მოისურვებდნენ ცხონებას. საღვთო მადლი მისი ნების ისეთი თვისებაა, რომლითაც უფალი უცხადებს მადლის სისრულეს ყველა ქმნილებას, რამდენსაც ის დაიტევდა თავისი ბუნებით.
რა შეუძლია გააკეთოს საღვთო მადლმა ისეთ არსებებთან, რომლებმაც თვითონ მოუსპეს საკუთარ თავს სულიერი მადლის მიღების შესაძლობლობა და ამაყადაც უარყოფენ მას? მხოლოდ ღვთის მადლს ძალუძს, დაუტოვოს მათ არსებობა, რომელიც თვითონვე ამოავსეს უღონო გაბოროტებითა და ტანჯვით.
მაგრამ, – ამბობენ ისინი, – უფალმა უწყოდა ბედკრულ არსებათა ასეთი ხვედრი, მაშ, რატომღა შექმნა ისინი? განა უმჯობესი არ იქნებოდა, საერთოდ არ ყოფილიყვნენ, ვიდრე მარადიულ ტანჯვაში ეარსებათ? წარმოიდგინეთ, რომ მამას ათი ვაჟიშვილი ჰყავს. მათგან ცხრა გონიერი, ღვთისმოსავი, სრულიად ბედნიერია, მამას პატივით ემსახურება და საზოგადოებასაც ამშვენებს. მაგრამ მეათე შვილი დაღუპული და გამოუსწორებელია, ბიწიერი ცხოვრება დაიწყო, დანაშაულები ჩაიდინა და სამუდამოდ განიდევნა საზოგადოებიდან.
ამ საბრალოს დაღუპვის მიუხედავად, განა შეიძლება, ამ ცხრა გონიერი და ღვთისმოშიში შვილის მამას ბედნიერი ვუწოდოთ? რასაკვირველია, მამისთვის მწარეა ერთი შვილის დაკარგვაც კი, მაგრამ არაბუნებრივია იმის ფიქრი, რომ მამას არ უხაროდეს ცხრა შვილის ბედნიერება და სრულყოფილება, წუხდეს ერთის გამო და ნანობდეს, რომ იგი გააჩინა ამქვეყნად; წინასწარაც რომ სცოდნოდა თავისი ვაჟიშვილების ბედი, განა შეიძლებოდა, ერთი მათგანის გამო ცხრის გაჩენაზე უარი ეთქვა?
ეს მაგალითი გარკვეული მსგავსებაა შემოქმედის დამოკიდებულებისა ქმნილების მიმართ რასაკვირველია, ღმერთმა სამყაროს შექმნამდე უწყოდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ეშმაკთან და მის ანგელოზებთან ერთად მარადიულ სატანჯველში ჩავარდებოდნენ; მაგრამ უფალმა ისიც განჭვრიტა, რომ მრავალი ადამიანი სასუფევლის მარადიული ნეტარებით დატკბებოდა. თუკი ღვთის მიერ განჭვრეტილ გამძვინვარებულ ცოდვილთა დაღუპვას შეეძლებოდა შეჩერება შემოქმედებითი მადლისა, რომელსაც გონიერი ქმნილებების შექმნა სურდა, მაშ, ღვთის მიერვე განჭვრეტილ მართალთა და ცხონებულთა ნეტარებას რატომ არ შეეძლო წაექეზებინა იგი შექმნისაკენ? „ასეთ შემთხვევაში, – აღნიშნავს წმინდა იოანე დამასკელი, – ბოროტება ღვთის მადლზე გაიმარჯვებდა".
„უფალმა უწყოდა, – ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი, – რომ ადამი დაეცემოდა; მაგრამ ისიც იცოდა, რომ მისგან წარმოიშვებოდა აბელი, ენოსი, ენოქი, ნოე, ილია, წარმოდგებოდნენ წინასწარმეტყველნი, სამყაროს დამამშვენებელი საოცარი მოციქულები, ღმერთშემოსილი მოწამენი, რომელთაგანაც ღვთისმოსაობა გარდამოედინებოდა".
რაც შეეხება იმას, თითქოს გამძვინვარებულ ქმნილებათა მარადიული ტანჯვა ღვთის ქმნილებებს ლაქას სდებს, ყოველი კეთილგონიერი ადვილად დაეთანხმება იმ აზრს, რომ მარადიული ტანჯვა არანაირად არ ეწინაააღმდეგება არც ღვთაებრივ ყოვლისშემძლეობას, არც მის სიბრძნეს. მისმა სიბრძნემ ადამიანს ცხონების ყველა საშუალება მისცა; მისი ყოვლისშემძლეობა არ არღვევს ქმნილების თავისუფლებას, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ქმნილებების ზნეობრივი მეუფება და ნეტარება ღვთის სიყვარულთან კავშირში. გონიერთა და თავისუფალთაგან ვინ მოისურვებს, რომ ღმერთმა იგი არაცნობიერ მანქანად გადააქციოს?
ამბობენ, რომ მარადიული ტანჯვა, როგორც სასჯელი, რომლის მიზანიც დასჯილთა გამოსწორება არ არის, უმიზნო სისასტიკე და ღვთისთვის შეუფერებელი შურისძიებაა. მაგრამ რას იტყოდა ადამიანური მართლმსაჯულება, მის წინაშე ასეთი წარმოსახვა რომ წარმოედგინათ: საზოგადოებაში არსებობენ გამძვინვარებული და გამოუსწორებელი დამნაშავენი; მათ არანაირი სასჯელი არ გამოასწორებთ; მაშასადამე, მათზე დადებული სასჯელი უმიზნო და უშედეგო სიმკაცრეა? აქედან გამომდინარე, ასეთი ავაზაკები ყოველგვარი სასჯელის გარეშე უნდა გათავისუფლდნენ და მათ მოქმედების სრული თავისუფლება უნდა მიეცეთ? ადამიანური მართლმსაჯულება ეყრდნობა სიმართლის გარდაუვალ და ყველას მიერ აღიარებულ კანონებს და არა მხოლოდ წირავს ბოროტმოქმედს სამუდამო განდევნით ან პატიმრობით, არამედ ძალიან დიდი დანაშაულისათვის მისთვის სასიკვდილო განაჩენიც გამოაქვს. ამასთან, რასაკვირველია, დამნაშავის გამოსწორება მხედველობაში მიღებული არ არის.
სამართლიანობის კანონი მოითხოვს, რომ მისი დარღვევისათვის სანაცვლო მიეზღოს, დამოუკიდებლად სხვა მიზნებისა, როგორიცაა, მაგალითად, დასჯილის გამოსწორება, სხვების შეშინება და ა.შ. ეს მიზნები, შესაძლოა, არც კი იყოს; მაგრამ სასჯელის პირდაპირი მიზანი დანაშაულისთვის სანაცვლოს მიგებაა, რომელსაც მართლმსაჯულების კანონი მოითხოვს. თვითონ დამნაშავეც საკუთარ შემეცნებაში იღებს მისთვის დადებულ სასჯელს არა როგორც გამოსასწორებელ ღონისძიებას (თუმცა იგი შესაძლოა, ყოფილიყო ასეთი ზომა), არამედ როგორც კანონის დარღვევისათვის მიგებულ სანაცვლოს.
დაბოლოს, პავლე მოციქულის სიტყვებში ცდილობენ, იპოვონ ქადაგება ყველა ქმნილების დიდებისა და ნეტარების მდგომარეობაში საყოველთაო აღდგომის შესახებ. ღვთის დიდების სამეუფოს დასაწყისში, – ბრძანებს მოციქული, – „ყოვლად ყოველსა შინა" (1 კორ. 15,28). ხოლო სადაც ღმერთია, იქვეა სინათლე, ცხოვრება და ნეტარება. და მაინც ამბობენ: „სად იქნება გეენა, თუ ღმერთი ყველგან იქნება?" მაგრამ იმას, რომ მოციქული საყოველთაო აღდგომის მქადაგებელი არაა, იგი თვითონ მოწმობს, როდესაც ბრძანებს, რომ უკანასკნელ სამსჯავროზე „რომელთა-იგი არა იციან ღმერთი და რომელნი-იგი არა დაემორჩილებიან სახარებასა მას უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა, რომელთა იგი სასჯელი მიეხადოს, მომსრველი საუკუნოი, პირისაგან უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა" (2 თეს. 1,8-9).
საკუთარ თავს ხომ არ შეეწინააღმდეგება მოციქული? მართალია, სადაც ღმერთია, იქვეა სინათლე, ცხოვრება და ნეტარება, მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვისაც ამის სახილველი თვალი აქვთ (იხ. რომ. 11,8,10) და აქვთ წმინდა გული, რომელთაც ძალუძთ იცხოვრონ ღმერთში და დატკბნენ ღვთის ჭვრეტის ნეტარებით (იხ. მათე 5,8). ბუნებრივი ნათელი დაავადებულ თვალთათვის მძიმე და აუტანელია – იმდენად აუტანელია ღვთაებრივი ბრწყინვალება ცოდვით დამძიმებულ სულთათვის. წმინდა გულის მქონეთათვის ღმერთი მართლაც სინათლე და სიცოცხლეა, ცოდვით დაბინდულთათვის კი – „ღმერთი ჩუენი ცეცხლ განმლეველ არს" (ებრ 12,29). მაშინ, როდესაც პირველნი ღვთის ჭვრეტაში დაუსრულებელ ნეტარებას მიიღებენ, უკანასკნელთ ღვთის შესახებ მხოლოდ აზრიც კი საშინელებასა და თრთოლას მოჰგვრის (იაკ. 2,19).
„დაე, იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა, მაგრამ ამით ნეტარნი როდი იქნებიან ნეტარების ვერშემძლებელნი და უღირსნი. ბუნებრივი ნათელი განანთლებს ხილული სამყაროს ყველა საგანს, მაგრამ ამით გამჭვირვალე და ბრწყინვალე როდი ხდება ბნელი და შუქგაუმტარი სხეულები".
ასე რომ, ჯოჯოხეთური ტანჯვის მარადიულობის შესახებ სწავლება, გონიერი მსჯელობის თანახმად, არანაირად არ ეწინააღმდეგება არც საღვთო მადლს, არც მართლმსაჯულებას, არც სიბრძნეს, არც ყოვლისშემძლეობას, არც ყოვლისმჭვრეტელობას. უფლის სიტყვები: „წავიდენ ესენი (ცოდვილნი) სატანჯველსა საუკუნესა" (მათე 22,49) იმდენად ნათელი და განსაზღვრულია, რომ შეუძლებელია მათი რაიმე სახის განმარტება, გარდა ზედმიწევნითისა. ამიტომაც მართლმადიდებელ ეკლესიას ყოველთვის სწამდა და სწამს, რომ ცოდვილთა ტანჯვა მარადიული და დაუსრულებელი იქნება. 
                    თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა 
                                                             რედაქტორი: მღვდელი თეოდორე გიგნაძე                           
ნანახია: 1358 | დაამატა: leo_wien | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: